ფეხბურთი


ფეხბურთი. (ინგლ. Football, foot –ფეხი, ball – ბურთი). ყველაზე გავრცელებული და პოპულარული გუნდური თამაში. ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1960 წლიდან, ქალთა შორის – 1984 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის – 1930-დან, ქალთა შორის – 1991-დან; ოლიმპიური თამასების პროგრამაშია : 1900-დან კაცები, 1996 – ქალები.
ფეხბურთის მსგავსი თამაშის კვალი ნაპოვნია ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში (ეგვიპტე, ჩინეთი), ანტიკურ საბერძნეთსა და რომში. 180 წლით დათარიღებულ ბერძნულ ლექსიკონში (პოლუქსი) აღწერილია ბურთით თამაშის ერთ-ერთი ნაირსახეობა: მოთამაშენი 2 გუნდად იყოფოდნენ და ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანას ცდილობდნენ. თანამედროვე რაგბის მსგავსად ნებადართული იყო ძალისმიერი ილეთები, მაგრამ ხელით თამაში იკრძალებოდა.
ინგლისური წყაროებით, დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე ბურთის ფეხით თამაში IX საუკუნეში გავრცელდა. თამაშობდნენ ყველგან – ქალაქებში, სოფლებში, დღესასწაულებზე, თუმცა ზოგჯერ ორი 500 კაციანი გუნდის შეჯიბრება მუშტი-კრივით მთავრდებოდა და არა კარში ბურთის გატანით. ამიტომ 1313 წელს ინგლისის მეფე ედუარდ II ბრძანებულებით თამაში აიკრძალა: “რადგან დიდი ბურთის გორება ხმაურსა და ალიაქოთს იწვევს, ვკრძალავ ბურთაობას ქალაქის ფარგლებში”. როგორც ჩანს, ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან 1389 წელს კიდევ ერთმა მეფემ, რიჩარდ II-მ ურჩ მობურთალებს სასჯელი გაუმკაცრა და მათთვის სიკვდილით დასჯა დააწესა. ეს კანონი მხოლოდ 1603 წელს გაუქმდა.
ფეხბურტის განვიტარების ახალი ეტაპი იწყება XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან, როცა ინგლისის კერძო სკოლების ფიზიკური აღზრდის პროგრამაში ბურთის ფეხით თამაშიც შეიტანეს და პირველი ტურნირები მოაწყვეს. 1857 წლის 20 ოქტომბერს ინგლისში შეიქმნა პირველი ფეხბურთის კლუბი (“შეფილდ ფუტბოლ კლაბი”). 1863 წლის 8 დეკემბერს ლონდონში გამოქვეყნდა თამაშის პირველი წესები, რომელიც 6 მუხლისაგან შედგებოდა: 1. მოედნის სიგრძე – არაუმეტეს 200 იარდისა (183 მ), სიგანე – არაუმეტეს 100 იარდისა (91,5მ), კარის ორ დგარს (უძელოდ) შორის მანძილი – 8 იარდი (7,32მ); 2. გუნდები მხარეებს ცვლიან ყოველი გოლის შემდეგ; 3. კარი აღებულად ითვლება, თუ ბურთმა გაიარა ძელებს შორის (წარმოსახვითი გაგრძელების ჩათვლით); 4. გვერდით ან პირით ხაზს გარეთ გასულ ბურთს თამაშში აბრუნებს ის გუნდი, რომლის ფეხბურთელიც მასთან ყველას მიასწრებს; 5. ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დარტყმის მომენტში მეტოქის კართან დამრტყმელ თანაგუნდელზე ახლოსაა, თამაშგარე მდგომარეობაში ითვლება და ბურთის მიღება ან მეტოქისთვის ხელის შეშლა ეკრძალება; 6. ნებადართულია ბურთის ხელით დაჭერა ან შეხება, მაგრამ აკრძალულია ბურთით ხელში მოძრაობა და ბურთის ხელით გადაცემა.
რაგბისაგან ფეხბურთის საბოლოოდ გამიჯვნის მოსურნეებმა საწადელს 1869 წელს მიაღწიეს, როცა ხელით თამაში თვით მეკარეებისთვისაც კი აიკრძალა. მხოლოდ 1871 წელს დართეს მეკარეს ნება, თავის ბაქანზე ხელით ეთამაშა, 1902 წელს კი ეს წესი მთელს საჯარიმოზე გავრცელდა. კიდევ 7 წლის შემდეგ მეკარეს განსხვავებული ფორმით თამაში დაევალა, 1933 წელს კი ინგლისის თასის გათამაშების ფინალში გუნდები პირველად გამოვიდნენ დანომრილი მაისურებით, რაც ოფიციალურად 1939 წელს დაკანონდა.
1878 წელს საფეხბურთო მინდორზე პირველად გამოჩნდა მსაჯი – მანმადე ის თამაშს მოედნის გარედან ადევნებდა თვალს და სადავო სიტუაციებს მხოლოდ მოთამაშეთა თხოვნის შემდეგ აგვარებდა. 1891 წელს საფეხბურთო კარს პირველად გაუკეთეს ბადე, შემოიღეს 12 იარდიანი (10,97მ) დარტყმა (პენალტი), მსაჯს კი 2 თანაშემწე დაუნიშნეს.
უნივერსალურობისა და ხელმისაწვდომობის გამო, ფეხბურთი სწრაფად გავრცელდა მთელს მსოფლიოში. გახშირდა საერთაშორისო შეხვედრები, რასაც სათავე დაუდო 1872 წლის 30 ნოემბერს ინგლისის და შოტლანდიის გუნდებს შორის გლაზგოში გამართულმა მატჩმა. იმავე წელს მოეწყო ინგლისის თასის პირველი გათამაშება (მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო ტურნირი). 1885 წელს ინგლისშივე დაკანონდა პროფესიონალური ფეხბურთი. საერთაშორისო ფედერაციის ჩამოყალიბებამ (1904) კიდევ უფრო გაააქტიურა საფეხბურთო ცხოვრება, მსოფლიოს ჩემპიონატის შემორებამ კი (1930-დან) ფეხბურთი პლანეტაზე ყველაზე პოპულარულ თამაშად აქცია. 1950-იანი წლებიდან შეჯიბრებათა ცალენდარს შეემატა კონტინენტური ჩემპიონატები, პრესტიჟული საკლუბო ტურნირები და ახალგაზრდული პირველობები. XX საუკუნის ბოლო ოცწლეულში ფართოდ გავრცელდა ქალთა ფეხბურთიც. ფიფას 2004 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ფეხბურთს 240 მლნ. ადამიანი მისდევს.
პირველი ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირი 1900 წელს პარიზში გაიმართა (ჩატარდა სულ 2 მატჩი), თუმცა ისევე როგორც მომდევნო თამაშებზე სენტ-ლუისში, მას მხოლოდ საჩვენებელი გამოსვლის სტატუსი მიენიჭა. ამიტომ ოფიციალურ ოლიმპიურ სახეობად ფეხბურთი 1908 წლიდან ითვლება დამ ას შემდეგ, 1932 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადის გარდა ყველა თამაშების პროგრამაში იყო შეტანილი.
მე-2 მსოფლიო ომამდე განსაკუთრებით საინტერესო იყო 1924 და 1928 წლების ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირები, რომლებიც მომავალი პირველი მსოფლიო ჩემპიონის ურუგვაის ნაკრების გამარჯვებით დამთავრდა. ომის შემდგომ ოლიმპიადებში წარმატებას უმეტესად სოციალისტური ქვეყნების გუნდები აღწევდნენ, ვინაიდან წმინდა სამოყვარულო ტურნირებში ამ ქვეყნების ოფიციალურად მოყვარული, ფაქტობრივად კი პორფესიონალი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ფიფას გადაწყვეტილებით 1960 წლიდან ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალათ წინა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს, რამაც პრობლემ ავერ გადაჭრა, ტურნირის მნიშვნელობა კი დააკნინა. ვითარება გამოსწორდა 80-იან წლებში როცა ოლიმპიური თამაშების კარი პროფესიონალებისთვისაც გაიღო. ამჟამად ოლიმპიურ საფეხბურთო ტურნირებში თამაშის უფლება მხოლოდ 23 წლამდე ასაკის ფეხბირთელებს აქვთ.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Football Association-FIFA) დაარსდა 1904 წლის 21 მაისს პარიზში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: ბელგია, დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია და ჰოლანდია. აერთიანებს 205 ქვეყნის ფედერაციას და 6 კონფედერაციას.
ევროპის ფეხბურთის ფედერაცია (Union des Associations Europeennes de Football-UEFA) დაფუძნდა 1954 წლის 15 ივნისს ბაზელში (შვეიცარია). აერთიანებს 52 ქვეყნის ფედერაციას.

