ცხენოსნობა


ცხენოსნობა. ცხენ-მხედართა სპორტული შეჯიბრება სხვადასხვა დისციპლინაში (ხედნილობა, კონკური, სამჭიდი, მარულა, დოღი და სხვ.)
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები იმართება 1953 წლიდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1900-იდან.
სავარაუდოდ, ცხენი მოიშინაურეს ძვ.წ. მეოთხე-მესამე ათასწლეულში შუა აზიასა და ირანში. შუა და სამხრეთ ევროპაში შინაური ცხენი მესამე-მეორე ათასწლეულში გამოჩნდა. ცხენს იყენებდნენ გამწევ ძალად, სატრანსპორტო და საბრძოლო საშუალებად. ეტლებით რბოლა, დოღი და პირველი ცხენოსნური თამაშები გავრცელდა ძვ.წ. 2700-იანი წლებიდან. ეტლებით რბოლა განსაკუთრებით პოპულარული იყო ძველ რომსა და საბერძნეთში. ძვ.წ. 680 წლიდან ჩვ.წ. 394 წლამდე ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შედიოდა. იპოლოგიის შესახებ თიხის ფირფიტებზე შესრულებული უძველესი ჩანაწერები ძვ.წ.VII ს. განეკუთვნება და ჩვენამდე მოღწეულია კიკია ხურიტელის ტრაქტატის სახელწოდებით. აქ აღწერილია ხეთური ცხენის ხედნის, წვრთნისა და მოვლის წესები. იმ პერიოდის ცნობების მიხედვით, ხეთებისა და სუბარების ცხენოსნური ოსტატობა მაყურებელთა აღტაცებას იწვევდა ძვ.წ. 400 წელს შექმნილი მეორე მნიშვნელოვანი იპოლოგიური ნაშრომი _ “ცხენოსნობის ხელოვნების შესახებ” _ ქსენოფონტეს ეკუთვნის, თავად ქსენოფონტე კი კლასიკური ცხენოსნობის ფუძემდებლად ითვლება. ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ შესანიშნავი მხედრები ყოფილან ალექსანდრე მაკედონელი, პლუტარქე, პომპეუსი, ჰორაციუსი და სხვა ცნობილი ადამიანები. ცხენოსნობის განვითარებაში ინდოევროპელებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აზიის მომთაბარე ხალხებს. მონათმფლობელურ და ფეოდალურ სამყაროში ცხენოსნობა მმართველი კლასის პრივილეგია იყო, ცხენებით ნადირობა და ცხენოსნური შეჯიბრებები რაინდთა საყვარელ გართობად ითვლებოდა. გამუდმებული ომების ეპოქაში ცხენოსნობას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ ცხენის ხედნასთან ერთად ყურადღება ექცეოდა მისი ბუნებრივი თვისებების, სისწრაფის, გამძლეობისა და მოქნილობის განვითარებას.
ევროპაში სპორტული დანიშნულების პირველი ცხენოსნური საწვრთნელი სკოლები XVI საუკუნეში გაჩნდა. ეს სახეობა ფართოდ გავრცელდა იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში. სახელი გაითქვეს ნეაპოლის, მადრიდის, ვერსალის, ვენის ცხენოსნურმა სკოლებმა. ვენის სკოლა პირველად მოხსენიებულია 1572 წლის წერილობით წყაროებში. თანამედროვე ცხენოსნობის ფუძემდებლებად ითვლებიან XVII-XIX საუკუნების ცნობილი ოსტატები, ფრანგები _ ფრანსუა ბოშე, დ’ორი და ლ’ოტი, გერმანელი გუსტავ შტაინბრეხტი, ავსტრიელი მაქს პიტერ ვეიროტერი და სხვები. იმ პერიოდში, როცა კონტინენტურ ევროპაში ცხენის გაწვრთნის და მართვის ტექნიკას ხვეწდნენ, ინგლისში გავრცელდა დოღი და სტიპლ-ჩეიზი, რასაც ხელი შეუწყო XVII საუკუნის მეორე ნახევარში, კარლ II-ის მმართველობის წლებში, წმინდა სისხლის საჭენაო ცხენის გამოყვანამ. 1750 წელს ინგლისში სამეფო ცხენსაშენის ბაზაზე დაარსდა ჟოკეი-კლუბი, რომელიც დოღების მთავარ ორგანიზატორად და კანონმდებლად იქცა. მისი წესები და პირობები მისაღები აღმოჩნდა წმინდა სისხლის ცხენების მომშენებელი ევროპული ქვეყნებისთვის. XIX საუკუნეში საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ბელგიაში გაიხსნა კონკურის სკოლები, სადაც მხედრებს დაბრკოლებათა გადალახვას ასწავლიდნენ და შეჯიბრებებისთვის ამზადებდნენ. იმავე პერიოდში აზიაში, ევროპასა და ამერიკაში ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ცხენოსნური თამაშების განვითარებისათვის.
1900 წელს პარიზში გამართული ცხენოსანთა სადებიუტო ოლიმპიური ტურნირის პროგრამაში ოთხი დისციპლინა შევიდა: დაბრკოლებათა გადალახვა, სიმაღლეზე და სიგრძეზე ხტომა და ცხენბურთი. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ბელგიელი ემე ჰეგემანი (დაბრკოლებათა გადალახვა). მომდევნო თამაშებში ცხენოსანთა შეჯიბრება საერთოდ არ გამართულა, 1908 წლის ოლიმპიადის სარბიელზე მედლებისთვის მხოლოდ ცხენბურთელები იბრძოდნენ. სხვადასხვა დროს ოლიმპიურ პროგრამაში შედიოდა დოღი 20 და 50 კმ-ზე, ვოლტიჟირება (ფიგურული ცხენოსნობა). 1948 წლიდან საბოლოოდ დადგინდა ოლიმპიური სახეობები: ხედნილობა (ცხენის გაწვრთნა), კონკური და ცხენოსნური სამჭიდი. ცხენოსანთა ოლიმპიურ ტურნირზე ქალი პირველად 1952 წელს გამოჩნდა. ეს იყო იდა ფონ ნაგელი (გფრ), რომელმაც ცხენის გაწვრთნაში გუნდური III ადგილი დაიკავა, ქალებში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მისმა თანამემამულემ, ლიზოლეტე ლიზენ ჰოფმა მოიპოვა (1968).

ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Equestre Internationale-FEI) დაარსდა 1921 წლის 28 მაისს ლოზანაში (შვეიცარია). დამფუძნებელი ქვეყნები: აშშ, ბელგია, დანია, იაპონია, იტალია, ნორვეგია, საფრანგეთი და შვედეთი. აერთიანებს 5 ტერიტორიულ ჯგუფად დაყოფილ 181 ქვეყნის ფედერაციას.

საქართველოში ცხენოსნობას უძველესი დროიდან მისდევდნენ. ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოური თუ ქართული წყაროები მოწმობენ, რომ საქართველო მხედრული ტრადიციების ქვეყანა იყო, სადაც წარმატებით ვითარდებოდა ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობა _ დოღი, ცხენოსნური თამაშები, ყაბახი, ისინდი, ჯირითი და სხვ. აქ ცხენის კულტის არსებობაზე მიუთითებს ძვ.წ. II-I ათასწლეულის ბრინჯაოს ბალთებზე შემორჩენილი გამოსახულებები, ხის ურიკები და ცხენის რიტუალური სამარხები, კოლხეთში, ნაოხვამუში, აღმოჩენილი ჯიშიანი ცხენის თიხის ფიგურა. დასტურდება, რომ ქართველურ ტომებს ცხენის მოშენება-გაწვრთნაში მთელ ურარტუში არ ჰყოლიათ ბადალი. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის ცნობით, ომის ღმერთისადმი მიძღვნილ დღესასწაულთან დაკავშირებით იბერთა მეფე ფარსმან ქველი თანმხლებ წარჩინებულებთან ერთად რომს სწვევია (II ს.) და ცხენოსნური ასპარეზობა გაუმართავს. ქართველთა ოსტატობით აღტაცებული იმპერატორის ბრძანებით, განსაკუთრებული პატივის ნიშნად, მარსის მოედანზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება აღუმართავთ.
ადრეული პერიოდის სავარჯიშო ნაგებობათა შორის ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია იპოდრომი და ცხენთსარბიელი. იპოდრომის შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკაში” ( კოლხეთში, “არსესი ველზე ვრცელი იპოდრომი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენას და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ” ), პროკოფი კესარიელისა და იოანე შავთელის თხზულებებში. ქართულ ცხენოსნურ ასპარეზობებზე მეტად საინტერესო ჩანაწერები და ნახატები დაგვიტოვეს XVII საუკუნის იტალიელმა მისიონერებმა _ არქანჯელო ლამბერტიმ, დიონიჯო კარლიმ და დონ კრისტოფორო კასტელმა. ცხენოსნობის დაწინაურება მნიშვნელოვანწილად განაპირობა მეგრული და თუშური ჯიშის ცხენების მოშენებამ. თუშეთში ყველაზე გავრცელებული ყოფილა ცხენების ჭენება, სამეგრელოში _ დოღი, ყაბახი, თარჩია, ისინდი. საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე ცხენოსანთა ტურნირები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იმართებოდა და ამ სანახაობას დიდძალი ხალხი ეტანებოდა.
