ბობსლეი


ბობსლეი (ინგლ.Bobsleigh). ციგაობის ნაირსახეობა, სწრაფდაშვება სამართავი ციგებით – 2- და 4-ადგილიანი ბობებით სპეციალურად მოწყობილ ტრასაზე, ყინულის ღარში.
მსოფლიოს ჩემპიონატები იმართება 1924 წლიდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1924-იდან – კაცები, 2002-იდან – ქალები.
ბობსლეის სამშობლოა შვეიცარია. 1888 წელს აქ ინგლისელმა ტურისტმა უილსონ სმიტმა ორი ციგა ფიცრით შეაერთა და ასეთი მარხილით იმოგზაურა სანქტ-მორიციდან ჩელერინამდე. XIX საუკუნის დამლევს სწორედ სანქტ-მორიცში ჩამოყალიბდა მსოფლიოში პირველი ბობსლეის სპორტული კლუბი, სადაც შემუშავდა შეჯიბრების ძირითადი წესები. თავდაპირველად ეკიპაჟი 3 კაცისა და 2 ქალისგან შედგებოდა, XX საუკუნის დამდეგიდან კი ოფიციალურ ტურნირებში მხოლოდ კაცები გამოდიოდნენ. პირველი სპორტული ბობი 1904 წელს დამზადდა, თუმცა მისი კონსტრუქცია და ტექნოლოგია იმ დროიდან არაერთხელ შეიცვალა (თანამედროვე მობილური და აეროდინამიკური ბობის სიჩქარე ტრასაზე დაშვებისას 100 კმ/სთ-ს აღწევს).
ბობსლეის მრავალი მიმდევარი გაუჩნდა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ხშირად იმართებოდა შეჯიბრებები, მათ შორის ეროვნული ჩემპიონატები. პირველი ჩემპიონატები მოეწყო ავსტრიასა (1908) და გერმანიაში (1910). შემდეგ ბობსლეი გავრცელდა ამერიკის კონტინენტზე – აშშ-სა და კანადაში. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მნიშვნელოვანი შეჯიბრებები იმართება ბობსლეისა და ტობოგანის საერთაშორისო ფედერაციის (FIBT, დაფუძნდა 1923 წელს) ეგიდით (ტობოგანი კანადელ ინდიელთა შორის გავრცელებული უთავკავო ხის მარხილია. ეს სახეობა საერთაშორისო შეჯიბრებათა პროგრამაში არ შედის, მაგრამ ფედერაციის ტრადიციულ სახელწოდებაში დღემდე შენარჩუნებულია). 4-ადგილიანი ბობებით ოლიმპიური შეჯიბრებები 1924 წლიდან ტარდება (1928 წელს ასპარეზობა 5-ადგილიანებით გაიმართა), 2-ადგილიანებით – 1932-იდან. 1960 წელს სკვო-ველიში (აშშ), სადაც ბობსლეის ტრასა არ იყო, ამ სახეობაში შეჯიბრება არ გამართულა. პირველ ოლიმპიურ ტურნირში 5 ქვეყნის 9 ეკიპაჟი მონაწილეობდა. გაიმარჯვა შვეიცარიელთა ოთხეულმა. 1924-72 წლებში შვეიცარიის ბობსლეისტებთან ერთად მედლებს უმთავრესად აშშ-ის, იტალიისა და გფრ-ის წარმომადგენლები ინაწილებდნენ. 1976-84 წლებში საუკეთესო იყო ყოფილი გდრ-ის ნაკრები. ამ გუნდის წევრებმა, მაინჰარდ ნემერმა და ბერნჰარდ ჰერმესჰაუზენმა 3-3 ოქროს და თითო ვერცხლის მედალი დაისაკუთრეს. ყველაზე მეტი – 7 ოლიმპიური ჯილდო მოპოვებული აქვს ბოგდან მუსოლს (1 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო), რომელიც 1984-88 წლებში გდრ-ის გუნდში გამოდიოდა, 1992 წელს კი – გაერთიანებული გერმანიის ნაკრებში. ამერიკელი ედუარდ იგანი ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. მან 1920 წელს მოკრივეთა ტურნირი მოიგო, 12 წლის შემდეგ კი ყველას აჯობა 4-ადგილიან ბობსლეიში. ბობსლეისტ ქალთა ოლიმპიური დებიუტი 2002 წელს მოეწყო სოლტ-ლეიკ-სიტიში. გაიმარჯვეს ამერიკელებმა – ჯილ ბაკენმა და ვონეტა ფლაუერსმა (2-ადგილიანი).

