სამბისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 7 მედალი მოიპოვა


27 მაისს სამბოს დარბაზში (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უკან) ევროპის ჩემპიონატიდან წარმატებულად დაბრუნებული საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ლიპარტელიანი დაესწრნენ.   

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ კრემაში გამართული ევროპის ჩემპიონატი შვიდი მედლით დაასრულა. ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა. ერთი ბრინჯაო კი ქალთა ნაკრების წევრ შორენა შარაძის ანგარიშზეა, რომელიც 64 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის მესამე პრიზიორი.

ვერცხლის მედლები – ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57 კგ), ნიკოლოზ კუციამ (82 კგ) და ნოდარ მეტრეველმა (+100 კგ) მოიპოვეს. ჩიდრაშვილმა ფინალში ბელარუს არიფ ბაგიროვთან წააგო, კუციამ – რუს მიხაილ პოლიანსკოვთან, ხოლო მეტრეველმა – ბულგარელ ივან ილიევთან. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ – უშანგი კუზანაშვილი (62 კგ), კახა მამულაშვილი (74 კგ) და ლაშა გურული (100 კგ).

საერთო გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა 27 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და 5 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბელარუსს. საუკეთესო შედეგით – 49 ქულით ევროპირველობა რუსეთმა დაასრულა.

 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

დატოვეთ კომენტარი