აჭარაში ცხენოსნურ შეჯიბრებაში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ და ხშირად იმარჯვებდნენ კიდეც. ცხენოსნობას განსაკუთრებით ბევრი მიმდევარი ჰყავდა აფხაზეთში, აქაური მხედრები დიდი ოსტატობით გამოირჩეოდნენ.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ძველი ქართული მხედრული ტრადიციები განავითარეს რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფმა კავალერისტებმა, მათ შორის გიორგი და კონა ერისთავებმა, ივანე ანდრონიკაშვილმა, გრიგოლ და ილია ორბელიანებმა, იასონ ჭავჭავაძემ, ივანე ამილახვარმა და სხვებმა. თბილისში იპოდრომები მოეწყო დიდუბეში, საბურთალოზე, ვაკეში, დელისსა და ვეძისში. XIX საუკუნის მიწურულს ინგლისსა და ამერიკაში იმოგზაურეს გურულმა მხედრებმა და თავიანთი ხელოვნებით აღაფრთოვანეს იქაური მაყურებელი. 1912 წელს ლივერპულის სტიპლ-ჩეიზის დიდი პრიზი მოიგო კონსტანტინე ავალიშვილმა, რომელიც ჯერ მოსკოვის, მერე კი დიდუბის იპოდრომების ჟოკეი იყო.
1920-იანი წლებიდან ეროვნული სახეობების პარალელურად განვითარდა ცხენოსნობის ე.წ. კლასიკური სახეობები. 1923 წელს ჩამოყალიბდა ცხენთგამოცდის კომიტეტი. თბილისის კლუბ ”ოსოვიახიმში” გაიხსნა სპორტული ცხენოსნობის სექცია, სადაც მწვრთნელებად მუშაობდნენ მ. ჭავჭავაძე და შ. მაჩაბელი. მოგვიანებით კაპიტონ ნაჭყებიას თაოსნობით სპორტსაზოგადოება ”სპარტაკის” ბაზაზე შეიქმნა პირველი საცხენოსნო სკოლა. კლასიკურ სახეობათა დანერგვას საფუძველი ჩაუყარეს ოსკარ და ნატალია როგებმა, მათი საქმე კი ნაყოფიერად გააგრძელეს რევაზ კორძაიამ, რევაზ მანჯავიძემ, დიმიტრი წვერავამ, შ. აფციაურმა და სხვებმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახშირდა მასობრივი ცხენოსნური შეჯიბრებები, რომლებშიც მონაწილეობდნენ თბილისის, სენაკის, გუდაუთის, ოჩამჩირის, სოხუმის, გალის, ფოთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქუთაისის, წალენჯიხის, ქობულეთის, სიღნაღის ცხენოსნები. საქართველოს არაერთ ქალაქსა და რაიონში მოეწყო იპოდრომები და სპეციალური მოედნები. ცხენოსნური სპორტული სკოლები გაიხსნა გუდაუთაში, სოხუმში, ზუგდიდში, გალსა და ჩოხატაურში.
საქართველოში ცხენოსნობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კ. მიქელაძემ, ბ. დადიანმა, ე. ერისთავმა, გ. ივანიძემ, ფ. მჭედლიშვილმა, გიორგი ქიქავამ, კ. ხარებავამ, ი. ჩალიმ, დ. კანკავამ, ს. დარასელიამ, მიხეილ მაისეევ-ჩერკასკიმ, ვ. ჯგერენაიამ, ი. კიზირიამ, ვ. მაქაცარიამ, შ. ჭურღულიამ, გ. ჩხიკვაძემ, ვ. ლაშქარავამ, ჭ. კვარაცხელიამ, გ. გამზარდიამ, დ. ხოფერიამ, ლ. ჯაიანმა და სხვებმა.
მდიდარი ცხენოსნური ტრადიციების მიუხედავად, კლასიკურ სახეობებში საქართველოს მხედართა წარმატებები მხოლოდ საბჭოური შეჯიბრებებით შემოიფარგლა. სხვადასხვა დროს სსრ კავშირის ჩემპიონები იყვნენ ნატალია როგე-ვასილიევა, ზალატისკა ანშბა, ანატოლი დოლჟენკო, ავთანდილ კიკიანი და ხარლამ სიმონია. სახელი გაითქვეს აგრეთვე მურად ძიძიგურმა, ოთარ ხაინდრავამ, შოთა აფციაურმა, ალექსანდრე დგებუაძემ და სხვებმა.

