ყინულის ჰოკეი


ყინულის ჰოკეი, შაიბიანი ჰოკეი (ინგლ. hockey < ძველფრანგ. hoquet _ მწყემსის კაკვიანი კომბალი). პოპულარული გუნდური სპორტული თამაში ყინულზე. მოთამაშენი ყვანჭებით ერთმანეთს გადასცემენ შაიბას და ცდილობენ მეტოქის კარის დალაშქვრას.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1910 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის _ 1930-იდან, ქალთა შორის _ 1990-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1920-იდან _ კაცები, 1998-იდან _ ქალები.
სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა კანადაში. შაიბიანი ჰოკეის წინამორბედად ითვლება ბურთყვანჭიანი ჰოკეი _ ჰოლანდიაში XVII-XVIII საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული თამაში, რასაც ადასტურებს იმდროინდელ ჰოლანდიელ მხატვართა არაერთი გრავიურა და სურათი. ჰოლანდიიდან ყინულის ჰოკეი მოხვდა ინგლისში, იქიდან კი _ კანადაში. პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა 1875 წლის 3 მარტს მონრეალში, საციგურაო “ვიქტორიაზე”. თითოეული გუნდი 9-9 მოთამაშისგან შედგებოდა, შაიბა ხისა იყო. 1879 წელს მონრეალის უნივერსიტეტის სტუდენტმა უ. რობერტსონმა შეიმუშავა ახალი თამაშის პირველი წესები. მანვე შემოიღო რეზინის შაიბა. 1886 წელს პირველად გამოქვეყნდა თამაშის ოფიციალური კოდექსი, რომელიც რ. სმიტმა შეადგინა. იმავე წელს მოეწყო პირველი საერთაშორისო მატჩი კანადისა და ინგლისის გუნდებს შორის (გაიმარჯვეს კანადელებმა). 1890 წელს ჩამოყალიბდა კანადის ჰოკეის ასოციაცია. ყოველწლიურად იმართებოდა ჩემპიონატები. გამარჯვებულ გუნდს გადასცემდნენ სტენლის თასს, რომელიც 1893 წელს დააწესა კანადის გენერალ-გუბერნატორმა, ბრიტანელმა ლორდმა სტენლი პრესტონმა. სტენლის თასი ჯერ კანადის სამოყვარულო ჰოკეის უმაღლესი პრიზი იყო, შემდეგ _ კანადისა და აშშ-ის პროფესიონალთა გუნდების უმთავრესი ჯილდო. ეს გუნდები 1914 წელს გაერთიანდნენ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL). უფრო ადრე, 1908 წელს, პარიზში გამართულ კონგრესზე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბოჰემიის, შვეიცარიისა და ბელგიის წარმომადგენლებმა დააფუძნეს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია.
ყინულის ჰოკეისთვის პირველი დახურული, ხელოვნურსაფრიანი, 10000-ადგილიანი სტადიონი აშენდა მონრეალში 1899 წელს. ერთი წლის შემდეგ კანადელმა ფრენსის ნელსონმა გამოიგონა ჰოკეის კარის ბადე. მოგვიანებით განისაზღვრა სათამაშო მოედნის ზომა (61X30 მ), მატჩი დაიყო სამ 20-20-წუთიან პერიოდად, მოედნის მოთამაშეთა რაოდენობა კი ექვსამდე შემცირდა. 1929 წელს შემოიღეს მეკარის ნიღაბი, რომელიც პირველად მოირგო კლინტ ბენედიქტმა (“მონრეალ მერუნზი”). XX საუკუნის დასაწყისში ყინულის ჰოკეი ევროპის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.