ბობსლეისა და ტობოგანის საერთაშორისო ფედერაცია (Fédération Internationale de Bobsleigh et de Tobogganing-FIBT) დაარსდა 1923 წლის 23 ნოემბერს პარიზში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი და შვეიცარია. აერთიანებს 60 ქვეყნის ფედერაციას.

შეჯიბრება ტარდება ხელოვნურად ნაგებ ტრასაზე – ყინულით დაფარულ ბეტონის ღარში, რომლის სიგრძეც 1200-1300 მეტრია, აქედან 1200 მ აუცილებლად დაღმართია, ბოლო 100 მ კი შეიძლება შეიცავდეს აღმართს (გაქანებული ბობის თანდათანობით გასაჩერებლად), რომლის დახრილობა 12 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ტრასის საერთო დახრილობაა 8-15 გრადუსი, მოსახვევების რაოდენობა – 14 მაინც. მოსახვევის რადიუსი არ უნდა აღემატებოდეს 18 მეტრს. ტრასებს აგებენ ბუნებრივ გორაკებზე, როგორც წესი, ჩრდილოეთის ფერდობზე. ყინულს საგანგებო სამაცივრო დანადგარებით ქმნიან – მისი სისქე 19 მმ მაინც უნდა იყოს. ასპარეზობენ ბობით, მთლიანლითონის სპეციალური ციგით, რომლის ძირითადი ნაწილებია: 4 ციგურა, აეროდინამიკური ფორმის კორპუსი, მართვის სისტემა, სამუხრუჭო სისტემა. ბობი შეიძლება იყოს 2-ადგილიანი და 4-ადგილიანი. სპორტსმენებისთვის სავალდებულოა სარბიელზე დამცავი სათვალით, მუზარადითა და ხელთათმანებით გამოსვლა. შეჯიბრებაში მონაწილეობენ როგორც კაცები (2- ადგილიანით და 4- ადგილიანით), ისე ქალები (2-ადგილიანით). კაცთა შეჯიბრებებში 2-ადგილიანი ბობის მაქსიმალური წონაა (ეკიპაჟის ჩათვლით) 390 კგ, სიგრძე – 2, 70 მ, 4-ადგილიანისა (შესაბამისად) – 630 კგ და 3,80 მ. ქალების ბობის მაქსიმალური წონაა 340 კგ. შეჯიბრებისას მაქსიმალური წონის მისაღწევად ნებადართულია ბალასტის გამოყენება, რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს დამაგრებული ციგაში. ტრასას აქვს სასტარტო ბლოკი (ხის სექცია, სადაც ბობი დგას) და სასტარტო ზონა. სტარტერის ხმოვან სიგნალზე, როდესაც წითელი სინათლე ქრება და მწვანე ინთება, ეკიპაჟი ვალდებულია ერთი წუთის განმავლობაში გამოიყვანოს ბობი ტრასაზე, ხელით გააქანოს პირველ 15 მეტრზე და შემდეგ შიგ მოთავსდეს. ეკიპაჟი, რომელიც დროში ვერ ჩაეტევა, დისკვალიფიკაციით ისჯება. ტრასაზე განვითარებული სიჩქარე 150 კმ/სთ-ს აღწევს. გუნდმა ტრასა ოთხჯერ უნდა გაიაროს. იმარჯვებს ის, ვინც ჯამში საუკეთესო დროს აჩვენებს.

დატოვეთ კომენტარი