მაკ კინლი


მაკ კინლი. ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალი (6194 მ). მდებარეობს ალასკაზე, კორდილიერების მთებში. მაკ კინლი დედამიწის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ორთავა ექვსიათასიანი პიკია , გამოირჩევა ძალზე მკაცრი კლიმატური პირობებით. ადგილობრივი მკვიდრნი_ინდიელები და ალუეტები_მას დენალსა ( “გოლიათი”) და ტრადეიკას (“მზის საუფლო”) უწოდებენ. 1896 წელს ამერიკელმა ოქროს მაძიებელმა უილიამ დიკიმ აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, უილიამ მაკ-კინლის პატივსაცემად მწვერვალს მისი სახელი უწოდა. ერთი წლის შემდეგ მაკ-კინლი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა და მისი სახელი ამ მწვერვალს საბოლოოდ შერჩა. მაკ კინლის ჩრდილოეთი მწვერვალი პირველად 1910 წელს დალაშქრეს. პირველამსვლელები იყვნენ ოქროსმაძიებლები: ჩარლ მაკგონელი, პეტერ ანდერსონი, უილიამ ტეილორი და ტომ ლოიდი, რომლებსაც ეს მწვერვალი უმაღლესი ეგონათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი სამხრეთის მწვერვალზე 257 მეტრით ნაკლები სიმაღლისა იყო. მაკ კინლის სამხრეთი, ანუ უმაღლესი მწვერვალი პირველად 1923 წლის 7 ივნისს დალაშქრეს ღვთისმსახურებმა_ჰადსონ შტუკმა და ვალტერ ჰარპერმა, ოქროსმაძიებლებმა_რობერტ ტატუმმა და ჰენრი კარსტენსმა.
საქართველოს მთამსვლელთაგან მაკ კინლიზე პირველი ავიდა თბილისელი გია თორთლაძე. ეს მოხდა 1996 წლის 22 მაისს, როცა მან რუსეთის რვა მთამსვლელთან ერთად კლასიკური მარშრუტით დალაშქრა მწვერვალი.
1998 წელს მაკ კინლიზე ავიდნენ საქართველოს მთამსვლელთა ექსპედიციის წევრები: ბიძინა გუჯაბიძე, ლევონ სარქისოვი და ბენო ქაშაკიშვილი, 2005 წელს _ თამაზ შარაშენიძე და ავთანდილ ცინცაძე.

დატოვეთ კომენტარი