წყალში ხტომა


წყალში ხტომა. სპორტის ერთ-ერთი უძველესი სახეობა. შეიცავს ტრამპლინიდან, კოშკიდან და სინქრონულ ხტომას.
ვროპის ჩემპიონატი იმართება 1890 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1973-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1904-იდან _ კაცები, 1912-იდან _ ქალები.
წყალში ხტომით ადამიანები უძველესი დროიდან ერთობოდნენ. მოგვიანებით ამ გართობამ პრაქტიკული მნიშვნელობა შეიძინა და მეთევზეთა, მყვინთავთა და ჯარისკაცთა პროფესიის შემადგენელ ნაწილად იქცა. მაგ., ძველ რომში ხომალდიდან წყალში ხტომა, თანაც სრული საბრძოლო აღჭურვილობით, ჯარისკაცთა ერთ-ერთი საწვრთნელი ვარჯიში იყო. შუა საუკუნეებში წყალში ხტომა უკვე მეტად პოპულარული გახდა. იმდროინდელ ავტორთა ცნობით, XVII საუკუნის გერმანიაში შეჯიბრებებიც კი ტარდებოდა. პირველი თანამედროვე ოფიციალური ტურნირი 1880 წელს დიდ ბრიტანეთში გაიმართა, 10 წლის შემდეგ კი ევროპის პირველი ჩემპიონატიც მოეწყო. პირველ მსოფლიო ომამდე უძლიერეს ოსტატებად ითვლებოდნენ შვედები (კოშკი) და გერმანელები (ტრამპლინი). შემდეგ ამერიკელებმა თავიანთი უნივერსალური სტილი შეიმუშავეს, რითაც საფუძველი ჩაუყარეს ამ სახეობის თანამედროვე ტექნიკას _ მაღალ ახტომსა და წყალში მაქსიმალურად უშხეფოდ ჩახტომას. ამ სტილის შემქმნელად მიჩნეულია 1908 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, შვედი ერნესტ ბრანდსტენი, რომელიც მოგვიანებით საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. შედეგად, ამერიკელი წყალში მხტომელები ნახევარი საუკუნის განმავლობაში ლამის უკონკურენციოდ იგებდნენ ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრებას. მხოლოდ XX საუკუნის 60-იან წლებში მომძლავრდნენ ევროპელი სპორტსმენები, 70-იანებიდან კი მათ ჩინელებიც დაემატნენ, რითაც ამ სახეობაში აშშ-ის უდავო უპირატესობა გაქარწყლდა. ამის მიუხედავად, ყველა დროის საუკეთესო წყალში მხტომელად აღიარებულია მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი, ამერიკელი გრეგ ლუგანისი.
XX საუკუნის 70-იანი წლებიდან საფუძველი ჩაეყარა ახალ სახეობას _ სინქრონულ ხტომას, რომელიც 1997 წლიდან ოფიციალური ტურნირების პროგრამაშიც შევიდა. წყალში ხტომა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში 1904 წელს შეიტანეს. შეჯიბრება ტარდებოდა ორ სახეობაში _ კოშკიდან და შორს ხტომაში. მომდევნო თამაშებში შორს ხტომა ე.წ. უბრალო ხტომამ შეცვალა, თუმცა მთავარ სახეობებად მაშინაც და შემდეგაც კოშკიდან და ტრამპლინიდან ხტომა ითვლებოდა. დიდი ხნის განმავლობაში უმთავრესად ამერიკელები პირველობდნენ, ხოლო ზედიზედ ორ თამაშებში “ოლიმპიური დუბლის” შესრულება (ორივე სახეობის მოგება) დღემდე მხოლოდ პატრიცია მაკკორმიკმა და გრეგ ლუგანისმა შეძლეს. ევროპელთაგან ყველაზე დიდი წარმატება იტალიელმა კლაუს დიბიასიმ მოიპოვა _ რეკორდსმენ ლუგანისის მსგავსად, მასაც 5 ოლიმპიური მედალი აქვს მოგებული (3 ოქროსი, 2 ვერცხლისა). იგი ერთადერთია, ვინც ზედიზედ სამ თამაშებში (1968, 72, 76) გაიმარჯვა. ბოლო ხანს უძლიერესთა ელიტაში აღმოჩნდნენ ჩინელები, რომლებმაც ატლანტაში (1996) 4-იდან 3 ოქროს მედალი დაისაკუთრეს. 2000 წლის სიდნეის ოლიმპიურ თამაშებში პირველად მოეწყო შეჯიბრება სინქრონულ ხტომაში.

