მძლეოსნობა


მძლეოსნობა. სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, პოპულარული და გავრცელებული სახეობა. მოიცავს სხვადასხვა დისტანციაზე რბენას და სპორტულ სიარულს, ხტომას, ტყორცნას, მძლეოსნურ მრავალჭიდს.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1934 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1983-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1896-იდან _ კაცები, 1928-იდან _ ქალები.
მძლეოსნობა კაცობრიობის ისტორიის ადრეულ პერიოდში ჩაისახა. უძველესი ცნობა მორბენალთა შეჯიბრების შესახებ ძვ.წ. 3800 წლით თარიღდება (ეგვიპტე, მემფისი). ძველ ინდურ იარაღთა წიგნში (ძვ.წ. 1400) დაწვრილებით არის აღწერილი სამხედრო ვარჯიშები, მათ შორის რბენა და ხტომა. სავარაუდებელია, რომ უკვე ძვ.წ. პირველ ათასწლეულში მძლეოსნობა (რბენა, ხტომა, ტყორცნა) ყველა კონტინენტზე იყო გავრცელებული და მრავალი მიმდევარიც ჰყავდა. ჰომეროსის “ილიადაში” ვრცლად არის აღწერილი ტროის ბრძოლების გმირების_აქილევსის, აიაქსის, ოდისევსის შეჯიბრება რბენასა და შუბის ტყორცნაში. მძლეოსნობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საბერძნეთს. ანტიკური ოლიმპიური და დელფური თამაშების საფუძველს თანამედროვე მძლეოსნური სახეობები შეადგენდა. ძველბერძნული ოლიმპიადის პირველი ჩემპიონი (გვარად კოროიბოსი) მორბენალი იყო. ეგეოსის ზღვის ერთ-ერთი კუნძულის მიუვალ კლდეზე ნაპოვნია წარწერა: ”თუ გსურს ძლიერი იყო _ ირბინე; თუ გსურს ლამაზი იყო _ ირბინე; თუ გსურს ჭკვიანი იყო _ ირბინე”. საბერძნეთში აღმოჩენილ უძველეს ვაზებზე, ამფორებსა და მედალიონებზე აღბეჭდილია მძლეოსანთა _ მორბენალთა, მხტომელთა, მტყორცნელთა შეჯიბრებების ამსახველი სურათები.
თითოეულ მძლეოსნურ დისციპლინას თავისი ისტორია აქვს.
რბენა ბუნებრივი და ეფექტიანი ფიზიკური ვარჯიშია, განსაკუთრებით ავითარებს გამძლეობას და სისწრაფეს. პირველი ანტიკური თამაშების პროგრამაში შედიოდა რბენა 1 სტადიაზე (192, 27 მ). მოგვიანებით უფრო გრძელი დისტანციებიც შემოიღეს, მათ შორის რბენა 24 სტადიაზე. საშუალო და გრძელ მანძილებზე რბენა თანამედროვე სახით ინგლისში ჩამოყალიბდა. უკვე XVIII საუკუნიდან აქ გამოჩნდნენ პროფესიონალი მორბენლები, რომლებიც 100 მილამდე მანძილს ფარავდნენ. XIX საუკინის მიწურულს მაღალი შედეგებით გამოირჩეოდნენ აგრეთვე აშშ-ისა და გერმანიის წარმომადგენლები, მოგვიანებით _ ყოფილი სოცქვეყნებისა და აფრიკის მორბენლები, ავსტრალიელები და ახალზელანდიელები.