მსოფლიოს ჩემპიონატი. ყველაზე პოპულარული და უმთავრესი საფეხბურთო ტურნირი. ამ შეჯიბრების ჩატარება 1928 წელს ფიფას ამსტერდამის კონგრესზე გადაწყდა. პირველი ჩემპიონატი1930 წელს ურუგვაიში მოეწყო. ტურნირის ოფიციალური სახელწოდება ხშირად იცვლებოდა: ”მსოფლიო თასი”, ”ჟიულ რიმეს თასი”, ”მსოფლიოს ჩემპიონატი _ ჟიულ რიმეს თასი”. ამჟამად ”ფიფას მსოფლიოს თასი” ჰქვია. შედგება შესარჩევი და ფინალური ეტაპებისგან. მონაწილეობენ ფიფას წევრი ქვეყნების ეროვნული გუნდები. ფინალური ეტაპები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ.
პირველი 9 გათამაშების მთავარი ჯილდო, ქალღმერთ ნიკეს ოქროს ქანდაკება, გამარჯვებულ გუნდებს მხოლოდ მომდევნო ტურნირამდე გადაეცემოდათ, მაგრამ 1970 წელს ბრაზილიის ნაკრებმა თასი მესამედ მოიგო და, დებულების თანახმად, მას სამუდამოდ დაეპატრონა. ახალი მთავარი პრიზი, ”ფიფას მსოფლიო თასი”, ფიფას საკუთრებაა და სამუდამოდ აღარავის გადაეცემა. გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელები ჯილდოვდებიან ოქროს მედლებით, ფინალისტები _ მოოქრული მედლებით, მესამე პრიზიორები _ ვერცხლის, მეოთხე ადგილზე გასულები კი _ ბრინჯაოს მედლებით.

მსოფლიოს ჩემპიონატი (ქალები). ფიფას ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჟოაო აველანჟის ინიციატივით ქალთა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1991 წელს ჩინეთში გაიმართა. ფინალურ ეტაპზე 12 გუნდი გამოდიოდა და, პირველად ფიფას ისტორიაში, მისი ეგიდით გამართულ მატჩებში ქალები მსაჯობდნენ. ჩემპიონატის ფინალური ეტაპები 4 წელიწადში ერთხელ იმართება, მანამდე კი რეგიონული შესარჩევი ეტაპები ტარდება.
გამარჯვებულები: 1991 _ აშშ, 1995 _ ნორვეგია, 1999 _ აშშ, 2003 _ გერმანია.

