ქერლინგი


ქერლინგი (ინგლ. Curling < curl _ ხვეული, დახვევა). ზამთრის სპორტის სახეობა, გუნდური თამაში ყინულზე. მოთამაშეთა მიზანია ქვის დისკოს მოთავსება მოედნის ბოლოს მოხაზული წრის შუაგულში.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1951 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1978-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1998-იდან.
ქერლინგის ისტორია შუა საუკუნეებში იწყება. მის სამშობლოდ მიჩნეულია შოტლანდია, თუმცა მსგავსი თამაში ჰოლანდიაშიც იყო გავრცელებული. თამაშობდნენ გაყინულ წყალსაცავებზე, დისკოებად რიყის სიპ ქვებს იყენებდნენ. შოტლანდიაში, სტირლინგში შემორჩენილია ქერლინგის სათამაშო ასეთი ქვა, რომელიც ზედ ამოკვეთილი წარწერის მიხედვით 1511 წლით თარიღდება. შოტლანდიაშივე შემორჩენილია აგრეთვე ქერლინგთან დაკავშირებული 400-მდე ბალადა და სიმღერა. XVII საუკუნის რიყის ქვებს სახელურები გაუკეთეს და ისინი თანამედროვე ქერლინგის დისკოებს დაემსგავსა. XVIII საუკუნეში შოტლანდიაში იქმნებოდა ქერლინგის კლუბები _ პირველი დაფუძნდა 1716 სტირინგსირის საგრაფოს ქალაქ კილსიტში. 1795 წელს ედინბურგში შეიქმნა ქერლინგის ასოციაცია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. 1834 წელს შოტლანდიის ქერლინგის მოყვარულთა კლუბმა პირველად გამოაქვეყნა თამაშის წესები. 1838 წელს დაფუძნდა ქერლინგის გრანდ კალედონიური კლუბი, რომელმაც შეიერთა შოტლანდიის ქერლინგის მოყვარულთა კლუბი და 1842 წელს ქერლინგის სამეფო კალედონიური კლუბი დაერქვა. ეს ორგანიზაცია თამაშის განვითარებასა და წესების უნიფიკაციაზე უკვე საერთაშორისო მასშტაბით ზრუნავდა _ დახლოებით 1750 წელს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ქერლინგი ჩრდილოეთ ამერიკაში შეიტანეს, სადაც ის მეტად პოპულარული გახდა, განსაკუთრებით, კანადაში. პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა 1865 წელს კანადისა და აშშ-ის გუნდებს შორის. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქერლინგმა პოპულარობა მოიპოვა სკანდინავიაში. 1966 წელს ქერლინგის გრანდ კალედონიური კლუბის ინიციატივით დაფუძნდა ქერლინგის საერთაშორისო ფედერაცია რომელსაც მალე ქერლინგის მსოფლიო ფედერაცია ეწოდა (WCF). 1959 წელს გაიმართა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი. პირველი ოფიციალური ჩემპიონატი ქალთა შორის ჩატარდა 1979 წელს. ოლიმპიურ პროგრამაში ქერლინგი პირველად 1998 წელს ნაგანოში შეიტანეს.

ქერლინგის მსოფლიო ფედერაცია (World Curling Federation – WCF) დაარსდა 1966 წლის 1 აპრილს ვანკუვერში (კანადა). დამფუძნებელი ქვეყნები: აშშ, კანადა, ნორვეგია, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია და შოტლანდია. აერთიანებს 46 ქვეყნის ფედერაციას.

შეჯიბრების წესები: ქერლინგს თამაშობს ორი 4-4-კაციანი გუნდი ყინულის მოედანზე, რომლის სიგრძეა 44,5 მ, სიგანე _ 4, 75 მ. მოედნის ორივე ბოლოში ყინულზე დახაზულია “ბინა” _ ოთხი კონცენტრირებული წრეწირი. ბინის დიამეტრია 3,7 მ, მის ცენტრში შემოხაზული წრისა (“თი”) _15,2 სმ. გუნდს სათამაშოდ ეძლევა გრანიტის 8 მასიური დისკო (წონა _ 19,1 კგ). მეტოქე გუნდების დისკოების სახელურები სხვადასხვაფერადაა შეღებილი. მოთამაშეებმა დისკო ისე უნდა ტყორცნონ და გაასრიალონ, რომ წრეწირის ცენტრში ან მასთან რაც შეიძლება ახლოს გაჩერდეს, თანაც ცენტრს 1,83 მეტრზე შორს არ გასცდეს. გუნდი იღებს ქულას ყოველი ნატყორცნი დისკოსთვის, თუ ის ცენტრში შემოხაზულ წრესთან მეტოქის დისკოზე ახლოს აღმოჩნდება. თამაში შედგება 10 რაუნდისგან, ანუ “ენდისგან”. ყოველ ენდში გუნდი რვა დისკოს ტყორცნის (თითოეული სპორტსმენი _ ორ-ორს). დისკოებს ტყორცნიან ბინის ცენტრიდან 28,40 მეტრის დაშორებით ყინულზე გრძივად დამაგრებული “ჰაკიდან”, ანუ “ტყორცნის ხაზიდან” (ჰაკი კაუჩუკისგან მზადდება, რათა უფრო მოსახერხებელი იყოს ფეხის მიბჯენა და გამოქანება). მოთამაშეები დისკოს გვერდით მიჰყვებიან და ყინულზე მისრიალებენ შემდეგ ხაზამდე (“ჰოგ”), რომელიც ჰაკისგან დაშორებულია 10, ხოლო თისგან _ 28 მეტრით. სანამ დისკო ჰოგს მიაღწევდეს, სპორტსმენებს კიდევ შეუძლიათ მისი მოძრაობის კორექტირება (აჩქარება, შენელება, ტრაექტორიის შეცვლა) საგანგებო ჯაგრისების (“ბრუმების”) მეშვეობით. ისინი ჯაგრისებით დისკოს წინ ყინულის ასუფთავებენ, ზოგჯერ კი მიმართულების შესაცვლელად სერავენ. იმარჯვებს გუნდი, რომელიც ათი ენდის ჯამში მეტ ქულას დააგროვებს. საყაიმო ანგარიშის შემთხვევაში ინიშნება დამატებითი “ექსტრა-ენდი”.

1924-92 წლებში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ხუთჯერ მოეწყო საჩვენებელი ტურნირები ქერლინგში. ოლიმპიურ სახეობად აღიარეს სოკ-ის 1994 წლის სესიაზე, პროგრამაში კი 1998 წლიდან ჩართეს. პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ შვეიცარიის კაცთა და კანადის ქალთა გუნდები.

დატოვეთ კომენტარი