ჯომოლუნგმა


ჯომოლუნგმა (ევერესტი, საგარმატხა). დედამიწის უმაღლესი მწვერვალი (8848 მ). აღმართულია ცენტრალურ ჰიმალაიზე, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე. მის მისადგომებთან მცხოვრები შერპები და ტიბეტელები (მათი გავლენით კი _ ჩინელები, ინდოელები, აზიელების უმრავლესობა და ყოფილი საბჭოელები) მწვერვალს ჯომოლუნგმას ან ჩომოლუნგმას უწოდებენ, ნეპალელები _ საგარმატხას (“ზღვის სახება”, “ცის მბრძანებელი”). სახელი “ჯომოლუნგმა” პირველად 1733 წელს ფრანგ მისიონერთა მიერ პარიზში გამოცემულ რუკებზე გაჩნდა. 1856 წელს დედამიწის უმაღლეს მწვერვალს ბრიტანელებმა ევერესტი დაარქვეს ინდოეთის ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსის, ჯორჯ ევერესტის პატივსაცემად. მანამდე რუკებზე აღნიშნული იყო პიკ-15-ის სახელით, რაც დანარჩენ მწვერვალთა შორის სიმაღლით მის რიგითობას მიანიშნებდა.
ინგლისელები ჯომოლუნგმაზე ასვლას 1893 და 1907 წლებში გეგმავდნენ, მაგრამ პირველად ეს გაცილებით გვიან, 1921 წელს სცადეს და ჩრდილოეთ უნაგირამდე (6895 მ) ავიდნენ. ერთი წლის შემდეგ მათ ჩრდილო-აღმოსავლეთის ქედით 8326 მეტრამდე ააღწიეს. 1924 წელს ინგლისელთა ექსპედიციის წევრები ჯონ მელორი და ენდრიუ ირვინი 8600 მეტრამდე ავიდნენ და უგზოუკვლოდ დაიკარგნენ (მელორის ცხედარს ამ სიმაღლეზე 1999 წლის გაზაფხულზე მიაგნეს). ზოგი მთამსვლელი ვარაუდობს, რომ მელორმა და ირვინმა მწვერვალს მიაღწიეს და დაშვებისას დაიღუპნენ. ჯომოლუნგმაზე პირველამსვლელებად აღიარებულნი არიან ინგლისელთა 1953 წლის ექსპედიციის წევრები, ახალზელანდიელი ედმუნდ ჰილარი და შერპი თენსინგ ნორგეი, რომლებმაც მწვერვალი სამხრეთიდან დაიპყრეს. პირველი ქალი, რომელიც ჯომოლუნგმაზე ავიდა, იყო იაპონელი იუნკო ტაბეი (1975). მას ახლდა შერპი ანგ ცერინგი.
თხუთმეტამდე მარშრუტს შორის კლასიკურად ითვლება ჩრდილოეთისა და სამხრეთისა, ყველაზე რთულია ჩრდილოეთის მიმართულება. 2005 წლამდე ჯომოლუნგმა 2249 კაცმა დალაშქრა, მათგან ნახევარი 2000-2004 წლებში ავიდა. ერთი წლის განმავლობაში 100-ზე მეტი ასვლა პირველად განხორციელდა 1993 წელს, როცა მიზანს 129 კაცმა მიაღწია. ჯომოლუნგმაზე პირველასვლის 50 წლისთავზე დედამიწის უმაღლესი მწვერვალი დალაშქრა 264 კაცმა (ამ მხრივ რეკორდული იყო 2004 წელი _ 330 კაცი). ჯომოლუნგმის ფერდობებზე 2005 წლის პირველ იანვრამდე 186 მთამსვლელი დაიღუპა (უმეტესად კლასიკურ მარშრუტებზე).
საქართველოს მთამსვლელთაგან ჯომოლუნგმაზე ასვლა პირველად სცადა თბილისელმა აკაკი (ხუტა) ხერგიანმა, რომელიც სსრ ნაკრების 1982 წლის ექსპედიციის წევრი იყო (როგორც კინოოპერატორი). ამ ექსპედიციამ მიზანს მიაღწია მანამდე უვალი სამხრეთ-დასავლეთის კედლით, რაც ყველაზე რთულ მარშრუტად ითვლებოდა. ხერგიანი ორჯერ ავიდა 7900 მეტრზე, მაგრამ უამინდობის გამო გზის გაგრძელების უფლება არ მისცეს. საქართველოს პირველი მთამსვლელი, ვინც ჯომოლუნგმაზე ავიდა, იყო თბილისელი რომა გიუტაშვილი. მან მწვერვალი დაიპყრო 1991 წლის 10 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგის ექსპედიციის შემადგენლობაში. ამავე ექსპედიციაში გაერთიანდნენ ყაზახეთის, უკრაინისა და აშშ-ის მთამსვლელები. გიუტაშვილი ჯომოლუნგმაზე ამერიკელ დანიელ მაზურთან ერთად ავიდა.
1999 წლის გაზაფხულზე ჯომოლუნგმაზე მოეწყო პირველი ქართული ექსპედიცია. გია თორთლაძის მეთაურობით 26 მაისს მწვერვალზე ავიდნენ მერაბ ნემსიწვერიძე, ირაკლი უგულავა, ირაკლი ციხისელი და მერაბ ხაბაზი. იმავე გაზაფხულზე (12 მაისი) ჯომოლუნგმაზე ავიდა “მშვიდობიანი კავკასია 99″-ის ოთხკაციანი ჯგუფი: ბენო ქაშაკაშვილი (ხალმძღვანელი), აფი გიგანი, ბიძინა გუჯაბიძე და ლევონ სარქისოვი. სარქისოვი აღმოჩნდა ყველაზე ასაკოვანი ( 60 წლისა და 162 დღის) მათ შორის, ვინც დედამიწის უმაღლესი მწვერვალი დალაშქრა.

დატოვეთ კომენტარი