ყინულის ჰოკეის ოლიმპიური დებიუტი შედგა ზაფხულის VII თამაშებზე (1920, ანტვერპენი). მონაწილეობდა 7 ქვეყანა. გაიმარჯვა კანადამ, რომლის ღირსებასაც იცავდა საკლუბო გუნდი “ვინიპეგ ფოლკენსი”. 1924 წლიდან ყინულის ჰოკეი ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია. კანადელებმა კიდევ ზედიზედ 3 ოლიმპიადა მოიგეს, 1936 წელს კი I ადგილზე დიდი ბრიტანეთი გავიდა. მომდევნო ორი თამაშები (1948, 52) კვლავ კანადელებმა მოიგეს, 1956 წლიდან კი ოლიმპიურ ასპარეზზე გამოჩნდა სსრკ ნაკრები, რომელმაც 7 თამაშებში გაიმარჯვა (1960 და 1980 წლების გამოკლებით). 1992 წელს რუსები უკვე რუსეთის სახელით გამოვიდნენ და კვლავ ჩემპიონები გახდნენ. ყველაზე მეტი _ 3-3 ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული ვიტალი დავიდოვს, ვიქტორ კუზკინს, ალექსანდრ რაგულინს, ვლადისლავ ტრეტიაკს, ანატოლი ფირსოვს და ანდრეი ხამუტოვს (ყველა _ სსრკ). 1998 წლიდან ოლიმპიურ თამაშებში ჰოკეისტ ქალთა გუნდებიც მონაწილეობენ.

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია (International Ice Hockey Federation-IIHF ) დაარსდა 1908 წლის 16 მაისს პარიზში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: ბელგია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და შვეიცარია. აერთიანებს 63 ქვეყნის ფედერაციას.
მსოფლიოს ჩემპიონატი (კაცები). ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წელს ჩაატარა, თუმცა იმავე წელს გამართულ კონგრესზე 1924 და 1928 წლების ოლიმპიურ ტურნირებსაც მსოფლიოს ჩემპიონატების სტატუსი მიანიჭა. მას შემდეგ ეს შეჯიბრება ყოველწლიურად ეწყობა (გამონაკლისი იყო მხოლოდ II მსოფლიო ომის პერიოდი და 1980, 1984, 1988 წლები, როცა ასპარეზობა არ ჩატარდა ოლიმპიური ტურნირის გამო). 1968 წლის ჩათვლით ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამით გამართულ ჰოკეისტთა ტურნირები მსოფლიოს ჩემპიონატებადაც ითვლებოდა. 1975 წლიდან შეჯიბრებაზე პროფესიონალებიც დაუშვეს.
ევროპის ჩემპიონატი (კაცები). ევროპის ქვეყნების ეროვნული გუნდების უძველესი ტურნირი. პირველად გაიმართა 1910 წელს შვეიცარიაში. 1927-მდე და 1929, 1932 წლებში დამოუკიდებელი შეჯიბრება იყო, სხვა დროს კი ევროპის ჩემპიონი მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ ტურნირში ვლინდებოდა. 1991 წლიდან ევროპის ჩემპიონატები ცალკე იმართება.
დამოუკიდებელ ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებულები: 1910 დიდი ბრიტანეთი, 1911 ჩეხეთი, 1912 ჩეხეთი, 1913 ბელგია, 1914 ჩეხეთი, 1921 შვედეთი, 1922 ჩეხოსლოვაკია, 1923 შვედეთი, 1924 საფრანგეთი, 1925 ჩეხოსლოვაკია, 1926 შვეიცარია, 1927 ავსტრია, 1929 ჩეხოსლოვაკია, 1932 შვედეთი.
მსოფლიოს ჩემპიონატი (ქალები). 1990 წლიდან გამართულ რვავე ჩემპიონატში  კანადის ნაკრებმა გაიმარჯვა.

საქართველოში, ისევე როგორც სამხრეთული ქვეყნების უმრავლესობაში, ყინულის ჰოკეი ვერ განვითარდა. თუმცა მისი დამკვიდრება რამდენიმეჯერ სცადეს. პირველად ეს 1960-იან წლებში მოხდა. საქართველოში ორი წლით ადრე შეუდგნენ გუნდის მომზადებას სსრკ ხალხთა ზამთრის პირველი სპარტაკიადისთვის (1962), რომელზეც ყველა რესპუბლიკა საგანგებოდ მიიწვიეს. მოსკოვიდან მოიწვიეს მწვრთნელი ვალენტინ ზახაროვი, 1961 წლის იანვარში კი ბაკურიანში რესპუბლიკის პირველი ჩემპიონატიც გაიმართა. შეჯიბრებაში თბილისის, ბათუმის, ახალქალაქის, ქუთაისის, ადიგენისა და დუშეთის 7 გუნდი მონაწილეობდა. გუნდებში ძირითადად საქართველოში დისლოცირებული სსრკ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები შედიოდნენ, თუმცა მათთან ერთად ახალი თამაშის დაჭაშნიკება ქართველმა ენთუზიასტებმაც სცადეს. რესპუბლიკის პირველი ჩემპიონის სახელი მოიპოვა ახალქალაქის გუნდმა, რომელმაც ფინალში ბათუმის გუნდს 9:4 მოუგო. მონაწილეობა არ მიუღია თბილისის პირველ გუნდს, რომელიც იმ დროს მოკავშირე რესპუბლიკების ჩემპიონატში თამაშობდა. საქართველოს სახელით გამოსულმა გუნდმა ორჯერ წააგო ესტონეთთან (0:25 და 0:12), მერე კი ბელორუსიისა და უკრაინის ნაკრებებთან დამარცხდა. გათამაშების მეორე ეტაპზე, რომელიც ბაკურიანში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა კვლავ ყველა მატჩი წააგო, თუმცა უკვე შედარებით საპატიო ანგარიშით (უკრაინასთან _ 2:5 და 0:7, ბელორუსიასთან _ 4:11). საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: კორძაია (მეკარე), ლეჟავა, სააკაძე, მამალაძე, სტაროსელცევი, სოკოლოვი, დონაძე, კალინინი, ნაცვლიშვილი და ზახაროვი (მოთამაშე-მწვრთნელი).