ევროპის ჩემპიონატი. უმთავრესი საფეხბურთო ტურნირი ევროპაში. ამ შეჯიბრების ჩატარების იდეა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ანრი დელონემ ჯერ კიდევ 1927 წელს წამოაყენა, მაგრამ იმის გამო, რომ ერთიანი ევროპული საფეხბურთო ორგანიზაცია არ არსებობდა, პროექტის განხორციელება არ მოხერხდა. მხოლოდ 30 წლის შემდეგ, უეფას 1957 წლის ივნისის კონგრესზე გადაწყდა ევროპის ერთა თასის გათამაშების გამართვა. ანრი დელონეს ჩანაფიქრს ხორცი შეესხა მისი ვაჟის, უეფას იმდროინდელი გენერალური მდივნის პიერ დელონეს მეცადინეობით. თასს ანრი დელონეს სახელი ეწოდა და პირველად 1960 წელს გათამაშდა. 1968 წლიდან შეჯიბრებას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ეწოდება.
ტურნირი შედგება შესარჩევი და ფინალური ეტაპებისგან. მონაწილეობენ უეფას წევრი ქვეყნების ეროვნული გუნდები. ფინალური ეტაპები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. მსოფლიოს ჩემპიონატისგან განსხვავებით, 1984 წლიდან მესამე ადგილისთვის მატჩი აღარ იმართება. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი (შესარჩევი ეტაპი) პირველი ოფიციალური ტურნირი იყო, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ითამაშა.

ევროპის ჩემპიონატი (ქალები). პირველი გათამაშება უეფას ეგიდით 1984 წელს გაიმართა _ 16 გუნდი ოლიმპიური სისტემით და მიმოსვლით მატჩებში იბრძოდა გამარჯვებისთვის. ფინალში შვედეთისა და ინგლისის ნაკრებმა გუნდებმა ერთმანეთს თითო მატჩი მოუგეს (1:0, 0:1), პენალტების სერიით კი ჩემპიონობა შვედეთმა მოიპოვა. 1997 წლამდე ჩემპიონატი 2 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, შემდეგ კი უეფას გადაწყვეტილებით 4 წელიწადში ერთხელ იმართება.
გამარჯვებულები: 1984 _ შვედეთი, 1987 _ ნორვეგია, 1989 _ გფრ, 1991 _ გერმანია, 1993 _ ნორვეგია, 1995 _ გერმანია, 1997 _ გერმანია, 2001 _ გერმანია.

უეფას ჩემპიონთა ლიგა (ევროპის ჩემპიონთა თასი). ევროპის ყველაზე მთავარი და პოპულარული საკლუბო ტურნირი. დაარსდა ფრანგი ჟურნალისტის გაბრიელ ანოს და გაზეთ ”ეკიპის” ინიციატივით. თავდაპირველად მონაწილეობდნენ ევროპის ქვეყნების ჩემპიონი გუნდები. ჩემპიონთა თასის პირველი გათამაშება გაიმართა 1955-56 წლებში. ტურნირის რეგლამენტი ხშირად იცვლებოდა, 1992-93 სეზონიდან კი შეჯიბრებას ”უეფას ჩემპიონთა ლიგა” დაერქვა და ოლიმპიურ სისტემას წრიული, ჯგუფური ეტაპი დაემატა. მოგვიანებით გათამაშებაში ჩემპიონების გარდა მოწინავე ქვეყნების ჩემპიონატების პრიზიორებიც დაუშვეს (ერთი ქვეყნიდან გამოდის არაუმეტეს 4 გუნდისა).
გამარჯვებულები: 1956 რეალი (მადრიდი, ესპანეთი), 1957 რეალი, 1958 რეალი, 1959 რეალი, 1960 რეალი, 1961 ბენფიკა (პორტუგალია), 1962 ბენფიკა, 1963 მილანი (იტალია), 1964 ინტერი (იტალია), 1965 ინტერი, 1966 რეალი, 1967 სელტიკი (შოტლანდია), 1968 მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), 1969 მილანი, 1970 ფეიენოორდი (ჰოლანდია), 1971 აიაქსი (ჰოლანდია), 1972 აიაქსი, 1973 აიაქსი, 1974 ბაიერნი (მიუნხენი, გფრ), 1975 ბაიერნი, 1976 ბაიერნი, 1977 ლივერპული (ინგლისი), 1978 ლივერპული, 1979 ნოტინგემ ფორესტი (ინგლისი), 1980 ნოტინგემ ფორესტი, 1981 ლივერპული, 1982 ასტონ ვილა (ინგლისი), 1983 ჰამბურგი (გფრ), 1984 ლივერპული, 1985 იუვენტუსი (იტალია), 1986 სტიაუა (რუმინეთი), 1987 პორტუ (პორტუგალია), 1988 პსვ ეინდჰოვენი (ჰოლანდია), 1989 მილანი, 1990 მილანი, 1991 ცრვენა ზვეზდა (იუგოსლავია), 1992 ბარსელონა (ესპანეთი), 1993 ოლიმპიკი (მარსელი, საფრანგეთი), 1994 მილანი, 1995 აიაქსი, 1996 იუვენტუსი, 1997 ბორუსია (დორტმუნდი, გერმანია), 1998 რეალი, 1999 მანჩესტერ იუნაიტედი, 2000 რეალი, 2001 ბაიერნი, 2002 რეალი, 2003 მილანი, 2004 პორტუ, 2005 ლივერპული.

