შხარა


შხარა. მწვერვალი ცენტრალური კავკასიონის მთავარ ქედზე, უმაღლესი მწვერვალი საქართველოს ტერიტორიაზე (5208 მ). ალპინისტური თავალსაზრისით, ერთ-ერთი ურთულესია ევროპაში. მთავარ შხარაზე პირველი წარმატებული ასვლა განახორციელეს ინგლისელმა ალპინისტებმა _ ჯ. კოკინმა, უ. ალმერმა და კ. როსიმ (1888 წლის სექტემბერი). 1940 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კავკასიონის მთავარი ქედის 20-მდე მწვერვალი, მათ შორის შხარა, დალაშქრეს ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეებმა, გოჯი ზურებიანმა, გაბრიელ და ბექნუ ხერგიანებმა. ეს იყო სარეკორდო ტრავერსი. სამხრეთ ფასადიდან პირველნი ავიდნენ ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ილია გაბლიანი, მაქსიმე გვარლიანი და ჭიჭიკო ჩართოლანი (1952). მათვე წარმატებით განვლეს ხალდე-ბეზენგის კედლის კედელი. იმავე პერიოდში წურუნგალა-შხარის ტრავერსი (ფიცხელას კედლით) გაიარეს ქუთაისელმა ალპინისტებმა ალექსანდრე ნემსვიწერიძემ, გრიგოლ გულბანმა, რამინ კვიციანმა და ლევან ახვლედიანმა. მთავარ შხარაზე შესრულებული ასვლებიდან ყველაზე რთულად მიჩნეულია მარშრუტი, რომელიც სამხრეთის კედლის ცენტრზე გადის. ეს მარშრუტი პირველად დაძლიეს შოთა მირიანაშვილმა, გიორგი აბაშიძემ, დიმიტრი დანგაძემ და ოთარ ხაზარაძემ (1969). მთავარ შხარაზე სულ გაკვალულია 10 მარშრუტი, რომელთა უმრავლესობა 5 B-6 A კატეგორიისაა.
დასავლეთ შხარაზე (5058 მ) პირველასვლა განახორციელეს ინგლისელმა _ ლ. როლესტოუნმა და ტ. ლონგსტაფმა (1903 წლის 25 აგვისტო). ისინი მწვერვალზე ავიდნენ სამხრეთის ქედიდან. დასავლეთის ქედით პირველამსვლელები იყვნენ ი. შინტლმეისტერი, ვ. მოლდანი და კ. პოპინგერი (1931). იგივე მარშრუტი 1933 წელს დაძლიეს ქართველმა ალპინისტებმა _ ალექსანდრე გვალიამ და ვიქტორ ჭეიშვილმა. პირველი რთული კლდოვანი მარშრუტი (სამხრეთი კონტრფორსით ხალდეს მყინვარიდან) 1958 წელს გაკვალეს დიმიტრი ობოლაძემ, ოტარ კაპანაძემ, დიმიტრი დანგაძემ და ავთანდილ ძიძიგურმა. მწვერვალის ჩრდილოეთ ფასადზე გაკვალულია ორი 6 A კატეგორიის სირთულის მარშრუტი (1980 _ ანატოლი ბლანკოვსკი; 1981 _ იური რაზუმოვი). ასევე ორი 6 A კატეგორიის მარშრუტია გაკვალული ხალდეს მყინვარიდან (1970 _ შოთა მირიანაშვილი, დიმიტრი დანგაძე, ოთარ ხაზარაძე, ალიოშა გავაშელი, ლევან ღლონტი; 1978 _ ოთარ ხაზარაძე, გიორგი აბაშიძე, სერგო ბარლიანი, შაქრო გაბისიანი, შოთა მირიანაშვილი). ტექნიკურად ყველაზე რთულ მონაკვეთად მიჩნეულია მარშრუტი, რომელიც შხარის მყინვარიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადის ცენტრში გადის (1971 _ შოთა მირიანაშვილი, დიმიტრი დანგაძე, გიორგი აბაშიძე, ოთარ ხაზარაძე, ალიოშა გავაშელი).

დატოვეთ კომენტარი