საქართველოში წყალში მხტომელთა პირველი ოფიციალური შეჯიბრება გაიმართა 1928 წლის ოქტომბერში ბათუმში საზღვაო დღესასწაულის პროგრამით. მონაწილეთა შორის მეტწილად ცურვის მოყვარულები იყვნენ, რომლებმაც ახალ სახეობაში პირველად სცადეს ბედი. ისინი პრიმიტიულად ნაგები კოშკიდან პირდაპირ ზღვაში ხტებოდნენ.
წყალში ხტომის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო 1956 წლიდან, როცა თბილისში აშენდა ვაკის ზამთრის საცურაო აუზი თავისი ტრამპლინებითა და კოშკებით. მრავალი წლის განმავლობაში ეს იყო საქართველოში ერთადერთი აუზი, სადაც წლის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ვარჯიში. აქ დაოსტატდა ბორის პოლულიახი, რომელმაც საქართველოს წყალში მხტომელთაგან პირველმა მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვებები: 1961-68 წლებში ხუთჯერ გახდა სსრკ ჩემპიონი, 1962-ში კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო. 1964 წელს პოლულიახმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებშიც იასპარეზა და 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში მეექვსე შედეგი აჩვენა. 1970-იანი წლებიდან დიდ სარბიელზე გამოჩნდნენ ლიანა ცოტაძე და სერგო შალიბაშვილი, რომლებმაც 10-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ჯერ საკავშირო შეჯიბრებებში გაიმარჯვეს, შემდეგ კი _ საერთაშორისო ტურნირებში. ცოტაძე ერთადერთი ქართველი მხტომელია, ვინც ოლიმპიურ თამაშებში მედლის (ბრინჯაო) მოპოვება შეძლო. სერგო შალიბაშვილის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა: იგი 1983 წელს კანადაში მსოფლიო უნივერსიადაზე გამოსვლისას მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად დაიღუპა. მომდევნო თაობის წყალში მხტომელთაგან საუკეთესო იყო გიორგი ჩიგოვაძე: ევროპის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თანამედროვე საწყლოსნო სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულებამ (1978) და აქ გამართულმა საერთაშორისო ტურნირებმა ხელი შეუწყო საქართველოში წყალში ხტომის შემდგომ გავრცელებას. აღსანიშნავია იური გუტიაკულო-ვის, ალექსანდრე ბართაიას და სხვა მწვრთნელ-სპეციალისტთა ნაყოფიერი მუშაობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. მართალია, წყალში მხტომელები ეპიზოდურად მაინც ახერხებენ დიდ შეჯიბრებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას, მაგრამ ადრინდელთან შედარებით სპორტულმა შედეგებმა საგრძნობლად იკლო.

საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 2 აგვისტოს. 1992 წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო 1996 წელს, შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა (ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა) კონფედერაცია, შემდგომში _ ფედერაცია.
1992 წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო სამოყვარულო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია.
პრეზიდენტები: ბაკურ გულუა (1991-96), ვლადიმერ ისელიძე (წყალბურთის ფედერაციის _ 1992-96), ვლადიმერ გოიაშვილი (1996-04), გიორგი უდესიანი (2004 წლიდან).

შეჯიბრების წესები: შეჯიბრება ტარდება ამ მიზნისთვის საგანგებოდ აგებული კონსტრუქციებიდან: კოშკურიდან და ტრამპლინიდან. კოშკურის სიმაღლეა 10 მ, ტამპლინისა _ 3 მ. კოშკურის სასტარტო ბაქნის სიგრძეა 6 მ, სიგანე _ 2 მ, ტრამპლინისა კი, შესაბამისად _ 4,80 და 0,5 მ. ტრამპლინი დრეკადია, მოძრაობს ვერტიკალურ სიბრტყეში. გადმოხტომისას სპორტსმენები ჰაერში განსხვავებულ ფიგურებს ასრულებენ. არსებობს სხვადასხვა სახის ხტომები (წინდგომიდან – წინ ხტომა, უკანდგომიდან – უკან ხტომა, უკუდგომიდან – წინ ხტომა, ხრახნული ხტომა, ხელყირიდან ხტომა, რომელიც მხოლოდ კოშკურიდან სრულდება და ა. შ. ). ყველა ხტომას თავისი სირთულის ხარისხი აქვს. წყლის ზედაპირთან მიახლოებისას და წტალში შესვლისას სპორტსმენს სხეული ვერტიკალურად, სწორად უნდა ეჭიროს, ტერფები კი გაჭიმული. წყალში თავით შესვლისას წინ გაჭიმული ხელები სხეულის ხაზს პირდაპირ უნდა აგრძელებდეს. ამასთან, წყალში ჩაშვებისას შხეფები რაც შეიძლება ნაკლებად უნდა წარმოიქმნას.
წყალში ხტომის ძირითადი დისციპლინებია (ქალები, კაცები): 1. ტრამპლინიდან ინდივიდუალური ხტომა; 2. კოშკურიდან ინდივიდუალური ხტომა; 3. ტრამპლინიდან სინქრონული ხტომა; 4. კოშკურიდან სინქრონული ხტომა. შეჯიბრება რამდენიმე ეტაპად ტარდება. საწყის ეტაპზე კაცებს 6 ცდა ეძლევათ, ქალებს _ 5. შემდეგ ეტაპზე გადის საუკეთესო შედეგის მქონე 18 სპორტსმენი. მეორე, ნახევარფინალურ ეტაპზე კაცებსა და ქალებს კოშკურიდან ხტომისას ეძლევათ 4 ცდა, ტრამპლინიდან ხტომისას _ 5. მიღებული ქულები ემატება საწყისი ეტაპის მაჩვენებლებს. შემდეგ ეტაპზე გადის 12 საუკეთესო. მესამე, ფინალურ ეტაპზე ყველა შედეგი უქმდება და სპორტსმენები იმდენივე ცდას ასრულებენ, რამდენსაც წინა ეტაპებზე.
მსაჯები ითვალისწინებენ ნახტომის სირთულის ხარისხსა და შესრულების სიზუსტეს. შეფასება ხდება 10-ბალიანი სისტემით. 7 მსაჯი აცხადებს თავის შეფასებას, რაც შემდეგ ჯამდება და გამოითვლება საშუალო მაჩვენებელი. გამარჯვებულად ცხადდება ის, ვინც ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს

დატოვეთ კომენტარი