1962 წლის თებერვალში ჩატარდა საქართველოს II ჩემპიონატი. ამჯერად შეჯიბრებაში თბილისის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, მესტიის, ქუთაისისა და ბათუმის 8 გუნდი ჩაება. ჩემპიონობა მოიპოვა თბილისის პირველმა გუნდმა, რომელმაც ფინალში წინა პირველობაში გამარჯვებული ახალქალაქის ჰოკეისტები 4:2 დაამარცხა. ჩემპიონატის შემდეგ შეიქმნა საქართველოს ნაკრები, რომელმაც 1962 წლის მარტში სსრკ ხალხთა ზამთრის სპარტაკიადაში ითამაშა. გუნდმა ორი მატჩის მოგება შეძლო (ყირგიზეთთან _ 1:0, სომხეთთან _ 11:2) და 12 მონაწილეს შორის X ადგილზე გავიდა. საქართველოში ყინულის ჰოკეის მიმართ ინტერესი კვლავ გაჩნდა 70-იან წლებში, კანადა-სსრკ-ის სერიების შემდეგ. 60-იანი წლების ნაკრების წევრმა ნოდარ დონაძემ ჩამოაყალიბა მოზარდთა გუნდი “პირველი მერცხალი”, რომელმაც მოსწავლეთა საკავშირო შეჯიბრებაში _ “ოქროს შაიბაშიც” ითამაშა. ამ გუნდის მეკარემ, კოტე ბახუტაშვილმა 1988 წელს სსრკ იუნიორთა ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 1988-89 წლებში იგი მოსკოვის ცსკა-ს წევრი იყო, შემდეგ კი ყაზანის “იტილში” გამოდიოდა.

შეჯიბრების წესი : თამაშობს ორი გუნდი ყინულით დაფარულ მოედანზე, რომლის სიგრძეა 56-61 მ, სიგანე _ 26-30 მ (ჩრდილოეთ ამერკაში მოედანი ტრადიციულად უფრო ვიწროა, ვიდრე ევროპაში). გუნდში 20 კაცია, მაგრამ მოედანზე თითოეული გუნდიდან ერთდროულად იმყოფება 6-6 მოთამაშე (მათგან ერთი მეკარეა). მოედნის მოთამაშეებისა და მეკარის შეცვლა ნებადართულია თამაშის ნებისმიერ მომენტში, შეუზღუდავად. თამაშის მიზანია მეტოქის კარში რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა. კარის სიგანეა 1,83 მ, სიმაღლე _ 1,22 მ, აქვს ბადე. გოლი გატანილად ითვლება, თუ შაიბა კარის პირით ხაზს გადაკვეთს. მოედანი შემოსაზღვრულია ხის ან პლასტიკის თეთრად შეღებილი კედლით, ე.წ. ბორტით, რომლის სიმაღლეა 1,20-1,22 მ. ჰოკეისტები დგანან სტანდარტულ ციგურებზე (აკრძალულია ფიგურული სრიალისა და ჩქაროსნული რბოლისთვის განკუთვნილი ციგურების გამოყენება), ხელში უჭირავთ ხის ყვანჭი (შეიძლება პლასტიკის ან ალუმინისგან დამზადებული ყვანჭის ხმარებაც), რომელსაც შაიბას ურტყამენ. ყვანჭის სწორი ნაწილის სიგრძეა 135 სმ, სიგანე _ 3 სმ, სისქე _ 2,5 სმ; მოკაუჭებული ნაწილის სიგრძე _ 37 სმ, სიგანე _ 7,5 სმ. მეკარის ყვანჭი განსხვავებულია: მოკაუჭებული ნაწილისა და სწორი ნაწილის ქვედა მონაკვეთი (61 სმ) სიგანით 9 სმ-ია. თამაშობენ ვულკანიზებული