კალათბურთის ეროვნული ასოციაცია


კალათბურთის ეროვნული ასოციაცია. ჩრდილოამერიკული კალათბურთის ლიგა _ ნბა (NBA-National Basketball Association). დაარსდა 1946 წლის ზაფხულში ბაა-ს სახელწოდებით (ამერიკის კალათბურთის ასოციაცია) 10 ამერიკული და კანადური კლუბის ინიციატივით, რომელთაგან ლიგას შემორჩნენ ”ბოსტონ სელტიქსი”, ”ნიუ იორკ ნიკერბოკერსი” და ”გოლდენ სტეიტ ვორიორზი” (თავდაპირველი სახელი _ ”ფილადელფია ვორიორზი”). პირველი მატჩი გაიმართა 1946 წლის 1 ნოემბერს _ კანადის გუნდმა ”ტორონტო ჰასკიზმა” უმასპინძლა ”ნიუ იორკ ნიკერბოკერსს” და დამარცხდა 66: 68. ბაა-ს პირველი ჩემპიონი გახდა ”ფილადელფია ვორიორზი”, რომელმაც 5-მატჩიან ფინალურ სერიაში 4:1 მოუგო ”ჩიკაგო სტეგზს”.
1949 წელს, ბაა-მ სხვა ლიგათა რამდენიმე კლუბი შეიერთა, ნბა-დ გარდაიქმნა და მოკლე დროში აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ-პროფესიონალურ ლიგად იქცა. 1950 წელს ნბა-ში გამოჩნდნენ პირველი შავკანიანი კალათბურთელები, რომელთაგან გამოირჩეოდნენ ნათ კლიფტონი (”ნიუ იორკი”), ჩაკ კუპერი (”ბოსტონი”), ერლ ლოიდი (”ვაშინგტონი”), 1956 წელს ”ბოსტონ სელტიქსში” ჩარიცხული ბილ რასელი კი მალე გუნდის ლიდერად იქცა. მან ამ კლუბში 13 სეზონი ითამაშა და 11-ჯერ მოაგებინა პლეი ოფი. 60-იან წლებში რასელისა და მეორე შავკანიანი ვარსკვლავის უილტონ ჩემბერლენის სპორტულმა დაპირისპირებამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ნბა-ს პოპულარობა.
70-იან წლებში აბა-ს (American Basketball Asociation) სახით ნბა-ს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა, მაგრამ აბა-მ მხოლოდ 9 წელი იარსება და 1976 წელს დაიშალა. ამ ლიგის 4 გუნდი (“ინდიანა პეისერზი”, “სან ანტონიო სფურზი”, “ნიუ იორკ ნეთსი” და “დენვერ ნაგიტსი”) კი ნბა-ში გაწევრიანდა. 80-90-იანი წლების გამოჩენილმა კალათბურთელებმა ჯულიუს ირვინგმა, ლარი ბერდმა, მეჯიქ ჯონსონმა და სხვებმა ნბა-ს მსოფლიო სახელი მოუტანეს, განუმეორებელი მაიკლ ჯორდანის ეპოქაში კი ნბა პლანეტის უმდიდრეს სპორტულ ლიგად იქცა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ნბა-ს კომისარს დევიდ შტერნს, რომელიც ლიგას სათავეში ჩაუდგა 1985 წელს. შტერნმა საფუძვლიანად შეცვალა ნბა-ს მმართველი და ფინანსური სტრუქტურები, სრულყო ჩემპიონატის სისტემა და დრაფტის (ახალაგაზრდა კალათბურთელთა განაწილება ნბა-ს გუნდებში) მექანიზმი, ხელი შეუწყო ახალი კლუბების შექმნას და პროფესიონალური კალათბურთი უმძლავრეს ფინანსურ ინდუსტრიად აქცია.
1995 წელს ნბა-ს შეემატნენ ახალშექმნილი კანადური გუნდები _ “ტორონტო რეპტორზი” და “ვანკუვერ გრიზლიზი” (2001 წლიდან ამერიკის ქალაქ მემფისის სახელით გამოდის), 2004 წლიდან კი ნბა-ს რეგულარულ ჩემპიონატში ჩაება “შარლოტ ბობქეთსი”.
ნბა 30 კლუბს აერთიანებს, იყოფა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კონფერენციად. თითოეულ კონფერენციაში 3-3 დივიზიონია. სეზონი იწყება ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის პირველ რიცხვებში და მთავრდება შუა ივნისში. სეზონის ძირითადი ნაწილი რეგულარულად ჩემპიონატს ეთმობა და თითოეულ გუნდს 82-82 მატჩის თამაში უწევს: თანაკონფერენციელებთან _ მეტის, სხვებთან _ ნაკლების. რეგულარული ჩემპიონატის შედეგებით გამოვლენილი 8-8 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს ოლიმპიური, ანუ პლეი ოფის სისტემით. პლეი ოფში გასული გუნდები მხოლოდ თანაკონფერენციელებს ეთამაშებიან _ ამ შეხვედრებში ვლინდება კონფერენციის ჩემპიონი. ბოლოს კონფერენციათა ჩემპიონები ნბა-ს ჩემპიონის ტიტულისთვის მთავარ ფინალში ხვდებიან ერთმანეთს. პლეი ოფის სერიები 4 მოგებამდე გრძელდება.

