ქართველი ძალოსნების 5 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური მე-3 ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან


ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულებულ ევროპის 20 და 23 წლამდელთა ჩემპიონატიდან ქართველმა ძალოსნებმა 5 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური მე-3 ადგილი მოიპოვეს.

20-წლამდელთა შეჯიბრში 3 ოქროს მედალს +105 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ტალახაძე დაეუფლა. მან ატაცში 182 და 190-კილოგრამიანი შტანგა დასძლია და რადგანაც მეტოქეს 15 კგ-ით გაასწრო  მე-3 ცდა აღარც გამოუყენებია. ხოლო  აკვრაში 210 კგ-ს და 225 კგ. დაიმორჩილა, ჯამში  415 კგ. მოაგროვა და რადგან უახლეოს მდევარს უკვე 40 კგ-ით უსწრებდა, მე-3 ცდა აქაც გამოუყენებელი დატოვა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძემ 2013 წელს ახალგარზდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზეც იმარჯვა.

69 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძემ 143 კგ. აიტაცა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აკვრაში 165 კგ-ის დაუფლება შეძლო და მცირე ვერცხლის მედალს დასჯერდა, ორჭიდის ჯამში 308 კგ. დაუგროვდა და ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი გახდა.

23-წლამდელთა შორის წარმატებას გიორგი ლომთაძემ მიაღწია, რომელმაც ატაცში 148 კგ. დასძლია და მცირე ოქრო დაისაკუთრა, აკვრაში 180 კგ-ით მე-4 იყო, ხოლო ჯამში 328 კგ. დააგროვა და ვერცხლი დაისაკუთრა.

20-წლამდელთა შორის 77 კგ. წონით კატეგორიაში  ზურიკო თავაძემ ჯამში 303 კგ. დასძლია და მე-4 ადგილს დასჯერდა, ირაკლი გაბრიჭიძე კი ატაცის შემდეგ მე-3 პოზიციაზე გახლდათ და მცირე ბრინჯაოც მოიპოვა, თუმცა, აკვრაში სამივე ცდა “გააფუჭა” და შეჯიბრს გამოეთიშა. 105 კგ. წონით კატეგორიაში ვილიამინ ალექსიძემ ჯამში 341 კგ. დააგროვა და  მე-5 ადგილს დასჯერდა.

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები თბილისში გამთენიას დაბრუნდნენ, სპორტსმენებს აეროპორტში ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტისა ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, ასევე გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.
ახალგაზრდა ძალოსნებს მათ მწვრთნელებთან და ფედერაციის წარომადგენლებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი შეხვდა და წარმატება მიულოცა.

დატოვეთ კომენტარი