თარჯრბენი და წინაღობებით რბენა XIX საუკუნიდან გავრცელდა. I ოლიმპიური თამაშების პროგრამაში (1896) შედიოდა 110 მ თარჯრბენიც, მომდევნო ოლიმპიადებზე _ 110, 200 და 400 მ. ამას წინ უძღოდა 1850 წელს ინგლისში გამართული პირველი შეჯიბრებები ბუნებრივი წინაღობის გამოყენებით, რომელიც ხელოვნურმა ღობემ შეცვალა. 1864 წლიდან შემოიღეს 106 სმ-ის სიმაღლის თარჯები, დისტანცია 120 და 220 იარდი. 1888 წელს საფრანგეთში თარჯმორბენლებმა პირველად იასპარეზეს 400 მ-ზე. მოგვიანებით ქალებისთვის შემოიღეს 80-მეტრიანი დისტანცია. წინაღობებით რბენის წინამორბედია მძლეოსნური კროსი, რომელიც თავდაპირველად ინგლისში გავრცელდა. 1837 წელს სწორედ იქ, ქალაქ რაგბიში მოეწყო პირველი შეჯიბრება 2 კმ-ზე წინაღობებით რბენაში და ეს თარიღი მიჩნეულია თანამედროვე მძლეოსნობის დასაბამად. ნიშანდობლივია, რომ 1864 წელს ინგლისშივე გაიმართა მძლეოსნობის ისტორიაში პირველი სამატჩო შეხვედრა (კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების გუნდებს შორის), ლონდონში კი შეიქმნა პირველი მძლეოსნური კლუბი (1865).
ასევე ინგლისში გავრცელდა პირველად სპორტული სიარული. 1867 წელს აქ ქვეყნის პირველი ჩემპიონატი გაიმართა, მაგრამ მაშინდელი წესები საგრძნობლად განსხვავდებოდა დღევანდელისგან. სპორტულ სიარულს მიმდევრები გამოუჩნდნენ სკანდინავიის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. XIX საუკუნის 70-იან წლებში განსაკუთრებით გაითქვა სახელი ამერიკელმა დ. უესტონმა, რომელმაც 26 დღეში 2413 კმ გაიარა (დღეში საშუალოდ 93 კმ).
სიგრძეზე ხტომა უძველესი მძლეოსნური დისციპლინაა და ჯერ კიდევ ანტიკურ პენტატლონში (ხუთჭიდი) შედიოდა. არეკნისთვის ძელებს იყენებდნენ. მხტომელს ხელში ეჭირა რკინის ან ქვის ჰანტელი. სპორტსმენის ზურგზე დაცემის შემთხვევაში მისი შედეგი უქმდებოდა. XIX საუკუნეში ბრიტანელმა და ამერიკელმა სპორტსმენებმა სიგრძეზე ხტომის ახალი ხერხი შეიმუშავეს, დაიხვეწა გამორბენის, არეკნისა და ფრენის ტექნიკა. ინგლისელმა პოტერ კონორმა შემოიღო კლასიკური გამორბენი და 1901 წელს დაამყარა მსოფლიოს რეკორდი (7,61 მ), რომელმაც 20 წელიწადს გაძლო. 1935 წელს 8-მეტრიანი ზღვარი პირველმა გადალახა ლეგენდარულმა ჯესი ოუენსმა (აშშ) _ 8,13 მ, მისი თანამემამულის, ბობი ბიმონის 1968 წლის ფენომენალური შედეგი კი (8,90 მ) XXI საუკუნის ნახტომად მოინათლა.
ჩვენამდე მოღწეული ნახატები მოწმობენ, რომ სამხტომი გავრცელებული ყოფილა შუა საუკუნეების ევროპაში. 1465 წელს ციურიხში გამართულ დღესასწაულზე სამხტომში გამარჯვებული გულდენით დაუსაჩუქრებიათ. XVII საუკუნეში სამხტომი პოპულარული იყო ირლანდიაში. სამივე ნახტომი ერთი ფეხით სრულდებოდა, საუკეთესო შედეგი კი 15 მ აღწევდა. I ოლიმპიური თამაშების პროგრამაში 12 მძლეოსნურ დისციპლინას შორის სამხტომიც შეიტანეს. გაიმარჯვა ამერიკელმა ჯეიმს კონოლიმ (13,71 მ), რომელმაც თანამედროვე ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
თანამედროვე სიმაღლეზე ხტომის წინამორბედად მიჩნეულია მაღალ წინაღობათა დასაძლევად გამიზნული ვარჯიშები, მაგალითად, ცხენებზე გადახტომა. შუა საუკუნეების ათლეტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქალაქის გალავნის ნიშნულამდე ახტომაში. სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთში, სადაც 1886 წელს პირველი ჩემპიონატი გაიმართა. ბრიტანელი მხტომელები, განსაკუთრებით ირლანდიელები და შოტლანდიელები, დიდხანს უძლიერესებად ითვლებოდნენ მსოფლიოში, ხტომის შოტლანდიური სტილი კი (”მაკრატელა”) ყველაზე გავრცელებული იყო.
