ძალოსნობა


ძალოსნობა. სპორტის სახეობა. შეჯიბრება სიმძიმეების აწევაში მკაცრად დადგენილი წესით.

ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1896 წლიდან; ქალთა შორის – 1988-დან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის 1891-იდან; ქალთა შორის – 1986-იდან; ოლიმპიური სახეობაა: 1896-იდან (არ იყო შეტანილი 1900, 1908 და 1912 წლების თამაშების პროგრამაში) – კაცები, 2000-იდან – ქალები.

ვარჯიში და შეჯიბრება სიმძიმეების აწევაში ცნობილია კაცობრიობის ისტორიის უძველესი პერიოდიდან. ეგვიპტეში, უფლისწულ ბაგჰტის აკლდამაში აღმოჩნდა კედლის მხატვრობა, რომელზეც გამოსახულია სიმძიმეების აწევაში მოასპარეზე სამი მამაკაცი (თარიღდება ძვ.წ. 2040 წლით). ძველმა ბერძნებმა სიმძიმეებით ვარჯიშს ორგანიზებული ფორმა და სისტემატური ხასიათი მისცეს _ სწევდნენ საგანგებო საჯილდაო ქვებს. შემდგომ ქვები შეიცვალა ძელებით, რომლებსაც ორივე ბოლოზე ზანზალაკები ჰქონდა მიმაგრებული წონასწორობის დასაცავად (თუ ის დაირღვეოდა, ზანზალაკი აწკრიალდებოდა). ცნობილია ლეგენდა კროტონელი ათლეტის, მილოს შესახებ, რომელმაც პირველმა გამოიყენა პროგრესულად მზარდი ფიზიკური დატვირთვა, როგორც ვარჯიშის მეთოდი _ ყოველდღე სწევდა და მხრებით დაატარებდა ახალდაბადებულ ხბოს, სანამდე არ გაიზარდა და ვეება ხარად არ იქცა. შუა საუკუნეებში სიმძიმეების აწევას ძირითადად ჯარისკაცთა ფიზიკური მომზადებისთვის იყენებდნენ. XVIII საუკუნიდან ძალოსნობის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. გამოჩნდნენ პროფესიონალი ძალოსნები, რომლებიც ცირკში გამოდიოდნენ და მაყურებელს აცვიფრებდნენ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობებით. ძალოსნობის პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის იტალიელ ფელიჩე ნაპოლის. მან დიდი გავლენა მოახდინა პროფესორ ლოიუს ატილაზე, რომელმაც, თავის მხრივ, განჭვრიტა ათლეტიზმის შესაძლებლობანი და ძალზე ბევრი გააკეთა ძალოსნობის, როგორც სპორტის დამოუკიდებელი სახეობის, ჩამოყალიბებისთვის. სწორედ მან გამოიგონა სპორტული იარაღი, შტანგის წინამორბედი, ძელზე ჩამოცმული ორი ცარიელი სფერო, რომლებსაც ქვიშით ან რაიმე სხვა სიმძიმით ავსებდნენ, ამით მან შესაძლებელი გახადა წონის რეგულირება, დაკლება და მომატება. XIX საუკუნის შუა წლებში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ძალოსანთა შეჯიბრებები გახშირდა. განსაკუთრებით პოპულარული იყო ასპარეზობა განმეორებით აზიდვაში (ვინ უფრო მეტჯერ ასწევდა სიმძიმეს). როგორც სპორტის სახეობა, ძალოსნობა საბოლოოდ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. თანამედროვე ტიპის შტანგაც ამ დროს გამოიგონეს საფრანგეთში _ პროფესორ დესბონეს იდეის საფუძველზე ის დაამზადა ვინმე პელიტიერ-მონიემ. ძალოსანთა პირველი ასოციაცია დაფუძნდა გერმანიაში 1880 წელს. ევროპის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა როტერდამში 1896 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი კი უფრო ადრე, 1891 წელს გაიმართა ლონდონში. 