ჯანღა


ჯანღა. სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის მასივი. მთლიანად მოქცეულია ხალდეს მყინვარის აუზში. აერთიანებს სამ მწვერვალს: აღმოსავლეთ (5038 მ), მთავარ (5078 მ) და დასავლეთ (5057 მ) ჯანღას. 1888 წლის 12 სექტემბერს აღმოსავლეთ ჯანღაზე პირველნი ავიდნენ ინგლისელი მთამსვლელები (ჯ. კოკინი, უ. ალმერი, კ. როსი), რომლებმაც რამდენიმე დღით ადრე მთავარი შხარა დალაშქრეს, მოგვიანებით კი _ უშბა და დიხ-თაუ. ყველაზე რთული, 5 B კატეგორიის მარშრუტი (სამხრეთ-დასავლეთი კედელი) პირველად ქართველმა მთამსვლელებმა (გრიშა გულბანი – ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ბერძენიშვილი, ჯოკია გუგავა, სოზარ გუგავა, ილო ყავლაშვილი, სულიკო ხაბეიშვილი) გაკვალეს. მთავარ ჯანღაზე პირველასვლა ასევე უცხოელ მთამსვლელებს ეკუთვნით. 1935 წლის 23 ივლისს ჩრდილო-აღმოსავლეთი თხემით (5 A კატეგორია) მწვერვალზე ავიდნენ რ. შვარცგრუბერი (ჯგუფის ხელმძღვანელი) ვ. მარინი, ფ. პერინგერი და ხ. ტალერი. ხალდეს მყინვარიდან გავლილია მხოლოდ ერთი მარშრუტი. 1965 წელს სსრკ ჩემპიონატის პროგრამით სამხრეთის კედლით მთავარი ჯანღის პიკს მიაღწიეს გივი ქართველიშვილმა (ჯგუფის ხელმძღვანელი), თამაზ ბაქანიძემ, ნუგზარ ბაქრაძემ, ბესიკ ბაქრაძემ, თენგიზ ბერიშვილმა და დიმიტრი შარაშენიძემ. მასივის მწვერვალთა შორის ყველაზე მიუდგომელია დასავლეთი ჯანღა. ჩრდილოეთიდან მისი აღება არ ხერხდება ყინულცვენისა და ზვავსაშიშროების გამო. ხალდეს მყინვარიდან გაკვალულია ორი მარშრუტი (1960 _ ოთარ ხაზარაძე, 1964 _ ი. რეფორმატორსკი).

დატოვეთ კომენტარი