ჭოკით ხტომას, როგორც ბუნებრივ წინაღობათა დაძლევის საშუალებას, უძველესი დროიდან იყენებდნენ. ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ყოველწლიური ირლანდიური თამაშების პროგრამაში (იმართებოდა 554 წლამდე) ჭოკით ხტომაც შედიოდა. აქედან გავრცელდა ეს სახეობა შოტლანდიასა და ინგლისში. პირველი ოფიციალური შეჯიბრება მოეწყო ინგლისში 1886 წელს. 1912 წლიდან აღინუსხება მსოფლიოს რეკორდები. ადრე ჭოკებს ამზადებდნენ სხვადასხვა ჯიშის ხისგან (წიფელი, კედარი, წითელი ფიჭვი). XX საუკუნეში შემოიღეს იაპონური ბამბუკის ჭოკი, რომელიც შემდგომ ფოლადისა და მსუბუქი ლითონის ჭოკებმა შეცვალა. თანამედროვე პროფესიონალი მხტომელები ხელოვნური მასალისგან (ფიბერგლასი) დამზადებულ მოქნილ ჭოკებს იყენებენ.
ფიზიკურ ვარჯიშებს შორის ერთ-ერთი უძველესია ბადროს ტყორცნა. ეს სახეობა, როგორც ხუთჭიდის (პენტატლონი) ნაწილი, ანტიკური ოლიმპიადების პროგრამაში შედიოდა. ბერძნები ბადროს დისკოს უწოდებდნენ, ბადროს მტყორცნელს _ დისკობოლოსს. საყოველთაოდ ცნობილია ელადელი სკულპტორის, მირონის ბადროს მტყორცნელის უძველესი ქანდაკება, რომელიც ბერლინის მუზეუმში ინახება. ცნობილია აგრეთვე ბერძნულ ვაზებსა და ლარნაკებზე გამოსახული ბადროს მტყორცნელის არაერთი ფიგურა, რომის მოზაიკა სიგრძეზე მხტომელი, ბადროს მტყორცნელი და მორბენალი ქალების გამოსახულებით. დროთა განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა ბადროს წონა, ფორმა, დამზადების ტექნოლოგია, ტყორცნის ტექნიკა.
ბირთვის კვრასაც დიდი ისტორია აქვს. თავდაპირველად დღევანდელი ბირთვის ნაცვლად მძიმე ქვებს იყენებდნენ, მოგვიანებით _ ლითონის ნაჭრებს. ოლიმპიის გათხრებისას აღმოჩენილია ქვის, ხის, რკინის, სპილენძისა და ბრინჯაოს ბირთვები, რომელთა წონა 1,25-5,70 კგ-ია, დიამეტრი _ 16,4-34 სმ. სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთში. ამით აიხსნება, რომ ბირთვისა და საკვრელი სექტორის ზომა-წონა ბრიტანული საზომი ერთეულებით განისაზღვრება. კაცებისთვის ბირთვი 16 ინგლისურ გირვანქას (7,257 კგ) იწონის, სექტორის დიამეტრი 7 ინგლისური ფუტია (2,134 სმ). თავდაპირველად შეჯიბრებებში უმთავრესად მძიმე წონის ათლეტები გამოდიოდნენ და ტექნიკურ მომზადებას ნაკლები ყურადღება ექცეოდა. მერე გამოჩნდნენ შედარებით მსუბუქი, მაგრამ სწრაფი და მოძრავი სპორტსმენები, ბირთვის კვრის ტექნიკა დაიხვეწა და შედეგებიც გაიზარდა.