1896 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებში ძალოსნები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ორ სახეობაში: შტანგის აზიდვაში ცალი და ორი ხელით. პირველი ჩემპიონები გახდნენ ინგლისელი ელიოტი, რომელმაც ცალი ხელით ასწია 71 კგ და დანიელი იენსენი _ 111,5 კგ ორივე ხელით. 1913 წელს გაიმართა ძალოსანთა პირველი საერთაშორისო კონგრესი, რომელმაც ძალოსანთა მსოფლიო კავშირი დააფუძნა. 1920 წელს შეიქმნა ახალი ორგანიზაცია _ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF). 1920 წლიდან ძალოსნები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სამჭიდში (ატაცი, აკვრა ცალი ხელით, აკვრა ორი ხელით), 1924 წლიდან _ ხუთჭიდში (ატაცი და აკვრა ცალი ხელით, აჭიმვა, ატაცი და აკვრა ორი ხელით), 1928 წლიდან _ სამჭიდში (აჭიმვა, ატაცი და აკვრა ორი ხელით), 1976 წლიდან _ ორჭიდში (აკვრა და ატაცი). ძალოსნობაში აღირიცხება მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები. რეკორდი დამყარებულად ითვლება, თუ ცალკეულ მოძრაობაში ნაჩვენებ წინანდელ შედეგს ახალი მაჩვენებელი აღემატება სულ მცირე 500 გრამით, ორჭიდში კი _ 2,5 კილოგრამით. 1896 და 1904 წლების ოლიმპიადებზე სპორტსმენების წონითი კატეგორიების მიხედვით არ იყვნენ დაყოფილი. 1920 წელს შემოიღეს ხუთი წონითი კატეგორია (60, 67,5, 75, 82,5 კგ-მდე და 82,5 კგ-ს ზევით), 1948 წელს _ ექვსი (დაემატა 56 კგ-მდე). 1952 წელს _ შვიდი (დაემატა 90 კგ-მდე ), 1972 წელს _ ცხრა (52, 56, 60, 67,5, 75, 82,5, 90, 110 კგ-მდე და 110 კგ-ს ზევით), 1980 წელს _ ათი (დაემატა 100 კგ-მდე), 1993-იდან 1997 წლებამდე მიღებული იყო შემდეგი კატეგორიები: 54, 59, 64, 70, 76, 83, 91, 99, 108 კგ-მდე და 108 კგ-ს ზევით; 1998 წლიდან _ 8 წონითი კატეგორია კაცებისთვის და 7 ქალებისთვის.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (International Weightlifting Federation – IWF) დაარსდა 1905 წლის 10 ივნისს დუისბურგში (გერმანია). დამფუძნებელი ქვეყნები: გერმანია, დანია, იტალია და ჰოლანდია. აერთიანებს 167 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონფედერაციას.

საქართველოში გავრცელებულ ხალხურ ასპარეზობათა შორის, ქართულ ჭიდაობასა და ცხენოსნურ თამაშებთან ერთად, პოპულარული იყო შეჯიბრებები სიმძიმეების აწევაში. ზემო სვანეთში, ხევსურეთში, ქართლსა და რაჭაში ხშირად იმართებოდა ძალღონის გამოსაცდელი ტურნირები, რომელსაც სვანეთში “ბაჩა-ლიკედ” ერქვა, სხვაგან _ საჯილდაო ქვის აწევა. იყენებდნენ სხვადასხვა წონისა და ფორმის ქვას, სწევდნენ ცალი ან ორივე ხელით, გადაჰქონდათ ერთი ადგილიდან მეორეზე. გარდა ამისა, სვანეთში გავრცელებული ყოფილა შეჯიბრება ორფუთიანი მრგვალი ქვის ცალი ხელით აწევაში (“ბაჩა ლირიხვა აშხვ მეხარ” ). დღეს სიმძიმესთან შეჭიდების ხალხური ტრადიცია თითქმის დავიწყებულია.