უეფას თასი. დაარსდა ფიფას ვიცე-პრეზიდენტის, შვეიცარიელი ერნსტ ტომენის ინიციატივით. თავდაპირველად ”ბაზრობათა თასი” ერქვა. მონაწილეობდნენ ევროპის იმ ქალაქების გუნდები ან ნაკრებები, სადაც საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობები ტარდებოდა. პირველი გათამაშება 1955 წელს დაიწყო და 3 წელიწადს გაგრძელდა. 1971 წლამდე შეჯიბრებას ფიფას საგანგებო ორგკომიტეტი მართავდა, მას შემდეგ კი უეფა ატარებს და უეფას თასი ჰქვია. ამჟამად ტურნირში სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილე გუნდების რაოდენობა განისაზღვრება ”უეფას კოეფიციენტთა ცხრილით”, რომელიც ევროთასების გათამაშებებში ბოლო 5 წლის განმავლობაში ნაჩვენებ შედეგებს ასახავს.
გამარჯვებულები: 1958 ბარსელონა (ესპანეთი), 1960 ბარსელონა, 1961 რომა (იტალია), 1962 ვალენსია (ესპანეთი), 1963 ვალენსია, 1964 სარაგოსა (ესპანეთი), 1965 ფერენცვაროში (უნგრეთი), 1966 ბარსელონა, 1967 დინამო (ზაგრები, იუგოსლავია), 1968 ლიდს იუნაიტედი (ინგლისი), 1969 ნიუკასლ იუნაიტედი (ინგლისი), 1970 არსენალი (ინგლისი), 1971 ლიდს იუნაიტედი, 1972 ტოტენჰემ ჰოთსფური (ინგლისი), 1973 ლივერპული (ინგლისი), 1974 ფეიენოორდი (ჰოლანდია), 1975 ბორუსია (მიონხენგლადბახი, გფრ), 1976 ლივერპული, 1977 იუვენტუსი (იტალია), 1978 პსვ ეინდჰოვენი (ჰოლანდია), 1979 ბორუსია (მიონხენგლადბახი), 1980 აინტრახტი (ფრანკფურტი, გფრ), 1981 იფსვიჩ თაუნი (ინგლისი), 1982 გეტებორგი (შვეცია), 1983 ანდერლეხტი (ბელგია), 1984 ტოტენჰემ ჰოთსფური, 1985 რეალი (მადრიდი, ესპანეთი), 1986 რეალი, 1987 გეტებორგი, 1988 ბაიერი (ლევერკუზენი, გფრ), 1989 ნაპოლი (იტალია), 1990 იუვენტუსი, 1991 ინტერი (იტალია), 1992 აიაქსი (ჰოლანდია), 1993 იუვენტუსი, 1994 ინტერი, 1995 პარმა (იტალია), 1996 ბაიერნი (მიუნხენი, გერმანია), 1997 შალკე (გერმანია), 1998 ინტერი, 1999 პარმა, 2000 გალათასარაი (თურქეთი), 2001 ლივერპული, 2002 ფეიენოორდი, 2003 პორტუ (პორტუგალია), 2004 ვალენსია, 2005 ცსკა (მოსკოვი, რუსეთი).

თასების მფლობელთა თასი. დაარსდა ავსტრიის, იუგოსლავიის, იტალიის, შვეიცარიის, გდრ-ის, ჩეხოსლოვაკიისა და უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციების ინიციატივით. მონაწილეობდნენ ევროპის ქვეყნების ეროვნული თასის მფლობელი ან ფინალისტი გუნდები (თუ თასის მფლობელი იმავდროულად ქვეყნის ჩემპიონი ხდებოდა). ტარდებოდა ოლიმპიური სისტემით. პირველი გათამაშება გაიმართა 1960-61 წლებში. ევროპის ჩემპიონთა თასის ჩემპიონთა ლიგად გარდაქმნის შემდეგ მის მიმართ ინტერესმა იკლო და 1999 წლიდან შეჯიბრება აღარ ჩატარებულა.
გამარჯვებულები: 1961 ფიორენტინა (იტალია), 1962 ატლეტიკო (მადრიდი, ესპანეთი), 1963 ტოტენჰემ ჰოთსფური (ინგლისი), 1964 სპორტინგი (ლისაბონი, პორტუგალია), 1965 ვესტ ჰემ იუნაიტედი (ინგლისი), 1966 ბორუსია (დორტმუნდი, გფრ), 1967 ბაიერნი (მიუნხენი, გფრ), 1968 მილანი (იტალია), 1969 სლოვანი (ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია), 1970 მანჩესტერ სიტი (ინგლისი), 1971 ჩელსი (ინგლისი), 1972 გლაზგო რეინჯერსი (შოტლანდია), 1973 მილანი, 1974 მაგდებურგი (გდრ), 1975 დინამო (კიევი, სსრკ), 1976 ანდერლეხტი (ბელგია), 1977 ჰამბურგი (გფრ), 1978 ანდერლეხტი, 1979 ბარსელონა (ესპანეთი), 1980 ვალენსია (ესპანეთი), 1981 დინამო (თბილისი, სსრკ), 1982 ბარსელონა, 1983 აბერდინი (შოტლანდია), 1984 იუვენტუსი (იტალია), 1985 ევერტონი (ინგლისი), 1986 დინამო (კიევი), 1987 აიაქსი (ჰოლანდია), 1988 მეხელენი (ბელგია), 1989 ბარსელონა, 1990 სამპდორია (იტალია), 1991 მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), 1992 ვერდერი (გერმანია), 1993 პარმა (იტალია), 1994 არსენალი (ინგლისი), 1995 სარაგოსა (ესპანეთი), 1996 პარი სენ ჟერმენი (საფრანგეთი), 1997 ბარსელონა, 1998 ჩელსი, 1999 ლაციო (იტალია).