შუბის ტყორცნას, როგორც მძლეოსნურ სახეობას, საფუძვლად დაედო უძველესი ტომების შუბით ბრძოლისა და ნადირობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება. აფრიკაში აღმოჩენილი, ბუშმენების მიერ შესრულებული ნაკაწრი ნახატები, რომლებზეც შუბით ნადირობის სცენებია გამოსახული, ძვ.წ. IV ათასწლეულით თარიღდება. იმავე პერიოდისაა ჩრდილოეთ ამერიკაში ნაპოვნი კაჟისწვერიანი შუბები. 2700 წლის წინათ შუბის ტყორცნა (შეჯიბრება სიშორესა და სიზუსტეში) ანტიკური პენტატლონის სახეობად იქცა. თანამედროვე ოლიმპიადების პროგრამაში 1908 წლიდან შეიტანეს. შეჯიბრება ტარდებოდა ორ დისციპლინაში _ თავისუფალი და ბერძნული სტილით ტყორცნაში. ორივე სახეობაში შვედმა ე. ლემინგმა გაიმარჯვა. მომდევნო თამაშებში ბერძნული სტილი ახლით შეიცვალა: მოასპარეზენი შუბს მარჯვენა და მარცხენა ხელით ტყორცნიდნენ, საბოლოო ადგილს კი მათ ორივე შედეგის ჯამის მიხედვით აკუთვნებდნენ.
უროს ტყორცნა ოლიმპიურ სახეობად 1900 წელს აღიარეს და, იქიდან მოყოლებული, ყველა თამაშების პროგრამაშია. 2000 წლიდან ოლიმპიადებზე უროს მტყორცნელი ქალებიც დაუშვეს, რაც მნიშვნელოვანი სიახლე იყო.
მრავალჭიდელები უნივერსალური ათლეტები არიან. კაცები თავდაპირველად ხუთჭიდში გამოდიოდნენ, XX საუკუნის 20-იანი წლებიდან კი ათჭიდში ასპარეზობენ. ქალთა მრავალჭიდის ისტორია 60-იანი წლებიდან იწყება. ეს სახეობა თავიდან ხუთ დისციპლინას მოიცავდა, 80-იანი წლებიდან კი _ შვიდს. მრავალჭიდი სპორტსმენისგან მრავალმხრივ ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებას მოითხოვს, ზოგადად კი მძლეოსნობა სპორტის თითქმის ყველა სახეობის საფუძველია. ამიტომაც უწოდეს ”სპორტის დედოფალი”.

ანტიკური ტრადიციის მიხედვით, თანამედროვეობის I ოლიმპიური თამაშები მძლეოსანთა შეჯიბრებით გაიხსნა (კაცთა 12 დისციპლინა). პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ამერიკელი ჯეიმს კონოლი (სამხტომი). ამერიკელებმა ყველას აჯობეს გუნდურ ჩათვლაშიც: 9 ოქროს, 6 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი. მომდევნო თამაშებში (1900) მედლების 23 კომპლექტი განაწილდა. ამერიკელთა უპირატესობა აქაც აშკარა იყო: 39 მედალი, მათ შორის 16 ოქროსი. ეს ტრადიცია აშშ-ის მძლეოსნებს არც შემდგომ დაურღვევიათ და 1896-2004 წლებში მოპოვებული მედლების რაოდენობით უდავო ლიდერებად რჩებიან. ამ წლების განმავლობაში ოლიმპიური პროგრამა ხშირად იცვლებოდა. სხვადასხვა დროს მასში შედიოდა რბენა 60 და 2500 მ, გუნდური რბენა 5000 მ და რბენა 4000 მ, ადგილიდან სიგრძეზე ხტომა და სამხტომი, ბაგირის გადაძალვა, ტრიატლონი და ა.შ. თანამედროვე ოლიმპიურ პროგრამაში კაცთა 24 და ქალთა 21 დისციპლინა შედის. შეჯიბრების მაღალი დონის შესანარჩუნებლად შემოიღეს სპეციალური ნორმატივები. ოლიმპიური ტურნირები (გარდა მარათონისა) რამდენიმე ეტაპად იმართება, მხტომელები და მტყორცნელები კი საკვალიფიკაციო ტესტებს აბარებენ, რის შემდეგაც ბრძოლის გაგრძელების უფლება ეძლევათ.