როგორც სპორტის კლასიკური სახეობა, ძალოსნობა საქართველოში 1910-იან წლებში დაინერგა. პირველი ჯგუფი 1912 წელს გაიხსნა თბილისში. პეტრე მარღანიძის მიერ ორგანიზებულ “ათლეტურ არენაში”, გარდა ძალოსნებისა, გაერთიანდნენ მოჭიდავეები და მოკრივეები. 1915 წელს კიევში გამოსვლისას ორი ხელით ატაცში მსოფლიო რეკორდზე უკეთესი შედეგი აჩვენა გიორგი ჩიკვაიძემ, რომელიც შემდგომ ცნობილი სპორტული მოღვაწე გახდა. 1918 წელს ძალოსნობის სექცია ამუშავდა ახალდაარსებულ სპორტსაზოგადოება “შევარდენში”, შემდგომ _ საქართველოს პროფკავშირების დარგობრივ ორგანიზაციებში, აგრეთვე ბათუმში, სოხუმში, ქუთაისში, ოზურგეთში. 1926 წელს ჩატარდა თბილისის პირველი ჩემპიონატი, მომდევნო წელს _ საქართველოს პირველი ჩემპიონატი. მაღალ შედეგებს აღწევდნენ კონსტანტინე ზაუტაშვილი, მამია ჟღენტი, სერგო წკეპლაძე, ნიკოლოზ გილნერი, გრიგოლ კოსტავა, პავლე გუმაშიანი, არკადი აბაშმაძე, ალექსანდრე ჯეჯელავა და სხვები. საქართველოს ძალოსანთაგან სსრკ ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა მოისეი კასიანიკმა (1936), რომელმაც10 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო. 1950 წელს ევროპის პირველი ჩემპიონები გახდნენ თბილისელი სპორტსმენები ვლადიმერ სვეტილკო და რაფაელ ჩიმიშკიანი. 1950-იან წლებში ქვემსუბუქი წონის ძალოსანთა შორის საერთაშორისო სარბიელზე ლიდერობდა ჩიმიშკიანი, რომელმაც 11-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, 1952 წელს ჰელსინკში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2 წლის შემდეგ კი _ მსოფლიოს ჩემპიონისა. მოგვიანებით ამავე წონით კატეგორიაში დაწინაურდა დიმიტრი შანიძე _ მსოფლიოსა 1973) და ევროპის ჩემპიონი (1972), ოლიმპიური თამაშების ორგზის მეორე პრიზიორი (1968, 72). შანიძის შემდეგ თითქმის 20 წლის განმავლობაში საქართველოს წარმომადგენლებს დიდ შეჯიბრებებში მედალი არ აუღიათ. 1990-იან წლებში დიდი წარმატებები მოიპოვეს ცხინვალელმა ათლეტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა, რომელმაც ბარსელონის ოლიმპიადა (1992) საქართველოს სახელით მოიგო, მომდევნო ორ თამაშებში კი საბერძნეთის გუნდში გამოდიოდა. ასევე თვალსაჩინოა გიორგი ასანიძის სპორტული მიღწევები, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მოპოვებული წარმატებები ათენის ოლიმპიური ოქროს მედლით (2004) დააგვირგვინა. ქართული ძალოსნობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით გიორგი ჩიკვაიძეს, კონსტანტინე ზაუტაშვილს, მამია ჟღენტს, დიმიტრი კაპცოვს, რობერტ ტატიშვილს, შოთა წერეთელს, გიორგი ჩიტაძეს, ვანო გრიქუროვს.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 1 ივლისს.
1993 წლის 1 იანვრიდან ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა (IWF) და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) წევრია.
პრეზიდენტები: იური ქართველიშვილი (1991-93), რამაზ გურგენიძე (1993-2002), დავით ბეჟუაშვილი (2002 წლიდან).