ლიბერტადორესის თასი. ოფიციალური სახელწოდებაა ”კოპა ლიბერტადორეს დე ამერიკა” (ამერიკის განმათავისუფლებელთა თასი). დაარსდა 1960 წელს, როგორც სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ჩემპიონი გუნდების ტურნირი. 1966 წელს შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მიეცათ მეორე პრიზიორებსაც, მოგვიანებით კი მოწინავე ქვეყნების წარმომადგენლობა კიდევ უფრო გაფართოვდა.
ლიბერტადორესის თასის მფლობელი ყოველ წელიწადს საკონტინენტთაშორისო თასის მოსაპოვებლად ხვდება უეფას ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებულს.
გამარჯვებულები: 1960 პენიაროლი (ურუგვაი), 1961 პენიაროლი, 1962 სანტოსი (ბრაზილია), 1963 სანტოსი, 1964 ინდეპენდიენტე (არგენტინა), 1965 ინდეპენდიენტე, 1966 პენიაროლი, 1967 რასინგი (არგენტინა), 1968 ესტუდიანტესი (არგენტინა), 1969 ესტუდიანტესი, 1970 ესტუდიანტესი, 1971 ნასიონალი (ურუგვაი), 1972 ინდეპენდიენტე, 1973 ინდეპენდიენტე, 1974 ინდეპენდიენტე, 1975 ინდეპენდიენტე, 1976 კრუზეირო (ბრაზილია), 1977 ბოკა ხუნიორსი (არგენტინა), 1978 ბოკა ხუნიორსი, 1979 ოლიმპია (პარაგვაი), 1980 ნასიონალი, 1981 ფლამენგო (ბრაზილია), 1982 პენიაროლი, 1983 გრემიო (ბრაზილია), 1984 ინდეპენდიენტე, 1985 არგენტინოს ხუნიორსი (არგენტინა), 1986 რივერ პლეიტი (არგენტინა), 1987 პენიაროლი, 1988 ნასიონალი, 1989 ატლეტიკო ნასიონალი (მედელინი, კოლუმბია), 1990 ოლიმპია, 1991 კოლო კოლო (ჩილე), 1992 სან-პაულუ (ბრაზილია), 1993 სან-პაულუ, 1994 ველეს სარსფილდი (არგენტინა), 1995 გრემიო, 1996 რივერ პლეიტი, 1997 კრუზეირო, 1998 ვასკუ და გამა (ბრაზილია), 1999 პალმეირასი (ბრაზილია), 2000 ბოკა ხუნიორსი, 2001 ბოკა ხუნიორსი, 2002 ოლიმპია, 2003 ბოკა ხუნიორსი, 2004 ონსე კალდასი (კოლუმბია).

საკონტინენტთაშორისო თასი. დაარსდა 1960 წელს მადრიდის ”რეალის” ინიციატივით. თასისთვის ერთმანეთს ხვდებიან ევროპის ჩემპიონთა თასის (ჩემპიონთა ლიგის) და ლიბერტადორესის თასის მფლობელები. თავდაპირველად ტარდებოდა ორი მატჩი (შინ და სტუმრად). ბურთების უკეთეს სხვაობას მნიშვნელობა არ ენიჭებოდა _ თითო მოგების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოსავლენად მესამე მატჩი ინიშნებოდა. 70-იან წლებში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელები ზოგჯერ უარს ამბობდნენ საკონტინენტთაშორისო თასისთვის თამაშზე, ვინაიდან ხშირი იყო კონფლიქტები და ხელჩართული ჩხუბიც კი. 1980 წლიდან გათამაშების სპონსორია იაპონიის ფირმა ”ტოიოტა”. მას შემდეგ ფინალი ერთი მატჩისგან შედგება და იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში იმართება.
გამარჯვებულები: 1960 რეალი (მადრიდი, ესპანეთი), 1961 პენიაროლი (ურუგვაი), 1962 სანტოსი (ბრაზილია), 1963 სანტოსი, 1964 ინტერი (იტალია), 1965 ინტერი, 1966 პენიაროლი, 1967 რასინგი (არგენტინა), 1968 ესტუდიანტესი (არგენტინა), 1969 მილანი (იტალია), 1970 ფეიენოორდი (ჰოლანდია), 1971 ნასიონალი (ურუგვაი), 1972 აიაქსი (ჰოლანდია), 1973 ინდეპენდიენტე (არგენტინა), 1974 ატლეტიკო (მადრიდი, ესპანეთი), 1975 არ ჩატარებულა, 1976 ბაიერნი (მიუნხენი, გფრ), 1977 ბოკა ხუნიორსი (არგენტინა), 1978 არ ჩატარებულა, 1979 ოლიმპია (პარაგვაი), 1980 ნასიონალი, 1981 ფლამენგო (ბრაზილია), 1982 პენიაროლი, 1983 გრემიო (ბრაზილია), 1984 ინდეპენდიენტე, 1985 იუვენტუსი (იტალია), 1986 რივერ პლეიტი (არგენტინა), 1987 პორტუ (პორტუგალია), 1988 ნასიონალი, 1989 მილანი, 1990 მილანი, 1991 ცრვენა ზვეზდა (იუგოსლავია), 1992 სან-პაულუ (ბრაზილია), 1993 სან-პაულუ, 1994 ველეს სარსფილდი (არგენტინა), 1995 აიაქსი, 1996 იუვენტუსი, 1997 ბორუსია (დორტმუნდი, გერმანია), 1998 რეალი, 1999 მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), 2000 ბოკა ხუნიორსი, 2001 ბაიერნი, 2002 რეალი, 2003 ბოკა ხუნიორსი, 2004 პორტუ.

