სპორტული ორიენტირება


სპორტული ორიენტირება (შვედ. orientering -ორიენტირება). გზის გაგნება ბუნებრივ გარემოში წინასწარ შეთავაზებული მარშრუტით რუკაზე მინიშნებული საკონტროლო პუნქტების გავლით. იმარჯვებს ის სპორტსმენი ან გუნდი, რომელიც ტოპოგრაფიული რუკისა და სპეციალური კომპასის დახმარებით ყველაზე სწრაფად გაივლის მარშრუტს და თანამიმდევრულად აღმოაჩენს ყველა საკონტროლო პუნქტს. მარშრუტის სიგრძეა 1-15 კმ. მონაწილეები სტარტს იღებენ 2-5 წუთის ინტერვალით.  ადრე თითოეული საკონტროლო პუნქტის პოვნას სპორტსმენის ბარათზე  ბეჭდის დასმით აღნიშნავდნენ. მოგვიანებით ეს წესი შეიცვალა ელექტრონული კონტროლის სისტემით, რომლის მეშვეობითაც პუნქტამდე მისვლის დროც აღინიშნება.
სპორტული ორიენტირების წინამორბედი სახეობის კვალი არაერთ კულტურაში გვხვდება. ძველად მსგავსი თამაშები არსებობდა ირლანდიაში (ფინეანის რბოლა), ახალ გვინეაში (კუმნიგოს რბოლა),  ბალკანეთის ნახევარკუნძულზე (ჩერნოგორიის რბოლა) _ მონაწილეებს უნდა მოეპოვებინათ დამალული  ან მთის წვერზე მოთავსებული პრიზი. თანამედროვე ორიენტირება, როგორც ფიზიკური აქტივობის სახეობა, სადაც ერთმანეთს ერწყმის სპორტი და კონცეპტუალური აზროვნება, XIX საუკუნის დამლევს შეიქმნა სკანდინავიაში. თავდაპირველად მისი მიზანი ჯარისკაცთა მომზადება იყო. პირველი შეჯიბრება 1896 წელს გაიმართა ნორვეგიის ქალაქ ბერგენში. 1900 წელს შვედმა ინჟინერმა სტენბერგმა ჩამოაყალიბა სპორტული ორიენტირების პრინციპები.  XX საუკუნის 30-იან წლებში ამ სახეობისთვის საგანგებო კომპასი შექმნეს შვედებმა, ბიორნ კელსტრიომმა და ერნსტ ტილანდერმა _ მაგნიტური ისარი კორპუსს კი არ ეხება, არამედ თავისუფლად ტივტივებს სითხეში, რაც გამორიცხავს მის მექანიკურ დაზიანებას მარშრუტის სირბილით გავლისას. 1930-იანი წლებიდან სპორტული ორიენტირება ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ცნობილი გახდა ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში. ახალ სახეობას ორიენტირება კელსტრიომმა უწოდა 1946 წელს. 1960 წელს ნორვეგიელი ვილბუის თაოსნობით შეჯიბრების მონაწილეებისთვის შემუშავდა სპეციალური რუკა და სიმბოლური ნიშნები. რუკის მასშტაბია 1:15000, თუმცა განსაკუთრებით რთულ მარშრუტებზე ნებადართულია 1:10000-იანის გამოყენებაც.
ორიენტირების საერთაშორისო ფედერაცია (IOF) დაფუძნდა 1961 წელს. ევროპის ჩემპიონატი ტარდება 1962 წლიდან, მსოფლიოსი _ 1966 წლიდან. სპორტული ორიენტირების ქვესახეობებია ველო- და სათხილამურო ორიენტირება.

დატოვეთ კომენტარი