რეზინისგან დამზადებული, 2,54 სმ-ის სიმაღლისა და 7,62 სმ დიმეტრის შაიბით, რომლის წონაა 156-170 გ. ჰოკეისტები მოედანზი გამოდიან სპორტული ფორმით, ხელთათმნებით, დამცავი ჩაფხუტებით (მეკარეებს, დამატებით, სახის დამცავი ნიღაბიც უკეთიათ), ფორმის ქვეშ ატარებენ გულმკერდის, კისრის, მხრების საფარს, წვივსაფარს, სამუხლეებს, საიდაყვეებს. მეკარის ერთი ხელთათმანი განკუთვნილია ნატყორცნი შაიბის ჰაერში დასაჭერად (მისი სიგრძეა 41 სმ, სიგანე _ 23 სმ), მეორე ხელთათმნის ზურგის მხარე ერთგვარი ფარია, რომლის სიგრძეა 41, ხოლო სიგანე _ 23 სმ. თამაში შედგება სამი 20-20-წუთიანი პერიოდისაგან, (ითვლება მხოლოდ ის დრო, როცა შაიბა თამაშშია), შესვენება_15 წთ. ყოველი პერიოდის შემდეგ გუნდები კარებს ცვლიან. დამატებითი პერიოდი (10 წთ) ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ პლეი-ოფის სისტემით აუცილებელია გამარჯვებულის გამოვლენა. გოლის გატანისთანავე თამაში წყდება. თუ დამატებითი პერიოდი გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, ინიშნება საჯარიმო დარტყმების სერია. ყოველ გუნდს თამაშის განმავლობაში შეუძლია ერთი 30-წამიანი ტაიმ-აუტის აღება. თამაშს სჯის მთავარი მსაჯი, აგრეთვე ორი გვერდითი მსაჯი, ორი მსაჯი კარებს უკან. ყინულის ჰოკეიში ნებადართულია ძალისმიერი ორთაბრძოლა. წესების დარღვევისა და უხეში თამაშისთვის მსაჯი სჯის წესის დამრღვევს. სასჯელი სხვადასხვაგვარია: მცირე ჯარიმა (დამრღვევს მოედნიდან აძევებენ 2 წუთით, მის მაგიერ კი მოედანზე თანაგუნდელი გამოდის); დიდი ჯარიმა (დამრღვევს აძევებენ მოედნიდან 5 წუთით, მის ნაცვლად თანაგუდელის გამოსვლა აკრძალულია). თუ იგივე მოთამაშე მეორედ მიიღებს დიდ ჯარიმას, მას თამაშის ბოლომდე აძევებენ (მის ნაცვლად თანაგუნდელს მოედანზე გამოსვლის უფლება 5 წუთის შემდეგ ეძლევა); დისციპლინარული ჯარიმა (დამრღვევი მოთამაშის გაძევება მოედნიდან 10 წუთით ან თამაშის ბოლომდე. ორივე შემთხვევაში სათადარიგო მოთამაშეს უფლება აქვს მაშინვე შეცვალოს გაძევებული); მატჩ-ჯარიმა (დამრღვევის გაძევება თამაშის ბოლომდე. მისი შემცვლელი 5 წუთის შემდეგ გამოდის მოედანზე). საჯარიმო ტყორცნა, ანუ ბულიტი შემდეგნაირად სრულდება: მსაჯი შაიბას დებს გასათამაშებელ ცენტრალურ წერტილზე და ჰოკეისტს ნიშანს აძლევს, მოთამაშე იწყებს შაიბიანად მოძრაობას დაჯარიმებული გუნდის კარის მიმართულებით და ცდილობს გოლის გატანას. ტყორცნის შემდეგ საჯარიმო დარტყმა შესრულებულად ითვლება.

დატოვეთ კომენტარი