უშბა


უშბა. ორთავა მწვერვალი ცენტრალური კავკასიონის ღერძულა ქედზე (4710 მ). მდებარეობს საქართველოში, სვანეთის შტოქედზე. უმაღლესია სამხრეთ-დასავლეთი პიკი, ჩრდილო-აღმოსავლეთ პიკის სიმაღლეა 4690 მ. უშბის პლატო ყველაზე მაღალია ევროპაში (4000 მ). ამავე პლატოზე აღმართულია სხვა (ალპინისტური თვალსაზრისით ურთულესი) მწვერვალები: ჩათინი (4368 მ) და შუროვსკის პიკი (4259 მ).
უშბაზე ასვლა 1868 წელს პირველად სცადეს ინგლისელმა ალპინისტებმა დუგლას ფრეშფილდის ხელმძღვანელობით, მაგრამ მათი ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 1888 წელს ინგლისელებმა – ჯ. კოკინმა და უ. ალმერმა მეოთხე ცდაზე მიაღწიეს ჩრდილოეთის პიკს გულის მყინვარის გავლით. ეს იყო პირველი წარმატებული ასვლა უშბაზე. სამხრეთი უშბა (დასავლეთის კედლოვანი ბასტიონიდან, ე.წ. წითელი კუთხიდან) მეთექვსმეტე ცდაზე პირველად დაიპყრეს გერმანია-შვეიცარიის გაერთიანებული გუნდის წევრებმა (რ. გებლინგი, ა. ვებერი, ფ. რეინერტი, ა. შულიცე) ადოლფ შულიცეს მეთაურობით. იქიდან მოყოლებული, 60 წლის განმავლობაში სამხრეთ უშბაზე ასვლის ცდებიდან მხოლოდ ოთხი დამთავრდა წარმატებით. 1934 წელს უშბაზე ავიდა პირველი ქართული ჯგუფი და-ძმა ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეების, გიო ნიგურიანისა და იაგორ კაზალიკაშვილის შემადგენლობით. ამასთან, ალექსანდრა ჯაფარიძე იყო პირველი ქალი, რომელმაც უშბის პიკზე ფეხი შედგა. 1937 წელს სამხრეთ უშბაზე სამხრეთის ურთულესი კედლით პირველად ავიდნენ გაბრიელ, ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ჭიჭიკო ჩართოლანი და მაქსიმე გვარლიანი. ამით საფუძველი ჩაეყარა კლდოვან ასვლებს უშბაზე. სულ სამხრეთ უშბაზე გავლილია 19 მარშრუტი (მათ შორის 7 – 6 A კატეგორიისა), ჩრდილოეთ უშბაზე – 13 (მათგან 4 – 6 A კატეგორიისა).

დატოვეთ კომენტარი