ესებუა ნესტორ


ესებუა ნესტორ. 1864, სორტა, სენაკი _ 1931, იქვე. ჭიდაობა. ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი. გამოირჩეოდა სისწრაფით, ღონით, მოქნილობით. იშვიათი ოსტატობით ასრულებდა კისრულს, ჩოქელას, შუა სარმას, გარეკაურსა და სხვა ილეთებს. სხვადასხვა დროს დამარცხებული ჰყავს საქართველოსა და უცხოეთის არაერთი სახელოვანი მოჭიდავე, მათ შორის _ კულა გლდანელი, კლემენს ბული, გეორგ ლურიხი, ივან პოდდუბნი, სარი სულეიმანი, ყაზბეგ გარა, ემილ ფორი და სხვები. წარმატებით გამოვიდა პეტერბურგის, თეირანის, სტამბოლისა და ბრიუსელის დიდ ტურნირებში. პერსონალურად იყო მიწვეული პარიზის საერთაშორისო გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრებაში, რომელშიც მსოფლიოს 300-მდე საუკეთესო მოჭიდავე მონაწილეობდა. დაამარცხა 10 მეტოქე, რისთვისაც ჯილდოდ გადასცეს 1000 ფრანკი და ოქროს ჟეტონი. ქართული ჭიდაობის ისტორიაში განსაკუთრებულ მოვლენად იქცა ნესტორ ესებუასა და მანამდე უძლეველი ფალავნის, კულა გლდანელის მეტოქეობა. 1880-იან წლებში ეს მოჭიდავეები არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს (დაუზუსტებელი ცნობით _ ხუთჯერ). საბოლოო გამარჯვებულად ესებუა გამოცხადდა. ფართოდ გახმაურდა 1886 წლის 1 აგვისტოს თბილისში _ , ”იტალიელების ბაღში” გამართული ორთაბრძოლა, რომელსაც აკაკი წერეთელმა მესტვირული ლექსი (”ჭიდაობა”) უძღვნა, გაზეთი ”დროება” კი წერდა: ”ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს მოწინააღმდეგეებმა. შეტაკებაში პირველმა გლდანელმა წააქცია ესებუა, მან ისე რიხიანად დაატრიალა ის, რომ ყველას ეგონა, მიწიდან მოწყვეტს და ჰაერში აისვრისო, მაგრამ ახალგაზრდა მოჭიდავე გამაგრდა და საპასუხოდ დასცა მოწინააღმდეგე პირქვე, მაგრამ კულა მალე წამოხტა ფეხზე, მივარდა ესებუას გამხეცებული და კისრულით დასცა მიწაზე, მხოლოდ ერთი მხარით. ესებუას დამარცხება ვერც ამჯერად შესძლო გლდანელმა, ისინი ორივენი წამოდგნენ ფეხზე და განაგრძეს ჭიდაობა. კულამ მეორედ გადმოიტანა კისრულზე ნესტორი უფრო უკეთესად, ვიდრე პირველად, მაგრამ მაინც ვერ შესძლო მისი საბოლოოდ დამარცხება. ისინი ხელმეორედ წამოდგნენ ორივენი ფეხზე და მესამედ შეეჯახნენ ერთმანეთს. ახლა კი გაცეცხლებული მეგრელი ვეფხვივით მივარდა კულას და დასცა ბეჭებზე, რითაც მოიპოვა საბოლოო გამარჯვება”.

3 კომენტარი სტატიაზე: ესებუა ნესტორ

  1. ალექსანდრე კვარაცხელია says:

    მე ვამაყოფ ჩემი დიდი ბაბუით! ის მამაჩემის ბაბუა (დედის მამა ) იყო! და მის ეზო -კარის პატრონი და მისი სასაფლაოს მოვლელი რომ ვარ ! ეს დიდი პატივია ჩემტვის !

  2. bachi says:

    saqartvels sauketeso mchidave yavda chveni gvari amayobs magit me vamayob rom aseti didi babua myavda

  3. zurab amiridze says:

    nestor esebua iyo babuachemis babua da babuachemi iyo aleqsandre chyonia da mec vamayob

დატოვეთ კომენტარი