საქართველოს ცხენოსნობისა და თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 30 მაისს.
1992 წლის ოქტომბრიდან თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშორისო ფედერაციის (UIPMB) წევრია.

პრეზიდენტები: დავით სალარიძე (1991-96), თენგიზ აბულაძე (1996-2003), ვალერიან როგავა (2003 წლიდან)
შეჯიბრების წესები: ცხენოსნობის კლასიკური სახეობებია: ხედნილობა (ცხენის გაწვრთნა), კონკური (დაბრკოლებათა გადალახვა)  და სამჭიდი.

ხედნილობაში ოფიციალური შეჯიბრებები ტარდება ქვიშით მოფენილ, სწორი ზედაპირის მქონე მანეჟზე, რომლის ზომებია 60X20 მ.  მანძილი მანეჟსა და მაყურებელს შორის უნდა იყოს სულ მცირე 20 მ, მანეჟის ღობის სიმაღლე – 30სმ. შეჯიბრების დროს მოწმდება ცხენის განვითარების ჰარმონიულობა და მისი შესაძლებლობები. მონაწილენი ასრულებენ სავალდებულო ვარჯიშებს – ცხენის სხვადასხვა ალურს (სვლას), შეჩერებას, მობრუნებას, ფიგურებსა და ა.შ.

ცხენი უნდა იყოს 14,2 ხელისგულზე მაღალი, რეგისტრირებული ეროვნული ფედერაციის მიერ, ამასთან, უსათუოდ ინგლისრუი ტიპის უნაგირი ედგას. ოფიციალურ შეჯიბრებებში მონაწილე მხედარი უნდა იყოს არანაკლებ 16 წლისა, ეროვნული ფედერაციის წევრი და იმავე ქვეყნის მოქალაქე რომლის მოქალაქეცაა ცხენის მფლობელი, უნდა ეცვას მუქი ჟაკეტი, თეთრი ბრიჯები და შავი ჩექმები, ეხუროს ცილინდრი და ეკეთოს დეზები. შოლტის ხმარება აკრძალულია. სამხედრო ან პოლიციელ სპორტსმენებს ნება ეძლევათ საკუთარი ფორმით გამოვიდნენ სარბიელზე. ეს არის სპორტის სახეობა, სადაც კაცები და ქალები ერთად ასპარეზობენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან.

შეჯიბრების წესებით გათვალისწინებულ დროში ცხენმა უნდა შეასრულოს ტექნიკური ელემენტები, რაც შესაბამისი ქულებით ფასდება. თუ მხედარი შეცდა, ისმის ზარის ხმა, რის შემდეგაც დავალების შესრულება გრძელდება იმ წერტილიდან სადაც სპორტსმენი შეცდა. ყოველი შეცდომისთვის დაწესებულია საჯარიმო ქულები: პირველად -2, მეორედ -4, მესამედ -8. მეოთხე შეცდომისთვის მონაწილე შეჯიბრებიდან იხსნება და უადგილოდ რჩება.

ასპარეზობას მანეჟის 5 სხვადასხვა წერტილში განლაგებული 5 მსაჯი ათ ბალიანი სისტემით აფასებს.