შეჯიბრების წესები: ძალოსნები ასპარეზობენ კვადრატულ, 5-15 სმ-ის სიმაღლის ფიცარნაგზე (4X4 მ). კაცთა შეჯიბრებისას შტანგის ღერძი 20 კგ-ს იწონის, მისი სიგრძეა 2,2 მ, ხოლო დიამეტრი _ 2,5 სმ. ქალებისთვის განკუთვნილი შტანგის ღერძის წონაა 15 კგ, სიგრძე _ 2,01 მ, ხოლო დიამეტრი _ 2,5 ìსმ. øშტანგაზე წონის მოსამატებლად იყენებენ სხვადასხვა წონისა და ფერის დისკოებს: 25 კგ (წითელი), 20 კგ (ლურჯი), 15 კგ (ყვითელი), 10 კგ (მწვანე), 5 კგ (ტეთრი), 2,5 კგ (შავი), 0,5 და 0,25 კგ (ქრომირებული). მონაწილეს უნდა ეცვას საგანგებო კოსტუმი, რომლის ქვეშაც ნებადართულია მოკლე სახელოებიანი მაისურის ჩაცმა. ქამრის მაქსიმალური სიგანეა 12 სმ. ფეხსაცმლის ძირის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 0,5 სმ-ს, ხოლო საპირის სიმაღლე _ 13 სმ-ს. ნებადართულია მაჯების, მუხლებისა და ხელისგულების ელასტიკური ბინტით გადახვევა. შეიძლება პლასტირის დაწებება თითებზე ოღონდ ისე რომ თითის წვერები კარგად ჩანდეს
სპორტსმენები ერთმანეთს ეჯიბრებიან ორ ვარჯიშში – ატაცსა და აკვრაში. ატაცის შესრულებისას სპორტსმენმა შტანგა უნდა ასწიოს თავს ზემოთ, შეუჩერებლად, გამართულ ხელებზე, ფეხებში ჩაჯდომით, შემდეგ კი უნდა წამოდგეს და მუხლებში ბოლომდე გაიმართოს. აკვრაც ორი ძირითადი ფაზისგან შედგება: შტანგის აღება მკერდზე და მისი აკვრა მკერდიდან თავს ზემოთ, გამართულ ხელებზე. ძალოსანმა შტანგა მას შემდეგ უნდა დაუშვას, როცა რეფერი ნიშანს მისცემს.
შეჯიბრება ტარდება შემდეგ წონით კატეგორიებში: კაცები _ 56, 62, 69, 77, 85, 94, 105, +105 კგ; ქალები _ 48, 53, 58, 63, 69, 75, + 75 კგ. მონაწილეებს წონიან შეჯიბრების დაწყებამდე 2საათით ადრე. თითოეული წონის ასაწევად ძალოსანს 3 ცდა ეძლევა. მან წინასწარ უნდა გამოაცხადოს, რომელი წონიდან ჩაერთვება შეჯიბრებაში. ყოველი წონის დაძლევის შემდეგ სპორტსმენს უფლება აქვს მორიგი წონა შეუკვეთოს. შეჯიბრების მსვლელობისას დაშვებულია გამოცხადებული წონის შეცვლა და უფრო მაღალ წონაზე გადასვლა. ყოველი მომდევნო წონა წინაზე სულ მცირე 2,5 კგ-ით მეტი უნდა იყოს. გამონაკლისია სარეკორდო ცდა, როცა შეიძლება წონა 0,5 კგ-ით გაიზარდოს. არენაზე გამოძახებულ სპორტსმენს მოსამზადებლად ეძლევა 1 წუთი. 30 წამის გასვლის შემდეგ ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი. თუ 1 წუთის განმავლობაში სპორტსმენმა შტანგა ფიცარნაგს არ მოსწყვიტა, სამივე მსაჯი ამ ცდას წარუმატებლად ჩაუთვლის. ატაცსა და აკვრაში იმარჯვებს ის, ვინც თითოეულ ამ ვარჯიშში მეტ წონას ასწევს. ორჭიდში გამარჯვებული კი ამ ორი შედეგის დაჯამებით ვლინდება. თუ ორმა სპორტსმენმა ერთნაირი წონა დაძლია, გამარჯვებულად ჩაიტვლება ის ვინც ნაკლებს იწონის. თუ ეს მაჩვენებელიც ერთნაირია, უპირატესობა ენიჭება იმას, ვისაც ბოლო წონის დასაძლევად ნაკლები ცდა დასჭირდა.

დატოვეთ კომენტარი