მძლეოსნობის ოლიმპიურ ისტორიას მრავალი გამოჩენილი ათლეტის სახელი ამშვენებს.

მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაცია (International Association of Athletics Federations-IAAF ) დაარსდა 1912 წლის 17 ივლისს სტოკჰოლმში (შვედეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ეგვიპტე, კანადა, ნორვეგია, რუსეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი და ფინეთი. აერთიანებს 211 ქვეყნის ფედერაციას და 6 კონფედერაციას.
მძლეოსნობის ევროპული ასოციაცია (European Athletic Association-EAA) დაარსდა 1933 წლის 24 სექტემბერს ბერლინში (გერმანია). აერთიანებს 49 ქვეყნის ფედერაციას.

ჩ ვ ე ნ ა მ დ ე მოღწეული ცნობების მიხედვით, შეჯიბრებები მძლეოსნურ ვარჯიშებში (რბენა, ხტომა, შუბის ტყორცნა და სხვ.) ჯერ კიდევ წარმართულ ქართულ ხალხურ დღესასწაულებზე იმართებოდა. საამისოდ გამოყოფილი იყო სპეციალური ადგილები. აპოლონიოს როდოსელის, ”არგონავტიკაში” ვკითხულობთ: ”კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ”. ძველ ქართულში ”რბენის” მნიშვნელობით სხვადასხვა სიტყვას იყენებდნენ. მაგ. ბასილი ზარზმელი მას `სრბას~ უწოდებს, თამარ მეფის ისტორიკოსი _ ”მკვირცხლობას” და ”ფეხით მალობას”, არჩილ მეფე _ ”ფეხმსუბუქობას”. რბენა არა მარტო მდაბიოთა სამხედრო ფიზიკური მომზადების საშუალება იყო, არამედ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა წარჩინებულთა ვარჯიშებშიც. ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება, რომ ხალხში განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა შუბის ტყორცნა მიზანში, ჭოკით სიგრძეზე ხტომა, ნაბადზე ხტომა, ხუნტრუცი (”ჭაბუკთა, ქალთა მიერ როკვა, რბოლა ძალისამებრ მათისა”. სულხან-საბა ორბელიანი), ფუნდრუკი (”ჭაბუკთამიერი მღერა, რბოლა, ხლდომა, ქვათა სრევა”. სულხან-საბა ორბელიანი).
მძლეოსნურ ვარჯიშებს, როგორც სამხედრო მომზადების საშუალებას, ფართოდ იყენებდნენ მეფის რუსეთის დროინდელ საქართველოში. 1848 წელს შეიქმნა ფიზიკური აღზრდის კავკასიის ე.წ. განსაკუთრებული ოლქი, რომელსაც სხვა სახეობებთან ერთად მძლეოსნობის განვითარებაც ევალებოდა. XIX საუკუნის მიწურულს საქართველოში მოვლინებულმა ჩეხური ტანვაჯიშული საზოგადოება ”სოკოლის” ემისრებმა თავიანთ სასწავლო პროგრამაში მძლეოსნური დისციპლინებიც ჩართეს.
