ჭადრაკი


ჭადრაკი. სამაგიდო თამაში, რომელიც სპორტის, მეცნიერებისა და ხელოვნების ელემენტებს შეიცავს. ჭადრაკის სამშობლოდ მიჩნეულია ინდოეთი, სადაც ეს თამაში 2000 წელზე მეტი ხნის წინათ ჩაისახა. ჭადრაკის წინამორბედს ჩატურანგა ერქვა, რაც სანსკრიტზე ნიშნავს ოთხთა თამაშს ოთხი სახეობის ჯარით (საბრძოლო ეტლები, სპილოები, მხედრობა, ქვეითები). ჩატურანგას (იხ. დიაგრამა 1) თამაშობდა თითოეული მხრიდან ორ-ორი კაცი. სვლების რიგითობა კამათლის გდებით წყდებოდა. გამარჯვებისთვის საჭირო იყო მოწინააღმდეგის ყველა ფიგურის, მათ შორის მეფის განადგურება ან პატის ჩასმა, რაც ასევე მოგებად ითვლებოდა. ფიგურები ოთხი ფერისა იყო _ შავი, მწვანე, წითელი და ყვითელი. მეფე, ეტლი და მხედარი ისე მოძრაობდა, როგორც თანამედროვე ჭადრაკში. ინდოეთიდან თამაში ჯერ აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში გავრცელდა, V-VI საუკუნეებში კი _ ირანშიც. იქ ერთგვარად სახე იცვალა, გაუმჯობესდა და შატრანჯი დაერქვა. შემოიღეს ახალი ფიგურა _ მეფის მრჩეველი, ანუ ლაზიერი (იხ. დიაგრამა 2). შატრანჯს ორი კაცი თამაშობდა და მიზანი მეფის დაშამათება იყო. “ჭადრაკის წიგნმა” (X ს.) შემოგვინახა ლეგენდა ჩატურანგას ირანში მოხვედრის შესახებ: ინდოეთის მეფე დევსარმა “ირანელთა გონისა და სიბრძნის გამოსაცდელად” შაჰინშაჰ ხოსრო I ანუშირვანს (გარდ. 579) ძვირფასი ქვისგან გამოკვეთილი 16-16 ფიგურა გაუგზავნა. თამაშის საიდუმლოება ბრძენმა ვაზურგმიხმა ამოიცნო. საპასუხოდ შაჰმა დევსარს ნარდი გაუგზავნა, მაგრამ ინდოელი სწავლულები ნარდის საიდუმლოებას ვერ ჩასწვდნენ. “ჭადრაკის წიგნის” მიხედვით, ინგლისელმა ისტორიკოსმა მერეიმ დაასკვნა, რომ შატრანჯი, ანუ მომავალი ჭადრაკი, 570 წელს შეიქმნა, თუმცა, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს უფრო ადრე, V ან, IV საუკუნეში უნდა მომხდარიყო. VIII-IX საუკუნეებში შატრანჯი არაბულ სამყაროშიც გავრცელდა. არაბებმა, თავის მხრივ, განავითარეს მათთვის ახალი თამაში, ფიგურებს გარეგნული სახე შეუცვალეს, შემოიღეს მეშატრანჯეთა კლასიფიკაცია სიძლიერის მიხედვით (ხუთი თანრიგი), დაიწყეს სპეციალური ტრაქტატების წერა ხალიფების ჰარუნ-ალ-რაშიდის, ალ-მამუნის და სხვათა დაკვეთით. იქ უძლიერეს მოთამაშეს ალია (დიდოსტატი) ერქვა. შატრანჯში ფიგურების მოძრაობა შეზღუდული იყო. საწყის პოზიციაში პაიკი მხოლოდ ერთ უჯრაზე გადაადგილდებოდა. ლაზიერიც ერთ უჯრაზე მოძრაობდა დიაგონალით, კუ _ სამ უჯრაზე დიაგონალით, ოღონდ, მხედრის მსგავსად, ფიგურაზე გადახტომა შეეძლო. თამაში მდორედ მიმდინარეობდა, ამიტომ შემოიღეს ე.წ. ტაბია _ გარკვეული სიმეტრიული პოზიცია, რომელიც 15-20 სვლის შემდეგ იქმნებოდა. ტაბიებს სახელებს არქმევდნენ: მაშაიხი (ბრძენი), საიადი (ნიაღვარი), საიფი (ხმალი) და სხვ. არაბები თხზავდნენ მანსუბებს (ამოცანებსა და ეტიუდებს). შატრანჯს ქალებიც თამაშობდნენ. ამის დასტურია ერთ-ერთი მანსუბი, რომელსაც “დილარამის შამათი” ეწოდება.
არაბებმა შატრანჯი ფართოდ გაავრცელეს. IX საუკუნეში მას უკვე თამაშობდნენ ევროპაში (არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია იმ პერიოდის ჭადრაკის ფიგურები). XI-XII საუკუნეებში ის ფეოდალური არისტოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მიღებული გასართობი იყო (მოხსენიებულია იმ დროის ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში _ “სიმღერა როლანდზე”, “ტრისტანი და იზოლდა” და სხვ.). რომის კათოლიკური ეკლესია კრძალავდა ჭადრაკს, რომელსაც აზარტულ თამაშად