ისტორია

“საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი” დაარსდა 2010 წლის მაისში. ერთად გავერთიანდით სხვადასხვა თაობის ოლიმპიელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. კლუბის სამოქმედო მიზანს წარმოადგენს: ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებისთვის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობა სპორტში და ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში; ოლიმპიური იდეების განხორციელება; ინფორმაციის მიწოდება, როგორც მთლიანად საზოგადოებისა, აგრეთვე მოსწავლე ახალგაზრდობისათვის საკუთრივ სპორტში არსებულ და არაჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე საფრთხეების შესახებ.

ბევრისათვის დღეს უცხო და ხშირ შემთხვევაში ინტერესს მოკლებულია აქტიური სპორტული საქმიანობა. მოზარდები არ იცნობენ იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა სპორტულ სახეობებში გამარჯვება მოუტანეს ქვეყანას. ეს მით უფრო საწყენია, რომ საქართველოს ბევრი სასიქადულო ოლიმპიელი სპორტსმენი ჰყავს, რომელთა წარმატებები უკვე ჩაიწერა მსოფლიო სპორტული ცხოვრების ისტორიაში. ასევე მოზარდების უმრავლესობა არათუ არ ფლობს ინფორმაციას ოლიმპიური მოძრაობისა და ოლიმპიზმის ძირითადი ფასეულობების შესახებ, არამედ შორსაა რიგი სპორტული სახეობების იდენტიფიცირებისგან.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად კლუბს თავისი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული აქვს მასობრივი ხასიათის წარმომადგენლობითი შეხვედრების ორგანიზება საქართველოს ყველა უმაღლეს, პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, საჯარო სკოლებში, საჯარისო ფორმირებებში, ბავშვთა სახლებში, საავადმყოფოებში, არასრულწლოვანთა კოლონიებში და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ლტოლვილების კომპაქტური განსახლების ადგილებში (საშუალოდ 3000 შეხვედრა 3 წლის განმავლობაში).

ღონისძიებებზე მონაწილეობას იღებენ ოლიმპიელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. შეხვედრის მონაწილეებს ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც მოტანილია სტატისტიკური მონაცემები, მოკლე ანოტაციები სპორტსმენების, ოლიმპიური მოძრაობის, ჯანმრთელი ცხოვრების წესის ძირითადი ატრიბუტების შესახებ, მოცემულია მარტივი ტიპის გამაჯანსაღებელი ვარჯიშების სქემატური ნიმუშები. ასევე წარმოდგენილია ფოტო და ვიდეო მასალა,  განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის აქტივობებიც -  სპორტული ვიქტორინა, მხიარული სტარტები, ნერგების დარგვა და ა.შ.

ჩვენი კლუბის ლოზუნგია: ფიზიკური კულტურა და სპორტი აერთიანებს ხალხს სარწმუნოების, რასის, სოციალური ფენის, პოლიტიკური შეხედულებებისა და ეროვნების მიუხედავად.

ჩვენ ვესტუმრებით ყველა სკოლას, ყველა სასწავლებელს, ყველა დაწესებულებას. სამ წელიწადში შევხვდებით 1 000 000-მდე ახალგაზრდას.

ჩვენ აუცილებლად მოვალთ თქვენთან!