ბილიარდი


ბილიარდი (ფრანგ. Billar, Bille — ბურთი). სპორტული თამაში საგანგებო მაგიდაზე ძვლის ან პლასტმასის ბურთებით და გრძელი ჯოხებით (კიი). ბილიარდის წარმომავლობა დაზუსტებით არავინ იცის. “ანახარსის მოგზაურობის” მიხედვით, ძვ.წ. IV საუკუნეში საბერძნეთში უკვე თამაშობდნენ მსგავს თამაშს. II საუკუნეში ირლანდიის მეფე კატკირ ორის ასევე ჰქონია მსგავსი თავშესაქცევი. ბილიარდის სამშობლოდ ასახელებენ, აგრეთვე, ჩინეთსა და ეგვიპტეს, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ თანამედროვე ტიპის ბილიარდი გვიანი შუა საუკუნეების ევროპაში ჩამოყალიბდა. ბილიარდი იხსენიება დაახლოებით1440 წელს ინგლისურ ენაზე დაწერილ სარაინდო რომანში “იპომედონი”. ვარაუდობენ, რომ 1429 წელს ბილიარდის მაგიდა თითქოს უკვე არსებობდა საფრანგეთის მეფის, ლუი IX-ის სასახლეში. დოკუმენტურად კი დადასტურებულია, რომ საფრანგეთის მეფე ანრი III-ს 1574 წელს უბრძანებია თავისი ერთ-ერთ კარისკაცისთვის ბილიარდის მაგიდა შატო დე ბლოს ციხე-კოშკში გადაეტანა. შექსპირი ახსენებს ბილიარდს თავის “ანტონიუსსა და კლეოპატრაში”. XVI საუკუნის ბოლოს ბილიარდი ევროპის მონარქების კარზე უკვე კარგად იყო ცნობილი. ბილიარდის განაკუთრებულად დიდი მოყვარული ყოფილა საფრანგეთის მეფე ლუი XIV. ამ თამაშის აღწერა პირველად გამოიცა 1674 წელს (ავტორი _ ჩარლზ კოტონი). XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში ბილიარდმა საბოლოოდ მიიღო დღევანდელი სახე. ცნობილმა ფრანგმა ბილიარდისტმა, კაპიტანმა მინგომ კიის წვერი გაასწორა (მანამდე ის მოკაუჭებული ყოფილა და ბურთს გვერდიდან ურტყამდნენ) და ტყავი დააწება, რითაც ბილიარდის ისტორიაში რევოლუცია მოახდინა – მას შემდეგ თამაში გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი გახდა. პირველი ტურნირი ჩატარდა ინგლისში XIX საუკუნის დასაწყისში. 24 წლის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონი იყო ედუარდ კენტფილდი (1825-1849). ბილიარდი ამერიკის შეერთებულ შტატებში პოპულარული გახდა მას მერე, რაც მეექვსე პრეზიდენტმა ჯონ ქუინსი ადამსმა (1825-29) ბილიარდის მაგიდა თეთრ სახლში დადგა. 1885 წელს შეიქმნა ინგლისის ბილიარდის ასოციაცია. XX საუკუნეში დაფუძნდა ბილიარდის რამდენიმე საერთაშორისო ფედერაცია, რომლებიც 1992 წელს გაერთიანდნენ საბილიარდო სპორტის მსოფლიო კონფედერაციაში (WCBS).
ბილიარდის მაგიდა მზადდება კარგად გამომშრალი ხისგან. მისი ზომები საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება. მაგ: “პირამიდის” სათამაშოდ განკუთვნილი მაგიდის ზომაა 3,55 X 1,87 მ, სიმაღლე იატაკიდან სათამაშო სიბრტყემდე – 820 მმ. კუთხის ლუზების სიგანე შეადგენს 74 მმ-ს, შუა ლუზებისა – 83 მმ. ბურთულა სპილოს ძვლისაგან ან პლასტმასისაგან იჩარხება (ზომა ასევე საერთაშორისო სტანდარტებითაა განსაზღვრული). მისი დიამეტრია 68 მმ, წონა – 280-282 გრ. ბილიარდის ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობებია: კარამბოლი, სნუკერი, პირამიდა და პული.
საქართველოში ბილიარდი შედარებით გვიან შემოვიდა. პირველი მაგიდები ჭავჭავაძეებისა და დადიანების სასახლეებში იდგა. მოგვიანებით რუსეთის მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა ჩამოატანინა და ლიკანში თავის აგარაკზე დაადგმევინა ბილიარდის მაგიდა, რომელზეც დღესაც თამაშობენ. ჩვენში ეს თამაში ფართოდ გავრცელდა XX საუკუნის 40-50-იან წლებში. იმ დროისათვის მარტო თბილისში 11ბილიარდის კლუბი იყო. ასეთი კლუბები გაიხსნა თითქმის ყველა დიდ ქალაქებში (ბათუმი, ქობულეთი, სოხუმი, გაგრა, ქუთაისი, თელავი, გორი, ტყიბული და სხვა). ჩამოყალიბდა საქართველოს ოსტატ ბილიარდისტთა გუნდი. 1947 წელს ჩატარდა პირველი გუნდური შეჯიბრება ქართველ და მოსკოველ ოსტატებს შორის. 1964 წელს გაიმართა საქართველოს პირველობა, რომელშიც 15 სპორტსმენს შორის თბილისელმა გივი კობოსნიძემ გაიმარჯვა. დღეისათვის თბილისსა და ჩვენი ქვეყნის ხვა ქალაქებში ბილიარდის უამრავი კლუბია. საქართველოს ბილიარდის ფედერაციას ხელმძღვანელობს დავიტ ალექსიძე.

დატოვეთ კომენტარი