მიიჩნევდა, მაგრამ აკრძალვა უშედეგო აღმოჩნდა და 1400 წლისათვის გააუქმეს. XV-XVI საუკუნეებში არაბების შემოტანილმა თამაშმა სახე იცვალა _ ევროპაში დაფა შავ-თეთრი გახდა (აღმოსავლეთში ერთფერი იყო), შემოიღეს ახალი წესები: საწყის პოზიციაში პაიკის ორ უჯრაზე გადაადგილება, როქი; ლაზიერი და კუ ძლიერ ფიგურებად აქციეს (მათ მთელ დიაგონალზე გადაადგილების უფლება მიეცათ, თანაც ლაზიერი მეფის ვეზირი კი აღარ იყო, არამედ _ დედოფალი). ამ ცვლილებებმა ჭადრაკი გაცილებით დინამიკური გახადა _ შეიქმნა ფაქტობრივად ახალი თამაში _ სწრაფი, კომბინაციური, მრავალფეროვანი ტაქტიკური შესაძლებლობების მქონე. ამ პერიოდიდან ევროპაში იწერება და გამოიცემა მრავალრიცხოვანი საჭადრაკო ლიტერატურა, მათ შორის სახელმძღვანელოები, საჭადრაკო ამოცანათა კრებულები, ფილოსოფიური ტრაქტატები და მხატვრული ნაწარმოებებიც კი.
XVI-XVII საუკუნეებში ჩამოყალობდა პირველი საჭადრაკო სკოლა _ იტალიური _ რომელმაც ჭადრაკი ხელოვნების რანგში აიყვანა, წარმოაჩინა მისი სილამაზე და კომბინაციური შესაძლებლობები. XVIII საუკუნეში საჭადრაკო ცხოვრების ცენტრმა საფრანგეთში გადაინაცვლა. იმ პერიოდის უძლიერესი მოთამაშე იყო ფილიდორი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჭადრაკის განვითარებაში. მან დაამტკიცა, რომ ჭადრაკი შეიძლება მეცნიერული შესწავლის საგანი გახდეს და რომ საჭადრაკო თეორია მეცნიერებად უნდა იქცეს. საფრანგეთში ჭადრაკი ფართოდ გავრცელდა უბრალო ხალხში. ის უკვე აღარ ითვლებოდა ფეოდალთა პრივილეგიად. საჭადრაკო პაექრობები ხშირად კაფეებსა და კლუბებში იმართებოდა. XIX საუკუნეში ჭადრაკის განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა მსოფლიოს პირველმა ოფიციალურმა ჩემპიონმა ვილჰელმ სტეინიცმა, ჭადრაკის პოზიციური სკოლის შემქმნელმა. მან შეიმუშავა სრულიად ახალი სტრატეგია, რაც გამოიხატებოდა უმნიშვნელო უპირატესობათა დაგროვებაში საკუთარი პოზიციის გაძლიერებისა და მოწინააღმდეგის შესუსტების მიზნით. თუმცა, სტეინიცის თეორიას უარყოფითი მხარეც ჰქონდა: მისი ათვისება შედარებით იოლად შეიძლებოდა, ამიტომაც მომრავლდნენ “საშუალო” დონის ოსტატები, რომლებიც მანევრირებით, ლოდინის ტაქტიკით, თამაშის გამწვავებისთვის თავის არიდებით აღწევდნენ ყაიმს. სპეციალური ტერმინიც კი შეიქმნა: “დიდოსტატური ყაიმი”. XX საუკუნის დასაწყისში ამგვარი უინტერესო თამაშის საპირისპიროდ წარმოიშვა ახალი მიმდინარეობა _ “ჰიპერმოდერნიზმი”. მისმა წარმომადგენლებმა (არონ ნიმცოვიჩი, რიჰარდ რეტი, საველი ტარტაკოვერი) პოზიციური სკოლის დოგმატიკური წესები და დებულებები უარყვეს და თამაში საგრძნობლად გამოაცოცხლეს. აღსანიშნავია ალექსანდრ ალიოხინის წვლილი _ მან საჭადრაკო კომბინაციას დაუბრუნა ის მნიშვნელობა, რომელსაც XIX საუკუნის რომანტიკოსი მოჭადრაკეები ანიჭებდნენ. XX საუკუნეში ჭადრაკის თეორიაში დაგროვილი ცოდნა შემოქმედებითად გადამუშავდა. დაიწყო ახალი გზების ძიება. ამავე დროს, ჭადრაკი პოლიტიკის, “ცივი ომის” ერთგვარ იარაღად იქცა _ სსრ კავშირი დასავლეთთან თავისი “უპირატესობის” დემონსტრირებას საკუთარი მოჭადრაკეების წარმატებებით ცდილობდა და მტკივნეულად რეაგირებდა ყოველ წარუმატებლობაზე (რობერტ ფიშერის მიერ საბჭოთა მოჭადრაკეების დამარცხება, ვიქტორ კორჩნოის გაქცევა). XX საუკუნის ბოლოს ჭადრაკის სამყაროში განხეთქილება მოხდა, რაც გამოიწვია უთამხმოებამ მსოფლიოს ჩემპიონებს ანატოლი კარპოვსა და გარი კასპაროვს შორის. ამის გამო ერთიანი მსოფლიო ჩემპიონატი აღარ ტარდება.