საქართველოში ფეხბურთი ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ინგლისელებმა შემოიტნეს.. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში ჩამომდგარი ბრიტანული გემების მეზღვაურები ერთმანეთში ხშირად თამაშობდნენ ”ფუტბოლს”, რომელიც მალე ქართველმა ლელობურთელებმაც დააჭაშნიკეს და სწრაფადაც შეითვისეს. ძნელი სათქმელია, ზუსტად როდის გაიმართა ჩვენში პირველი საფეხბურთო მატჩი, თუმცა ფაქტია, რომ სპორტის ეს სახეობა ქართულ პრესაში პირველად 1890 წელს მოიხსენიება.
ზღვისპირეთიდან ფეხბურთი სწრაფად გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მალე მისი განვითარების ცენტრად თბილისი იქცა. 1906 წელს სწორედ დედაქალაქში ჩამოყალიბდა ”ბურთის ფეხით მოთამაშეთა” პირველი გუნდი. ამ საქმის თაოსანი იყო ტანვარჯიშული საზოგადოება ”სოკოლის” პრეზიდიუმის წევრი ადოლფ ელზენგერი. მანვე თარგმნა ინგლისურიდან ფეხბურთის წესები.
პირველ ხანებში ფეხბურთში შეხვედრებს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა და უმთავრესად გიმნაზიელთა ექსკურსიებზე ტარდებოდა, თუმცა მალე ვითარება შეიცვალა. 1907 წლის 23 თებერვალს თბილისის გუბერნიის საზოგადო საქმეთა საკრებულომ განიხილა ფეხბურთელთა პირველი ოფიციალური გუნდის ”კომეტის” განცხადება და მცირე შეზღუდვებით მისი წესდებაც დაამტკიცა. ამის მიუხედავად, თბილისში საფეხბურთო მატჩის გამართვა კიდევ კარგა ხანს ვერ მოხერხდა, ვინაიდან ”კომეტას” მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.
1908-09 წლებში ფეხბურთელთა გუნდები შეიქმნა თბილისის სასწავლებლებში. 1909 წლის 22 ოქტომბერს ქუთაისში ექსკურსიაზე მყოფმა თბილისის ვაჟთა I და II გიმნაზიების გუნდებმა საქართველოში პირველი ოფიციალური საჩვენებელი მატჩი გამართეს. შეხვედრა ხოპელ კაზაკთა პოლკის მოედანზე მოეწყო და მას ქუთაისის გუბერნატორიც კი ესწრებოდა. 1912 წელს ჩატარდა თბილისის პირველობა, რომელიც I გიმნაზიის გამარჯვებით დამთავრდა. ამავე ხანებში ათეულობით გუნდი ჩამოყალიბდა სოხუმში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. მართალია, პირველი მსოფლიო ომის დროს საფეხბურთო ცხოვრების რიტმი შესამჩნევად შეიცვალა, დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921) ასამდე გუნდი მაინც არსებობდა. იმ დროს ჩვენში ვერ შეიქმნა ერთიანი საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც ფიფაში გაწევრიანებას შეძლებდა.
1924 წლისთვის საქართველოში უკვე 120 გუნდი იყო, თუმცა უმრავლესობას სავარჯიშოდ მუდმივი ადგილი არ ჰქონდა და არც მწვრთნელი ჰყავდა. 1925 წელს გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი, 6 გუნდის მონაწილეობით. ფინალში თბილისის ნაკრებმა აფხაზეთის ნაკრებს 3:1 მოუგო. იმავე წლის ნოემბერში შეიქმნა თბილისის ”დინამო”, რომელიც 1936-1989 წლებში ფაქტობრივად საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა სსრ კავშირის ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში. პირველი მატჩი სსრკ უმაღლეს ლიგაში ”დინამომ” 1936 წლის 7 სექტემბერს გამართა თბილისში კიევის ”დინამოსთან” (2:2). იმ პირველ სეზონში ქართულმა გუნდმა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და თასის გათამაშების ფინალშიც გავიდა. ქართველ ფეხბურთელთა პირველმა თაობებმა ვერ შეძლეს საკავშირო ჩემპიონატისა და თასის მოგება, თუმცა ”დინამო” ყოველთვის ითვლებოდა სსრკ ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ და თვითმყოფად გუნდად. სწორედ იმ დროს, მეორე მსოფლიო ომის წინა და შემდგომ პერიოდში, ”დინამოში” თამაშობდა არაერთი გამოჩენილი ფეხბურთელი: ბორის პაიჭაძე, გაიოზ ჯეჯელავა, მიხეილ ბერძენიშვილი, ავთანდილ ღოღობერიძე და სხვები.
პირველი დიდი წარმატება დინამოელებმა 1964 წელს იზეიმეს, როცა ტაშკენტში გამართულ ”ოქროს მატჩში” 4:1 დაამარცხეს მოსკოვის ”ტორპედო” და სსრკ ჩემპიონობა მოიპოვეს. იმ დროს გუნდის მთავარი მწვრთნელი რუსი სპეციალისტი გავრილ კაჩალინი იყო. მეორედ და უკანასკნელად კი ”დინამომ” სსრკ ჩემპიონატი მოიგო 1978 წელს, როცა გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა. სწორედ ახალკაცის თავკაცობით მოიპოვა ჩვენმა გუნდმა სხვა დიდი წარმატებებიც: 1976 და 1979 წლებში _ საბჭოთა კავშირის თასი, 1981 წლის 13 მაისს კი _ ევროპის თასების მფლობელთა თასი. ამ ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა დიუსელდორფის ”რაინშტადიონზე”, სადაც ”დინამომ” გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ”კარლ ცაისი” 2:1 დაამარცხა.
საბჭოური დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები სსრკ ნაკრების ღირსებას იცავდნენ. სხვადასხვა დროს ამ გუნდის კაპიტნები იყვნენ მურთაზ ხურცილავა და ალექსანდრე ჩივაძე. მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი და გივი ჩოხელი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ (1960), გელა კეტაშვილმა კი ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა (1988).
თბილისის ”დინამოს” გარდა სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სხვადასხვა დროს კიდევ ოთხი ქართული გუნდი გამოდიოდა (თბილისის ”ლოკომოტივი”, თბილისის ”სპარტაკი”, ქუთაისის ”ტორპედო” და ლანჩხუთის ”გურია”), თუმცა დინამოელთა მსგავსი წარმატებისთვის მათგან არც ერთს არ მიუღწევია.
1990 წლის 15 თებერვალს შეიქმნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომლის პირველ პრეზიდენტადაც ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. დამოუკიდებელი ფედერაციის პირველმა ყრილობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება _ ყველა ქართულ გუნდს დაეტოვებინა საბჭოური შეჯიბრებები. იმავე წელს გაიმართა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ჩემპიონატი და თასის გათამაშება.
ორწლიანი იზოლაციის შემდეგ, 1992 წლის 25 თებერვალს, ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯერ დროებით წევრად მიიღო, იმავე წლის 3 ივლისს კი მუდმივი წევრის სტატუსიც მიანიჭა. მალე სფფ უეფაშიც გაწევრიანდა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში გამოდის, საკლუბო გუნდები კი ევროთასების გათამაშებებში მონაწილეობენ.
ასობით ქართველი ფეხბურთელი თამაშობს უცხოური კლუბებში. მათგან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია კახა კალაძემ, რომელმაც 2003 წელს იტალიის ”მილანის” შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაფუძნდა 1990 წლის 15 თებერვალს. 1992 წლის 25 თებერვლიდან ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) დროებითი წევრია, იმავე წლის 3 ივლისიდან _ მუდმივი წევრი, 1993 წლის 17 ივნისიდან _ ფეხბურთის ასოციაციების ევროპის კავშირის (UEFA) მუდმივი წევრი.
პრეზიდენტები: ნოდარ ახალკაცი (1990-98), მერაბ ჟორდანია (1998-05), ნოდარ ახალკაცი-უმცროსი (2005 წლიდან).

