შაში


შაში. სპორტულ-სამაგიდო ინტელექტუალური თამაში ორი კაცის მონაწილეობით მრგვალი მუქი და ღია ფერის კოჭებით კვადრატულ მრავალუჯრედიან დაფაზე, რომლის უჯრედები მონაცვლეობით შეღებილია მუქ და ღია ფერებად. არსებობს შაშის მრავალი სხვაობა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც დაფის უჯრედებისა და კოჭების რაოდენობით, ისე წესებით. ყველაზე ცნობილია ინგლისური (ამერიკაში ეწოდება ჩეკერსი), გერმანული, ესპანური, რუსული (12 კოჭი 64-უჯრედიან დაფაზე), ფრანგული, პოლონური (20 კოჭი 100-უჯრედიან დაფაზე), კანადური (30 კოჭი 144-უჯრედიან დაფაზე) შაში. 100-უჯრედიანი ფრანგული შაში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელდა და საერთაშორისო შაში ეწოდა.
თამაშის წესებით, კოჭი გადაადგილდება ერთ მუქ უჯრაზე დიაგონალურად წინ ნებისმიერი მიმართულებით. მეტოქის კოჭის მოსაკლავად (მოკვლა შეიძლება წინ და უკან სვლით) საკუთარი კოჭი მოწინააღმდეგის კოჭზე უნდა გადაატარო და დასვა მის შემდეგ თავისუფალ უჯრაზე. დაფის უკანასკნელ ჰორიზონტალურ ხაზამდე მიყვანილი კოჭი გადაიქცევა “დამკად”, რომელსაც ნებისმიერ მანძილზე შეუძლია გადაადგილება. თამაშის მიზანია მეტოქის კოჭების მოსპობა ან ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, როდესაც მათ არც ერთი სვლის საშუალება აღარ ექნებათ.
შაში ერთ-ერთი უძველესი თამაშია მსოფლიოში. ქალაქ ურის (დღევანდელი ერაყის ტერიტორია) არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილმა მასალამ ცხადყო, რომ ძვ.წ. 3000 წლისთვის შაშის მსგავსი თამაში უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო. ეგვიპტეში, ფარაონ ტუტანხამონის (ძვ.წ. 1400-1392 წლები) აკლდამაში ნაპოვნია შაშის ოცდაათუჯრედიანი დაფა. ძველბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის ნაშრომში მოყვანილი მითის მიხედვით, შაში გამოიგონა ანტიკური პანთეონის ღვთაებამ, ჰერმესმა, რომელმაც მთვარის ღვთაებას შესთავაზა მასთან ეთამაშა და თუ მოუგებდა, ხუთი დღე მიეცა. ჰერმესმა გაიმარჯვა, 5 დღე მიიღო და 360 დღეს დაუმატა, რაც ჯამში ერთ წელიწადს შეადგენს. სხვა ვერსიით, შაში გამოიგონა ძველბერძენმა გმირმა პალამედმა, რომელიც ქალაქ ტროის ალყაში მონაწილეობდა. ალყა ათ წელიწადს გაგრძელდა და პალამედმა მოწყენილობისგან თავის დასაღწევად შაში გამოიგონა. საბერძნეთიდან შაში რომის იმპერიაში გავრცელდა, სადაც მას “ლატრუნკულის” უწოდებდნენ (“ლატრო” _ მეომარი). თანამედროვე ტიპის შაში,ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XII საუკუნის საფრანგეთში ჩამოყალიბდა. იქ მოხდა შაშის აღმოსავლური (მავრიტანული) ვარიანტის, ე.წ. ალკერკის ერთგვარი სინთეზი ჭადრაკთან, კერძოდ, შემოიღეს ორფერი დაფა და კოჭების უჯრედებში განლაგება. თავდაპირველად დაფა ერთფერი ყოფილა, კოჭებს კი ვერტიკალური და ჰორიზინტალური ხაზების გადამკვეთ წერტილებში ათავსებდნენ. მოდერნიზებულ თამაშს ევროპაში “ლაზიერი” უწოდეს, რადგან კოჭი, რომელიც ბოლო ჰორიზინტალს მიაღწევს, ჭადრაკის ლაზიერივით შორს დადის. XV საუკუნეში, როდესაც ევროპაში საჭადრაკო ლაზიერს (სპარსულ “ვეზირს”) დედოფალი, ანუ დამა უწოდეს, შეიცვლა შაშის სახელწოდებაც _ ევროპული ენების უმეტესობაში მის დასახელებაში დღესაც ფიგურირებს “დამა”. შუასაუკუნოვან ევროპაში შაში საკმაოდ პოპულარული იყო, ის მოხსენიებულია ბოკაჩოს “დეკამერონში” და სერვანტესის “დონ-კიხოტში”. მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება 1897 წლიდან. შაშის მსოფლიო ფედერაცია (FMJD) შეიქმნა 1947 წელს.
ჩეკერსი საქართველოში XX საუკუნის 90-იან წლებში დაინერგა. ქვეყნის პირველი ჩემპიონი გახდა ირაკლი შერაზადაშვილი (1991). პარალელურად ეწყობოდა მოზარდთა პირველობები. საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას მიაღწია თბილისელმა მამუკა ქავზიანიძემ, რომელმაც ჰოლანდიის საერთაშორისო ტურნირსა და იტალიის ღია ჩემპიონატში საპრიზო ადგილები დაიკავა.

2 კომენტარი სტატიაზე: შაში

  1. გიორგი says:

    მაინტერესებს ჩეკერში საქართველოს ჩემპიონობა არ იმართება ? მონაცილეობის სურვილი მაქვს გიორგი

  2. მე ძალიან მიყვარს ეს სახეობა. ვარ მრავალგზის ჩემპიონი , როგორც საქართველოს, ასევე კავშირის ხაზით.ვისაც სურს ამ სახეობის აღორძინება და განახლება, ერთად შევიკრიბოთ და შევქმნათ ფედერაცია ამ სახეობასი. ჩემი მობილურია 577275036

დატოვეთ კომენტარი