ქართველები მეცნიერთა ვარაუდით, ჭადრაკს VII-VIII საუკუნეებში უნდა გასცნობოდნენ. წერილობით წყაროებში ის პირველად იხსენიება XI საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მთარგმნელის გიორგი ათონელის (1009-1065) მიერ გადმოქართულებულ ბასილი დიდის “ექუსთა დღეთაი”-ში. თხზულებაში ვკითხულობთ: “რამეთუ უკეთუ განგიტევნე და დავჰხსნა შესაკრებელი ასე, რომელნიმე ჭადრაგთა მიმართ წარვიდნენ და რომელთამე ტაბლით მღერისა მიისწრაფონ”, რაც ნიშნავს: რომ გაგიშვათ და კრება დავშალო, ზოგი ჭადრაკის და ზოგიც ტაბლის (ე.ი. კამათლის) სათამაშოდ წავაო. როგორც ირკვევა, ბასილი დიდის თხზულებაში ჭადრაკი გიორგი ათონელს ჩაუმატებია. ეს ფაქტი უნდა მიგვანიშნებდეს, რომ იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში ჭადრაკი საკმაოდ გავრცელებული თამაში ყოფილა. ჭადრაკი იხსენიება აგრეთვე მოსე ხონელის (XII ს.) “ამირანდარეჯნიანში”. ავტორი აღწერს ჭაბუკ ფალავანთა ასპარეზობის სურათს და ასახელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულებს. მათ შორის: “მოჭადრაკესა ყველასა ამირ-იამანელი სჯობდა”. 1945 წელს არმაზის არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი ძვლის კამათელი შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ჩვენი წინაპრები იცნობდნენ ჩატურანგას (ჭადრაკის წინამორბედს), რადგან ასეთი კამათელი სწორედ ამ თამაშის დროს გამოიყენებოდა. ჭადრაკის ქართული ტერმინები პირველად გვხვდება მეფე-პოეტის თეიმურაზ II-ის (1700-1762) ლექსში: “ყუმარზე ზმა ლექსად თქმული მეფე თეიმურაზ მეორისგან: განჯაფა, ჭადრაკსა და ნარდსა”. იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ცნობით (1654), სამეგრელოში “ჭადრაკსა და ნარდს ქალები ეტანებიან, ვიდრე კაცები და ისე მარდად და ოსტატურად თამაშობენ, რომ საუცხოო სანახავია”. ქართველები ჭადრაკს მზითვად ატანდნენ, შემონახულია ვახტანგ VI-ის ასულის, თამარის მზითვის წიგნი (1712), სადაც ჭადრაკიც არის მოხსენიებული.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჭადრაკი საქართველოში განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა. პირველი ქართველი მოჭადრაკე, ვინც რუსეთსა და ევროპაში გაიცნეს, ანდრია დადიანი (1850-1910) იყო. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ჭადრაკმა საქართველოში სწრაფი ტემპით იწყო განვითარება. ტრადიციად დამკვიდრდა თბილისის (1926) და საქართველოს (1928) ჩემპიონატების გამართვა. 1930 წელს ვიქტორ გოგლიძემ დაამარცხა მოსკოველი ოსტატი ვლადიმირ ნენაროკოვი და ქართველ მოჭადრაკეთაგან პირველმა მოიპოვა სპორტის ოსტატის წოდება. საქართველო ჩაერთო სსრ კავშირის საჭადრაკო ცხოვრებაში. 