პირველი პროფესიონალური მძლეოსნური ჯგუფი 1918 წელს თელავში ჩამოყალიბდა და მას გიორგი ჩიკვაიძე ჩაუდგა სათავეში. იქვე ჩატარდა პირველი შეჯიბრებები რამდენიმე მძლეოსნურ სახეობაში. 1925 წელს საქართველოს ფიზკულტურის უმაღლეს საბჭოში შექმნილ მძლეოსნობის სექციას ასევე გიორგი ჩიკვაიძე უძღვებოდა, წევრებად კი მიწვეული იყვნენ გრიგოლ გიორგაძე, ბორის დიაჩკოვი, არჩილ ბაქრაძე და სხვები. მათი თაოსნობით რეგულარულად იმართებოდა მძლეოსნური შეჯიბრებები, ტრადიციული სამატჩო შეხვედრები თბილისის, ბაქოს და ერევნის ნაკრებ გუნდებს შორის.
მძლეოსნური რეკორდების აღრიცხვა დაიწყო 1922 წლიდან. საქართველოს პირველი რეკორდსმენი იყო ბორის დიაჩკოვი, რომელმაც 100 მ 12,4 წამში გაირბინა. 1930-იან წლებში სპორტული შედეგები საგრძნობლად გაიზარდა, საკავშირო რეკორდები დაამყარეს ბორის დიაჩკოვმა, დიმიტრი იოსელიანმა, ჰერტრუდა მაიერმა, გიორგი შხვაცაბაიამ. 1936 წელს ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში მსოფლიო რეკორდსმენი გახდა დიმიტრი იოსელიანი (348,5 სმ), 1939 წელს კი მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა ბადროს მტყორცნელმა ნინო დუმბაძემ (49 მ, 11 სმ), რომელმაც ექვსჯერ გააუმჯობესა თავისი მიღწევა. მძლეოსნობის პოპულარობას ხელი შეუწყო 1935 წელს თბილისის ”დინამოს” სტადიონის გახსნამ და სპეციალიზებული სპორტული სკოლის დაარსებამ. საქართველოს მძლეოსნებისთვის წარმატებული გამოდგა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები. ნინო დუმბაძესთან ერთად საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს ლევან სანაძემ, ნადეჟდა დვალიშვილ-ხნიკინამ, ელენე გოკიელმა, ალექსანდრე შჩერბინამ, იური დიაჩკოვმა, რევაზ ქვაჩაკიძემ, ლამარა ტუღუშმა, რევაზ ტრაპაიძემ, ედუარდ ლომთაძემ, ლიუდმილა იევლევამ, გურამ გუდაშვილმა, ანდრო ბედუკაძემ და სხვებმა. შემდგომი თაობის მძლეოსანთა შორის გამოირჩეოდნენ: ანატოლი მოშიაშვილი, საიდა გუმბა, მაია აზარაშვილი, ოლეგ სტრიჟაკოვი, ბესიკ გოცირიძე, ტარიელ ბიწაძე.
ისტორიული მნიშვნელობისა იყო რობერტ შავლაყაძის გამარჯვება რომის ოლიმპიურ თამაშებში. ქართველმა სიმაღლეზე მხტომელმა უშუალო ბრძოლაში აჯობა პლანეტის უძლიერეს ათლეტებს, მათ შორის _ ამერიკელ მსოფლიო რეკორდსმენს თომასს. სიცოცხლეშივე ლეგენდარულ სპორტსმენად აღიარეს პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი სამხტომში ვიქტორ სანეევი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, მსოფლიოს რეკორდი კი სამჯერ გააუმჯობესა. სანეევი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ოლიმპიურ თამაშებში ბოლო მედალი მაია აზარაშვილმა აიღო (ესტაფეტა 4X100 მ) _ სეულში 1988 წელს. მას შემდეგ საქართველოს მძლეოსნებს დიდ შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ.

საქართველოს მძლეოსნობის ფედერაცია  დაფუძნდა 1991 წლის 30 აპრილს.
1992 წლის 30 მაისიდან მძლეოსნობის საერთაშორისო სამოყვარულო ფედერაციისა (IAAF) და ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის (EAA) წევრია.
პრეზიდენტი: თამაზ მდინარაძე (1991 წლიდან).


დატოვეთ კომენტარი