კინოლოგია სპორტული


კინოლოგია სპორტული. გაწვრთნილი ძაღლების შეჯიბრება (ზაფხულისა და ზამთრის მრავალჭიდი, აჯილიტი, ფრისტაილი) მფლობელთა თანხლებით. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 2000 წელს, როცა შეიქმნა კინოლოგიური სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (IFCS) _ სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული სპორტული კინოლოგიური ორგანიზაციების კავშირი. ფედერაცია მართავს ტურნირებს კინოლოგიური სპორტის სხვადახვა სახეობაში. 2002 წელს მოეწყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი აჯილიტიში (ინგლისური სიტყვიდან agility _ სისწრაფე, მოქნილობა, მოხერხებულობა). ეს სახეობა, რომელიც ინგლისში იშვა XX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს, განსაკუთრებით პოპულარულია _ ძაღლმა წინააღმდეგობების ზოლი უნდა გადალახოს პატრონის თანხლებით, რომელიც მას მხოლოდ და მხოლოდ სიტყვითა და ჟესტებით ხელმძღვანელობს. საერთაშორისო ფედერაციის მიზანია სპორტული კინოლოგიის გადაქცევა ოლიმპიურ სახეობად.
საქართველოში სპორტული კინოლოგიის ისტორია იწყება 1927 წლიდან, როდესაც დოსააფი დაფუძნდა. მაშინ მისი მიზანი იყო წვევამდელის მომზადება ჯარისთვის ძაღლთან ერთად. იმ პერიოდიდან თბილისში მოქმედებს კინოლოგიური კლუბი. საქართველოს ნაკრები რეგულარულად მონაწილეობდა სსრკ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში. შეჯიბრებები ტარდებოდა სამჭიდში: 1. 100 მ სირბილი ძაღლთან ერთად; 2. 300 მ წინაღობების გადალახვა; 3. სროლა და დამნაშავის დაკავება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში შემუშავდა სპორტულ-სამომსახურეო კინოლოგიური მრავალჭიდის ორიგინალური დებულება, 2001 წელს შეიქმნა საქართველოს პროფესიონალთა და მოყვარულთა სპორტულ- სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირი (თავმჯდომარე _ მიხეილ მოდებაძე), რომელიც ატარებს საქართველოს ჩემპიონატს (ყოველი წლის გაზაფხულზე) და საქართველოს თასის გათამაშებას (ყოველი წლის შემოდგომაზე). შეჯიბრება სამოსამსახურეო-კინოლოგიურ მრავალჭიდში ორ ტურად იმართება (შესარჩევი და ფინალური). შეიძლება ნებისმიერი ჯიშის ძაღლის გამოყვანა. შესარჩევ ტურში ბარდება გამოცდები წვრთნის საერთო კურსში (აუცილებელი პროგრამა), რაც გულისხმობს ძირითადი ბრძანებების შესრულებას (სიარული “გვერდით”, “დაჯექი”, “მოდი ჩემთან” და ა.შ., წინააღმდეგობების გადალახვა); დამნაშავის დაკავებაში და საკუთარი ნივთის მოძებნაში. ფინალში გადის 10 საუკეთესო მონაწილე. ფინალური შეჯიბრება იმართება შემდეგი პროგრამით: ბრძანებების შესრულების კურსი; აჯილიტი; სიმაღლეზე ხტომა; საკუთარი ნივთის მოძებნა; პატრონის დაცვა და ორი თავდამსხმელის დაკავება.
2004 წელს საქართველო კინოლოგიური სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ნამდვილი წევრი გახდა.

1 კომენტარი სტატიაზე: კინოლოგია სპორტული

  1. გიორგი says:

    თქვენ თუ წვრთნით ძაღლებს პიროვნნებისა და საკუთრების დაცვის მიმართულებით და თუ წვრთნით სად და ვის შეიძლებ ადავუკავშირდე ?

დატოვეთ კომენტარი