1934 წელს თბილისში ჩატარდა ახალგაზრდა ოსტატთა ტურნირი, 1937 წელს კი _ სსრკ ჩემპიონატი. თბილისის ქალთა პირველი ჩემპიონატი 1927 წელს გაიმართა, მაგრამ ქალთა ჭადრაკის აყვავება საქართველოს პირველი ჩემპიონატის (1935) შემდეგ დაიწყო. ასპარეზზე ნონა გაფრინდაშვილის გამოჩენას (1956) დიდი აღმავლობა მოჰყვა. 1962 წელს ნონა ქალთა შორის მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონი გახდა. 70-იან წლებში გამოჩნდნენ ნორჩი იმედისმომცემი მოჭადრაკეები: მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი და ნინო გურიელი. 1978 წელს 17 წლის ჩიბურდანიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა გაფრინდაშვილს. ქართველი ქალები 30 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ მსოფლიოს ჩემპიონის წოდებას. იმ პერიოდში ჭადრაკის დედოფლის გვირგვინს ერთმანეთს ეცილებოდნენ ქართველი დიდოსტატები _ მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი და მაშინ თბილისში მცხოვრები ელენა ახმილოვსკაია. 1963 წლიდან ქართველი მოჭადრაკეები წარმატებით გამოდიოდნენ მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებში (სსრკ ნაკრების შემადგენლობაში). 1992 წლიდან საქართველოს ნაკრებმა სამჯერ მოიპოვა ოლიმპიადის ოქროს მედლები. 1941 წელს თბილისში, რესპუბლიკის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, გაიხსნა ჭადრაკის კაბინეტი. 1947-1966 წლებში მისი გამგე იყო ვახტანგ ქარსელაძე, ვისი აღზრდილებიც არიან მსოფლიოს ჩემპიონები ნონა გაფრინდაშვილი და ტიგრან პეტროსიანი, აგრეთვე ცნობილი მოჭადრაკეები ნანა ალექსანდრია, რომან ჯინჯიხაშვილი, იური ჩიქოვანი და სხვები. სასახლეში წარმატებით მუშაობს სპორტული კლუბი `ნტნ~ (ნონა, ტიგრანი, ნანა). 1970 წელს ვიქტორ გოგლიძის მემორიალში გამარჯვების შემდეგ ბუხუტი გურგენიძე გახდა პირველი ქართველი დიდოსტატი ჭადრაკში. 1973 წელს თბილისში გაიხსნა ჭადრაკის სასახლე. ქართველ მოჭადრაკე კაცთა შორის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ზურაბ აზმაიფარაშვილმა, რომელიც 2003 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საქართველოში 2005 წლისთვის 27 საერთაშორისო დიდოსტატი, მრავალი საერთაშორისო და ეროვნული ოსტატი და ოცამდე დამსახურებული მწვრთნელია. (იხ. ოლიმპიადა საჭადრაკო).

5 კომენტარი სტატიაზე: ჭადრაკი

  1. zuri says:

    kargia magrm is ar aris rasac vedzebdiii

  2. დიდი მადლობა ამ საინტერესო მასალისთვის.

  3. dato says:

    gamarjoba
    mainteresebs rogor mivigo monawileoba Wadrakis chempionatebshi
    daregistrirebuli arsad ar var, vtamashob internetshi (saSualo reitingi 1900-2000)

დატოვეთ კომენტარი