ტრიათლონი


ტრიათლონი (ინგლ. triathlon). სპორტის კომპლექსური და ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობა. აერთიანებს ველორბოლას, ცურვასა და მარათონულ რბენას.
კაცთა და ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი იმართება 1985 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1989-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 2000-იდან.
1977 წელს აშშ-ის საზღვაო-სამხედრო ძალების ოფიცერი ჯონ კოლინზი ჰავაის კუნძულებზე სწორედ იმ დროს ისვენებდა, როცა იქ სამი შეჯიბრება ტარდებოდა: ზღვაში 3800 მეტრზე ცურვაში, კუნძულ ოაპუს გარშემო (180 კმ) ველორბოლასა და კლასიკურ მარათონულ რბენაში, რომელსაც დედაქალაქი ჰონოლულუ მასპინძლობდა. საღამოს ერთ-ერთ ბარში ბევრი იკამათეს, ამ სამი შეჯიბრებაში გამარჯვებულთაგან რომელი იყო ყველაზე ძლიერი მამაკაცი. კოლინზმა დამსწრეთ შესთავაზა, სამივე სახეობა გავაერთიანოთ და ვინც გაიმარჯვებს, მართლაც “რკინის კაცი” იქნებაო. ბევრმა ეს წინადადება ხუმრობად მიიღო, მაგრამ ოფიცერმა თავისი გაიტანა და 1978 წლის 18 თებერვალს იმავე ჰავაიზე ტრიათლონის პირველ ტურნირზე 15 კაცი გამოცხადდა. მათგან 12-მა სამივე დისტანციის დამთავრება შეძლო, პირველ “რკინის კაცად” კი ამერიკელი გორდონ ჰალერი აღიარეს _11 საათი, 46 წუთი და 58 წამი. იგივე განმეორდა 1979 წელსაც _ ჰავაიზე 15 კაცი შეიკრიბა, თუმცა ამჯერად შეჯიბრებას შემთხვევით “სპორტს ილუსტრეიტედის” რეპორტიორი, კუნძულებზე გოლფის ტურნირის გასაშუქებლად ჩასული ბარი მაკდერმოტი დაესწრო. სწორედ აშშ-ის ყველაზე პოპულარულ სპორტულ ჟურნალში გამოქვეყნებულმა ათგვერდიანმა სტატიამ გააცნო მსოფლიოს ტრიათლონი, მართალია, მაშინვე გაირკვა ისიც, რომ მსგავსი შეჯიბრება ჯერ კიდევ 1974 წლის 25 სექტემბერს გამართულა სან დიეგოში (“მიშენ ბეი ტრიათლონი”), მაგრამ იქ დისტანციები გაცილებით მცირე იყო: ცურვა 500 მ-ზე, ველორბოლა 8 კმ-ზე და რბენა 10 კმ-ზე.
მალე ახალი სახეობა ევროპაშიც გავრცელდა და 1989 წელს საფრანგეთის ქალაქ ავინიონში ტრიათლონის საერთაშორისო კავშირი დაფუძნდა. იმავე წელს გაიმართა მსოფლიოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი მოკლე (აწ უკვე ოლიმპიურ) დისტანციებზე: ცურვა 1,5 კმ-ზე, ველორბოლა 40 კმ-ზე და რბენა 10 კმ-ზე. იმის გამო, რომ ტრიათლონი ორ ძირითად სახეობად დაიყო (კლასიკური, ანუ”რკინის კაცის” დისტანციით და მოკლე დისტანციით), ყოველწლიურად მსოფლიოს ორი ჩემპიონატი ტარდება. გარდა ამ ჩემპიონატებისა, პოპულარულია ჰავაის ტურნირი, მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპები და საერთაშორისო ტურნირები სხვადასხვა დისტანციაზე (“რკინის კაცის” ნახევარი, მეოთხედი, მერვედი და მეათედი).
გზა ჩამოყალიბებიდან ოლიმპიურ სახეობად აღიარებამდე ტრიათლონმა რეკორდულად მოკლე ხანში, 23 წელიწადში გაიარა. 2000 წელს სიდნეის თამაშებში ტრიათლონის ოლიმპიური დებიუტი შედგა (მოკლე დისტანციაზე). კაცებში გაიმარჯვა კანადელმა საიმონ უაითფილდმა, ქალებში _ შვეიცარიელმა ბრიჯიტ მაკმანმა.

ტრიათლონის საერთაშორისო ფედერაცია (International Triathlon Union – ITU) დაარსდა 1989 წლის 1 აპრილს ავინიონში (საფრანგეთი) 25 ქვეყნის ფედერაციების თაოსნობით. აერთიანებს 105 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონტინენტურ კონფედერაციას.

შეჯიბრების წესები: ასპარეზობა ტარდება სამ სხვადასხვა დისტანციაზე: მოკლე დისტანცია – ცურვა 1,5 კმ, ველორბოლა 40 კმ, რბენა 10 კმ; გრძელი დისტანცია – შესაბამისად, 2,5 კმ, 80 კმ და 20 კმ. “რკინის კაცის” დისტანცია – 3,8 კმ, 180 კმ და 42,195 კმ (მარათონი).
შეჯიბრება ცურვით იწყება. სპორტსმენს აცვია ელასტიკური კოსტიუმი, რომელიც გამოსადეგია ტრიათლონში შემავალი სამივე სახეობისათვის. მისი სისქე 3 მმ არ უნდა აღემატებოდეს. აკრძალულია რაიმე დამატებითი სამარჯვების გამოყენება (ფარფლები და სხვა). მონაწილენი სტარტს თავთხელიდან იღებენ. მარშრუტი მონიშნულია ერთმანეთისგან 50 მეტრით დაშორებული ტივტივებით. თუ წყლის ტემპერატურე ნორმაზე დაბალია, შეჯიბრება არ ჩატარდება. ლიდერისგან 25 მეტრით წინ მიცურავს ნავი, რომელიც შეჯიბრების მონაწილეებს მოძრაობის მიმართულებას უჩვენებს. საკმარისია სპორტსმენმა ხელი ასწიოს, რომ მას მაშინვე დახმარებას გაუწევენ.
ველორბოლა იწყება ცურვის ეტაპის დამთავრებისთანავე. ტრიათლონის ველოსიპედი შემსუბუქებული მოდელისაა და დურალუმინის ბორბლები აქვს. ველოსიპედისტისთვის სავალდებულოა ჩაფხუტი, რომელსაც მისი პირადი ნომერი უნდა ეწეროს. რბენა შეჯიბრების ბოლო ეტაპია. მისი ფინიში ერთდროულად მთელი შეჯიბრების ფინიშიც არის.

დატოვეთ კომენტარი