საქართველოს ჩემპიონატი. ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი გაიმართა 1990 წლის 30 მარტს: თბილისის ”იბერია” _ ფოთის ”კოლხეთი 1913”, 0:1. პირველი ჩემპიონატი მოეწყო გაზაფხულ-შემოდგომის სისტემით, მეორე _ ერთ წრედ, მას შემდეგ კი შეჯიბრება შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ტარდება. ჩემპიონები: 1990-99 _ ”დინამო” თბილისი, 2000-02 _ ”ტორპედო” ქუთაისი, 2003 _ ”დინამო” თბილისი, 2004 _ ”ვიტ ჯორჯია” თბილისი, 2005 _ ”დინამო” თბილისი.

საქართველოს თასი. ეროვნული თასის პირველი გათამაშებიდან (1990) მოყოლებული, ფინალური მატჩი 26 მაისს თბილისში ტარდება. 2001 წლიდან გათამაშებას დავით ყიფიანის სახელი მიენიჭა. გამარჯვებულები: 1990 _ ”გურია” ლანჩხუთი, 1992-97 _ ”დინამო” თბილისი, 1998 _ ”დინამო” ბათუმი, 1999 _ ”ტორპედო” ქუთაისი, 2000 _ ”ლოკომოტივი” თბილისი, 2001 _ ”ტორპედო” ქუთაისი, 2002 _ ”ლოკომოტივი” თბილისი, 2003-04 _ ”დინამო” თბილისი, 2005 ”ლოკომოტივი” თბილისი.