ნბა-ს ყველა ფინალი
1947 ფილადელფია უორიორზი _ ჩიკაგო სტეგზი 4:1
1948 ბალტიმორ ბულიტსი _ ფილადელფია უორიორზი 4:2
1949 მინეაპოლის ლეიკერსი _ ვაშინგტონ ქეპიტოლზი 4:2
1950 მინეაპოლის ლეიკერსი _ სირაკუზ ნეშნალზი 4:2
1951 როჩესტერ როიალზი _ ნიუ იორკ ნიქსი 4:3
1952 მინეაპოლის ლეიკერსი _ ნიუ იორკ ნიქსი 4:3
1953 მინეაპოლის ლეიკერსი _ ნიუ იორკ ნიქსი 4:1
1954 მინეაპოლის ლეიკერსი _ სირაკუზ ნეშნალზი 4:3
1955 სირაკუზ ნეშნალზი _ ფორტ უეინ პისტონსი 4:3
1956 ფილადელფია უორიორზი _ ფორტ უეინ პისტონსი 4:1
1957 ბოსტონ სელტიქსი _ სენტ ლუის ჰოუქსი 4:3
1958 სენტ ლუის ჰოუქსი _ ბოსტონ სელტიქსი 4:2
1959 ბოსტონ სელტიქსი _ მინეაპოლის ლეიკერსი 4:0
1960 ბოსტონ სელტიქსი _ სენტ ლუის ჰოუქსი 4:3
1961 ბოსტონ სელტიქსი _ სენტ ლუის ჰოუქსი 4:1
1962 ბოსტონ სელტიქსი _ ლოს ანჯელეს ლეიკერსი 4:3
1963 ბოსტონ სელტიქსი _ ლოს ანჯელეს ლეიკერსი 4:2
1964 ბოსტონ სელტიქსი _ სან ფრანცისკო უორიორზი 4:1
1965 ბოსტონ სელტიქსი _ ლოს ანჯელეს ლეიკერსი 4:1
1966 ბოსტონ სელტიქსი _ ლოს ანჯელეს ლეიკერსი 4:3
1967 ფილადელფია 76 _ სან ფრანცისკო უორიორზი 4:2
1968 ბოსტონ სელტიქსი _ ლოს ანჯელეს ლეიკერსი 4:2
1969 ბოსტონ სელტიქსი _ ლოს ანჯელეს ლეიკერსი 4:3
1970 ნიუ იორკ ნიქსი _ ლოს ანჯელეს ლეიკერსი 4:3
1971 მილუოკი ბაქსი _ ბალტიმორ ბულიტრი 4:0
1972 ლოს ანჯელეს ლეიკერსი _ ნიუ იორკ ნიქსი 4:1
1973 ნიუ იორკ ნიქსი _ ლოს ანჯელეს ლეიკერსი 4:1
1974 ბოსტონ სელტიქსი _ მილუოკი ბაქსი 4:3
1975 გოლდენ სტეით უორიორზი _ ვაშინგტონ ბულიქსი 4:0
1976 ბოსტონ სელტიქსი _ ფინიქს სანსი 4:2
1977 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი _ ფილადელფია 76 4:2
1978 ვაშინგტონ ბულიტსი _ სიეტლ სუპერ სონიქსი 4:3
1979 სიეტლ სუპერ სონიქსი _ ვაშინგტონ ბულიქსი 4:1
1980 ლოს ანჯელეს ლეიკერსი _ ფილადელფია 4:2
1981 ბოსტონ სელტიქსი _ ჰიუსტონ როკიტსი 4:2
1982 ლოს ანჯელეს ლეიკერსი _ ფილადელფია 76 4:2
1983 ფილადელფია 76 _ ლოს ანჯელეს ლეიკერსი 4:0
1984 ბოსტონ სელტიქსი _ ლოს ანჯელეს ლეიკერსი 4:3
1985 ლოს ანჯელეს ლეიკერსი _ ბოსტონ სელტიქსი 4:2
1986 ბოსტონ სელტიქსი _ ჰიუსტონ როკიტსი 4:2
1987 ლოს ანჯელეს ლეიკერსი _ ბოსტონ სელტიქსი 4:2
1988 ლოს ანჯელეს ლეიკერსი _ დეტროიდ პისტონზი 4:3
1989 დეტროიტ პისტონზი _ ლოს ანჯელეს ლეიკერსი 4:0
1990 დეტროიტ პისტონზი _ პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 4:1
1991 ჩიკაგო ბულზი _ ლოს ანჯელეს ლეიკერზი 4:1
1992 ჩიკაგო ბულზი _ პორტლენდ ტრეი ბლეიზერსი 4:2
1993 ჩიკაგო ბულზი _ ფინიქს სანსი 4:2
1994 ჰიუსტონ როკიტსი _ ნიუ იორკ ნიქსი 4:3
1995 ჰიუსტონ როკიტსი _ ორლანდო მეჯიქი 4:0
1996 ჩიკაგო ბულზი _ სიეტლ სუპერსონიქსი 4:2
1997 ჩიკაგო ბულზი _ იუტა ჯაზი 4:2
1998 ჩიკაგო ბულზი _ იუტა ჯაზი 4:2
1999 სან ანტონიო სფურზი _ ნიუ იორკ ნიქსი 4:1
2000 ლოს ანჯელეს ლეიკერსი _ ინდიანა პეისერსი 4:2
2001 ლოს ანჯელეს ლეიკერსი _ ფილადელფია 76 4:1
2002 ლოს ანჯელეს ლეიკერსი _ ნიუ ჯერზი ნეთსი 4:0
2003 სან ანტონიო სფურზი _ ნიუ ჯერზი ნეთსი 4:2
2004 დეტროიტ პისტონზი _ ლოს ანჯელეს ლეიკერსი 4:1
2005 სან ანტონიო სპურზი _ დეტროიტ პისტონზი 4:3

დატოვეთ კომენტარი