კონკური, ანუ დაბრკოლებათა გადალახვა ცხენოსნობის ყველაზე ფართოდ გავრცელებული დისციპლინაა. შეჯიბრება ტარდება შემოფარგლულ მოედანზე, სადაც განლაგებულია სხვადასხვა ტიპის 15-მდე დაბრკოლება. მარშრუტის დისტანცია განისაზღვრება დაბრკოლებათა რაოდენობითა და ასპარეზობის პირობებით. მხედარს, რომელიც საკონტროლო დროში ვერ ჩაეტევა საჯარიმო ქულები ერიცხება. ჯარიმაა დაწესებული მარშრუტზე დაწესებული ყველა სხვა შეცდომისთვისაც. ჩვეულებრივი კონკურის დროს დაბრკოლებათა სიმაღლე არ უნდა არემატებოდეს 1,70 მ და არ უნდა იყოს 4,50 მეტრზე განიერი. მარშრუტის მაქსიმალური სიგრძე სტარტის ხაზიდან ფინიშამდე, მეტრებში გამოხატული, უნდა უდრიდეს დაბრკოლებათა რიცხვს, გამრავლებულს 60-ზე.

ოფიციალურ შეჯიბრებებში გამოიყენება 12-15 დაბრკოლება, რომელთა სიმაღლე მერყეობს 1,30-დან 1,60; ხოლო სიგანე – 1,5-დან – 2,0 მ-მდე. წყლიანი წინაღობის სიგრძეა სულ მცირე 4 მ.

გამარჯვებულად ცხადდება შეჯიბრების მონაწილე, რომელიც ყველაზე ნაკლებ საჯარიმო ქულას მიიღებს და ყველაზე სწრაფად გაივლის მარშრუტს.

საერთაშორისო ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებში მოასპარეზე ცხენი უსათუოდ რეგისტრირებული უნდა იყოს ეროვნული ფედერაციის მიერ. მხედარი იმავე ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს რომლის მოქალაქეც ცხენის მფლობელია. მხედარს უნდა ეცვას წითელი ან შავი ჟაკეტი, თეთრი ბრიჯები, შავი ჩექმები და ეხუროს მონადირული ქუდი. შოლტის სიგრძე 75 სმ არ უნდა აღემატებოდეს.

სამჭიდი შედგება სამი ცალკეული შეჯიბრებისგან: სამანეჟო სვლა (ხედნილობა), საველე გამოცდები და დაბრკოლებათა გადალახვა (კონკური). შეჯიბრებები იმართება თანამიმდევრულად 3 დღის განმავლობაში. მხედარმა სამივე დისციპლინაში ერთი ცხენით უნდა იასპარეზოს. საერთაშორისო კლასის შეჯიბრებებში მონაწილე ცხენი არ უნდა იყოს 15 ხელიგულზე დაბალი და 6 წელზე ნაკლები ხნისა, ხოლო მხედარი – 18 წელზე ნაკლები ასაკისა. შეჯიბრების პორგრამაში შედის პირადი და გუნდური პირველობა. როგორც წესი, გუნდში 4 მხედარია, საერთო ჩათვლაში კი ითვალისწინებენ 3 საუკეთესო შედეგს. გუნდის თითოეული წევრი ამავე დროს განიხილება როგორც ინდივიდუალური მონაწილე და მის მიერ მოპოვებული ქულები, პარალელურად, პირად ჩათვლაშიც შედის.

საველე გამოცდები, რომელიც შეჯიბრების მეორე დღეს იმართება, 4 მონაკვეთზე ტარდება: ა) გზები და ბილიკები, ბ) დორი დაბრკოლებებით (სტიპლ- ჩეიზი), გ) გზები და ბილიკები, დ) კროსი.

სტიპლ-ჩეიზი მოიცავს დისტანციას 1800-დან 3000 მეტრამდე, სადაც თითოეულ კილომეტრზე სამ-სამი  120 სმ  სიმაღლისა და 2 მ სიგანის დაბკოლება დგას. კროსის დისტანციაა 4500 -7200 მ, ყოველ კილომეტრზე ოთხი 120 სმ სიმაღლისა და 3 მ სიგანის დაბრკოლებით.

დატოვეთ კომენტარი