შეჯიბების წესები: ოფიციალური მატჩები იმართება ბალახისსაფრიან მინდორზე, გამონაკლის შემთხვევაში _ დახურულ მოედანზე.
მოედნის სიგრძეა 90-120 მ, სიგანე _ 45-90 მ (ყველაზე გავრცელებული ზომებია 105X70 მ). მოედანი შემოსაზღვრულია 15 სმ სიგანის თეთრი ფერის გვერდითი და პირითი ხაზებით, შუა ხაზით კი გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. მოედნის შუაგულში მონიშნულია ცენტრალური წრე (რადიუსი _ 9,15 მ). პირითი ხაზების შუაში მაგრდება კარი ბადით: სიგანე _ 7,32 მ, სიმაღლე _ 2,44 მ. მეკარის ბაქნის ზომებია: სიგრძე _ 7,32 + (5,5X2) მ, სიგანე _ 5,5 მ. საჯარიმო მოედნის ზომები: სიგრძე _ 7,32 + (16,5X2) მ, სიგანე _ 16,5 მ. 11-მეტრიანის ნიშნულიდან საჯარიმო მოედნის გარეთ გავლებულია 9,15 მ რადიუსის ნახევარწრე.
ფეხბურთის ბურთი ტყავისაა და სფეროს ფორმა აქვს. წონა _ 410-450 გ., გარშემოწერილობა _ 68-71 სმ, წნევა _ 0,6-1,1 ატმ. ფეხბურთელის აუცილებელი ეკიპირება: მაისური, ტრუსი, გეტრი, საწვივე, ფეხსაცმელი.
თითოეულ გუნდში, მეკარის ჩათვლით, 11-11 ფეხბურთელია (მატჩი არ ჩატარდება, თუ რომელიმე გუნდში შვიდზე ნაკლები მოთამაშეა). თამაში შეიძლება სხეულის ნებისმიერი ნაწილით, გარდა ხელისა. ხელით თამაშის უფლება აქვს მეკარეს, ამასთან, მხოლოდ თავისი საჯარიმო მოედნის ფარგლებში. ნებადართულია მოთამაშეთა შეცვლა (შეცვლათა რაოდენობა განისაზღვრება დებულებით). შეხვედრის ხანგრძლივობა _ 90 წუთი (ორი 45-45-წუთიანი ტაიმი 15-წუთიანი შესვენებით). მატჩი შეიძლება დამთავრდეს ერთ-ერთი გუნდის გამარჯვებით ან ფრედ. ბურთი გატანილად ითვლება, თუ მთლიანად გადაკვეთს ძელებით და ხარიხით შემოსაზღვრულ კარის ხაზს (სივრცეს).
მატჩის მსვლელობას აკონტროლებს მსაჯი, რომელიც ორ თანაშემწესთან ერთად უზრუნველყოფს წესების დაცვას. მსაჯის გადაწყვეტილება საბოლოოა. ფეხბურთში ერთ-ერთი ძირითადია “თამაშგარე მდგომარეობის” წესი. ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაშია, თუ მეტოქის პირით ხაზთან ის უფრო ახლოსაა, ვიდრე ბურთი და მოწინააღმდეგე გუნდის ბოლოსწინა მოთამაშე. ეს წესი არ მოქმედებს კარიდან ბურთის დარტყმის, აუტისა და კუთხურის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა ფეხბურთელი ბურთს მეტოქისგან იღებს ან პასიურ მდგომარეობაშია და პოზიციის წყალობით უპირატესობას არ ფლობს.
თამაშის წესების დარღვევის, აკრძალული ილეთების გამოყენებისა და არასპორტული საქციელისთვის გუნდი ისჯება საჯარიმო ან თავისუფალი დარტყმით.
საჯარიმო დარტყმა ინიშნება მეტოქის მოცელვის, ფეხის ან ხელის კვრისა და ჩარტყმის (ან ამის მცდელობის), ხელით დაჭერის, არასწორად შესრულებული ფეხვარდნის, ბურთის განზრახ ხელით თამაშის შემთხვევაში. თუ მოთამაშემ საკუთარი საჯარიმო მოედნის ფარგლებში ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე წესი დაარღვია, ინიშნება 11-მეტრიანი დარტყმა (პენალტი).
თავისუფალი დარტყმა ინიშნება სახიფათო თამაშის, მეტოქის წინსვლის ბლოკირების, მეკარეზე თავდასხმის შემთხვევებში. თავისუფალი დარტყმით ისჯება მეკარეც, თუ: ბურთს ხელში 6 წამზე მეტ ხანს გააჩერებს; ხელიდან გაშვებულ ბურთს ისევ ხელით შეეხება; პარტნიორის მიერ ფეხით მიწოდებულ ბურთს ხელში აიღებს; დროს განზრახ აჭიანურებს.
საჯარიმო და თავისუფალი დარტყმები სრულდება წესის დარღვევის ადგილიდან. უშუალოდ საჯარიმო დარტყმიდან გატანილი ბურთი ითვლება, თავისუფალი დარტყმისას კი აუცილებელია ბურთი შეეხოს მინდვრის რომელიმე მოთამაშეს ან მეკარეს.
ყვითელი ბარათით (გაფრთხილება) მოთამაშე ისჯება: არასპორტული საქციელისთვის; მსაჯის გადაწყვეტილების დემონსტრაციული აპელირებისთვის, თამაშის წესების სისტემატური დარღვევისთვის, თამაშის განახლების განზრახ შეფერხებისთვის, საჯარიმო ან თავისუფალი დარტყმისას წესით გათვალისწინებული დისტანციის (9,15 მ) დაუცველობისთვის, მსაჯის ნებადაურთველად მოედნიდან გასვლის ან შემოსვლსთვის.
წითელი ბარათით (მოედნიდან გაძევება) მოთამაშე ისჯება: თამაშის წესების სერიოზული დარღვევისთვის; აგრესიული მოქმედებისთვის; განზრახ ხელით თამაშისთვის, რაც მეტოქეს ხელს შეუშლის გოლის გატანაში; აშკარა საგოლე პოზიციაში მყოფი მეტოქის ისეთი აკრძალული ხერხით შეჩერებისთვის, რომლისთვისაც დაწესებულია საჯარიმო დარტყმა ან პენალტი; შეურაცხმყოფელი ქცევისა და უწმაწური სიტყვებისთვის; ერთ მატჩში ორი გაფრთხილებისთვის.
კარიდან დარტყმა ინიშნება, თუ ბურთმა მთლიანად გადაკვეთა (მიწაზე ან ჰაერში) პირითი ხაზი და მას ბოლოს შეეხო შემტევი გუნდის ფეხბურთელი. დარტყმა სრულდება მეკარის ბაქნის ნებისმიერი ადგილიდან. თუ პირითი ხაზიდან გასულ ბურთს ბოლოს შეეხო მომგერიებელი გუნდის მოთამაშე, ინიშნება კუთხური დარტყმა, რომელიც სრულდება უახლოესი კუთხური ალმის სექტორიდან. თუ ბურთმა მთლიანად გადაკვეთა გვერდითი ხაზი, მოწინააღმდეგე გუნდს ეძლევა აუტის უფლება. აუტიდან ბურთი თამაშში შემოაქვთ ხელით, გვერდითი ხაზის გადაკვეთის ადგილიდან.
იმ შემთხვევაში, თუ თამაშის წესების ძირითადი პრინციპები არ ირღვევა და და შესაბამისი ეროვნული ფედერაცია თანახმაა, ქალთა, ჭაბუკ (16 წლამდე) და ვეტერან (35 წელს ზევით) ფეხბურთელთა ტურნირებზე დასაშვებია წესების (ბურთის, მოედნისა და კარის ზომები, მატჩის ხანგრძლივობა, შეცვლათა რაოდენობა) მოდიფიკაცია.
საფეხბურთო ტურნირები იმართება წრიული, ოლიმპიური ან შერეული სისტემით.

დატოვეთ კომენტარი